ვაშინგტონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო. რიში სუნაკი ამერიკის დედაქალაქში რამდენიმე შეხვედრას გამართავს - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მთავარი შეხვედრა კი დაგეგმილია თეთრ სახლში, სადაც ის ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.
სუნაკისა და ბაიდენის შეხვედრის მთავარი საკითხები ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება იქნება. როგორც დიდი ბრიტანეთი, ასევე - ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის ომის დროს კიევს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი ომი იქნება.
გლობალური უსაფრთხოების საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური საკითხების გადაჭრაც. ევროკავშირის დატოვების შემდეგ, ბრიტანეთი ცდილობს ვაშინგტონთან კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს, რათა უფრო არასტაბილურ გარემოში ფუნქციონირება უკეთ შეძლოს. ამ გარემოს კი კიდევ უფრო ართულებს ჩინეთის გაძლიერება, რუსეთის აგრესია და ხელოვნური ინტელექტის განვითარება.
"ისევე, როგორც ჩვენს სამხედროებს შორის თავსებადობამ მოგვცა უპირატესობა ბრძოლის ველზე ჩვენს მოწინააღმდეგეებთან შედარებით, უფრო დიდი ეკონომიკური თავსებადობა მოგვცემს გადამწყვეტ უპირატესობას მომდევნო ათწლეულებში", - თქვა სუნაკმა ვაშინგტონში ვიზიტამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სუნაკი უკვე იმყოფებოდა ვაშინგტონთან ახლოს, არლინგტონის სასაფლაოზე, სადაც მან უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე 400 000 ადამიანია დაკრძალული.