ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოკდაუნისა და ბოიკოტის ფონზე, ჩინეთის ოლიმპიადა დაიწყო


ჩინეთში ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. თუმცა, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, რამდენიმე ქვეყანამ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას და ჩინეთს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბაჩი გამოჩნდნენ.

პეკინი მსოფლიოში პირველი ქალაქი გახდა, სადაც ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიადებს უმასპინძლეს. მაშინ, როდესაც ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი თავს იკავებს, რომ პანდემიის დროს გამართულ მეორე ოლიმპიადას დაესწროს, მსოფლიოს ბევრი ლიდერი პეკინში ჩავიდა. მათ შორისაა ვლადიმირ პუტინი, რომელიც უკვე ჩინეთშია და გახსნის ოფიციალურ ცერემონიამდე, ცალკე შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, რათა მათ უკრაინის საკითხი განეხილათ.

ოლიმპიადა და მისი გახსნის ცერემონია ყოველთვისაა შანსი, რომ მასპინძელმა ქვეყანამ მსოფლიოს წარუდგინოს თავისი კულტურა, ხაზი გაუსვას თვის ადგილს მსოფლიოში და საუკეთესო მხარე წარმოაჩინოს სხვადასხვა ქვეყნების წინაშე. სწორედ ამას ეცდება წელს ჩინეთი ზამთრის ოლიმპიადაზე.

14 წლის წინ, პეკინმა ოლიმპიადის მასპინძლობა გრანდიოზული ფოიერვერკებით, მასიური პიროტექნიკით და შთამბეჭდავი სასცენო დადგმებით აღნიშნა. ასეთი მასშტაბური გახსნა ოლიმპიადას მანამდე არ ახსოვდა. ბევრი თვლის, რომ სწორედ მაშინ განაცხადა ჩინეთმა, თუ რა ადგილის დაკავება სურდა მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში.

ექსპერტები თვლიან, რომ ეს ოლიმპიადა ახლა ჩინეთისთვის საკუთარი ძალისა და როლის დემონსტრაციის და მისი განმტკიცების მორიგი შანსია. თუმცა, ბევრი დასავლური ქვეყანა ოლიმპიური ბრწყინვალებით არ ბრმავდება და კარგად ხედავს, რომ ქვეყანა სულ უფრო ავტორიტარული ხდება, ადამიანის უფლებები კი ხშირად და უხეშად ირღვევა.

XS
SM
MD
LG