ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი უკრაინაზე გაკეთებული განცხადების გამო გადადგა


გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შონბახი.
გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შონბახი.

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შონბახი თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ, რაც უკრაინისა და რუსეთის შესახებ სკანდალური განცხადებები გააკეთა.

თანამდებობის დატოვებამდე, მან ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ინდოეთში, თავდაცვის კვლევების ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავდა გერმანიის თავდაცვის უწყების აზრს. გავრცელებული ინფორმაციით, საზღვაო ძალების შეფს თავდაცვის სამინისტრომ განმარტების გაკეთება თავად მოსთხოვა მას შემდეგ, რაც განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. კიევმა ვიცე-ადმირალ შონბახის განცხადებას "მიუღებელი" უწოდა და ბერლინს სარდლის განცხადებების საჯარო უარყოფისკენ მოუწოდა.

„ჩემს მიერ უსაფრთხოებისა და სამხედრო პოლიტიკის შესახებ ინდოეთში გაკეთებული დაუფიქრებელი განცხადებები სულ უფრო მეტ ტვირთად აწვება ჩემს თანამდებობას. გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალებს, ბუნდესვერს და უპირველეს ყოვლისა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მეტი ზიანი რომ ავაცილო თავიდან, ეს ნაბიჯი აუცილებლად მიმაჩნია“, თქვა ვიცე-ადმირალმა გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ.

შონბახმა ინდოეთის თავდაცვის კვლევების ინსტიტუტში ვიზიტის დროს თქვა, რომ „ყირიმი "წავიდა" და ის აღარასოდეს დაბრუნდება, ეს ფაქტია. და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ფაქტობრივი მდგომარეობით და არა ემოციებით“.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არ უნდა მიიღონ, იმიტომ რომ "დონბასი ოკუპირებულია რუსეთის არმიის, თუ როგორც უწოდებენ „სახალხო ლაშქრის“ მიერ. შევხედოთ საქართველოს, რომელიც ნატოში ესწრაფვის გაწევრიანებას. შეესაბამება, თუ არა ის ალიანსის კრიტერიუმებს? კი. გონივრულია, თუ არა მისი ნატოს წევრად მიღება? არა“, თქვა ვიცე-ადმირალმა. მისივე აზრით, ბალტიის სახელმწიფოების შემთხვევაში სხვა სიტუაცია იყო - „ისინი საბჭოთა ოკუპაციამდე დამოუკიდებლები იყვნენ, ხოლო უკრაინა საბჭოთა კავშირში შედიოდა“.

ადმირალმა ასევე თქვა, რომ „სინამდვილეში პუტინს უბრალოდ ჩვენგან პატივისცემის მიღება სურს. ო, ღმერთო, ჩვენ ხომ არაფრად გვიღირს ცოტა პატივისცემის გამოჩენა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უკეთესია, რომ მისთვის მიგვეგო ის პატივისცემა, რასაც იმსახურებს... რუსეთი - ძველი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ჩვენც კი - ინდოეთსა და გერმანიას, რუსეთი გვჭირდება“.

უკრაინის საგარეო უწყებამ „მიუღებელი“ უწოდა გერმანელი სარდლის მიერ ინდოეთში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც „ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, და იმ ძალისხმევას, რაც ევროპაში შექმნილი სიტუაციის დეესკალაციისკენ არის მიმართული.“

XS
SM
MD
LG