ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ჩინეთს აფრთხილებს


ნედ პრაისი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.
ნედ პრაისი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.

შეერთებული შტატები ჩინურ ფირმებს აფრთხილებს, რომ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთისთვის გამზადებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობას, შედეგი მოჰყვება. საუბარია სანქციების ნაწილზე, რომელიც ექსპორტის კონტროლის მიმართულებით იგეგმება.

ამის შესახებ ხუთშაბათს ისაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა. მის განცხადებას წინ უძღოდა ჩინეთის საგარეო უწყების ცნობა, რომლის მიხედვითაც პეკინმა და მოსკოვმა, უკრაინის საკითხის მიმართ, საკუთარი პოზიციები შეათანხმეს.

„ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტების მთელი რიგი, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუ დავინახავთ, რომ უცხოური კომპანიები, მათ შორის ჩინეთში, ყველაფერს აკეთებენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის მოქმედებების გვერდის ავლას, მათი თავიდან აცილების მიზნით“ - განაცხადა ნედ პრაისმა, სახელმწიფო დეპარტამენტში ჩატარებულ ბრიფინგზე.

პასუხად, ჩინეთის საელჩო ვაშინგტონში ამბობს, რომ მათ "შესატყვისი ანგარიშები" უკვე ჩანიშნული აქვთ. თუმცა, იქვე იმასაც აცხადებენ, რომ უკრაინის საკითხთან მიმართებაში "დაძაბულობის შექმნა უკრაინის კრიზისის განმუხტვას ხელს არ უწყობს, არამედ კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას ქმნის რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება".

დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ უკრაინაში ხელახალი შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ მზადაა, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ საქნციებთან ერთად, ექსპორტის კონტროლის ზომები მიიღოს.

რუსეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით პეკინში იმყოფებიან. პეკინის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრებამდე, ვლადიმირ პუტინი ჩინელ კოლეგას, სი ძინ პინს პირისპირ შეხვდა.

XS
SM
MD
LG