რუს მოციგურავე კამილა ვალიევას, რომელიც "რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის" წარმომადგენელია და რომლის გუნდმაც ორშაბათს გუნდურ შეჯიბრში ამერიკასა და იაპონიას მოუგო, აკრძალული ნივთიერების გამოყენებას ედავებიან. მათი დაჯილდოების ცერემონია "სამართლებრივი მიზეზების" გამო გადაიდო.
ვალიევა ორშაბათის ასპარეზობისას შესრულებული ოთხმაგი ნახტომების შემდეგ პირველი ქალი გახდა, რომელმაც ამგვარი ილეთი ოლიმპიადაზე შეასრულა.
რუსი ათლეტები ოლიმპიადაში დროშისა და ეროვნული ჰიმნის წარმოდგენის გარეშე მონაწილეობენ და ისინი არა რუსეთის, არამედ ოფიციალურად "რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის" სახელით ასპარეზობენ.
რუსული მედია ოთხშაბათს წერდა, რომ ვალიევას აკრძალულ ნივთიერებაზე დადებითი პასუხი მოუვიდა. "კომერსანტი" და RBC ნივთიერებასაც ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ტრიმეტაზიდინია, ანგინის სამკურნალოდ გამოსაყენებელი პრეპარატი. თუმცა, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი და რუსი მოციგურავეები ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა რეპორტიორებს უთხრა, რომ ინფორმაციის წყარო მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შეიძლება იყოს და მოსკოვი არ შეუერთდება ამ "ხმაურს" საკუთარ ათლეტებზე, ვალიევას კი მხოლოდ ოქროს მედლების მოპოვებას უსურვებს.