„ორი დემოკრატია სასტიკი თავდასხმის ქვეშ“  კონგრესში უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ იმსჯელეს  

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. 31 ოქტომბერი, 2023 წელი

მაშინ როცა ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ, უკრაინა კი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს ვაშინგტონს სურს ორივე ქვეყანას დროული, დამატებითი სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს. ბაიდენის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ თუ ამერიკა დროულად არ იმოქმედებს, ეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

“მას შემდეგ, რაც ჩვენ გავწყვიტეთ რუსეთისთვის სამხედრო მიწოდების ტრადიციული საშუალებები, ის [რუსეთი] უფრო და უფრო მიმართავს ირანს დახმარებისთვის. სანაცვლოდ, მოსკოვი ირანს აწვდის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებს, რაც საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას. რუსეთის ირანის მხარდაჭერით გამარჯვება გაამხნევებს როგორც მოსკოვს ასევე თეირანს“, - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დაამატა, რომ პროცესს ჩინეთიც აკვირდება და მნიშვნელოვანია პეკინმა დაინახოს “როგორ პასუხობს ამერიკა გლობალურ გამოწვევებს“.

ასევე ნახეთ: ბაიდენი: "არ დავუშვებთ, „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტების და პუტინის მსგავსი ტირანების გამარჯვებას"

ეროვნული უსაფრთხოებისთვის დაცვის გასაძლიერებლად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან 106 მილიარდი ამერიკული დოლარის გამოყოფას ითხოვს . პაკეტი უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარებას მოიცავს. "არ დავუშვებთ, „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტების და პუტინის მსგავსი ტირანების გამარჯვებას" - თქვა ბაიდენმა, მაშინ როცა კონგრესს დამატებითი თანხების გამოყოფის თხოვნით მიმართა.

31 ოქტომბერს, მოსმენაზე, რომელიც ამ საკითხს ეძღვნებოდა, ამერიკელი სენატორების წინაშე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინი წარდგნენ.

„ორი დემოკრატიული ქვეყანა სასტიკი თავდასხმის ქვეშაა“, - ამბობს სახელმწიფო მდივანი და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ისრაელისა და უკრაინის დახმარების ერთ პაკეტში მოქცევა, რადგან ეს არის “გზავნილი მოწინააღმდეგეებისთვის”, რომლებიც „საფრთხეს უქმნიან მოკავშირეებისა და ჩვენს [ამერიკის] ინტერესებს“.

106 მილიარდი დოლარიდან ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს 61 მილიარდი დოლარი უკრაინის საჭიროებებს მოხმარდეს, 14 მილიარდზე მეტი ისრაელს, 9 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას, ხოლო დანარჩენი ამერიკის სხვა საჭიროებებისთვისაა განსაზღვრული, იქნება ეს საზღვრის დაცვა თუ აზიაში, მზარდი დაძაბულობა პეკინთან.

ასევე ნახეთ:

ბაიდენი: "თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას, ძალაუფლებისა და უკრაინის კონტროლისთვის, ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება"როგორ დაიწყო ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტი?იყო თუ არა სოციალური მედია მოუმზადებელი ტერორისტად გამოცხადებული "ჰამასის" მასალებისთვის? რამდენად მიღწევადია ისრაელის მიზანი გაანადგუროს "ჰამასი" ?

“ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს და ღირებულებებს - არ ვიხევთ უკან. არაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, არც მზარდი სტრატეგიული კონკურენციის პირობებში ინდოეთისა და წყნარ ოკეანეში. არც ტერორიზმისა და მისი სახელმწიფო სპონსორების წინაშე. ამერიკა მარტო არ არის: ჩვენ შევქმენით არაჩვეულებრივი კოალიციები მეგობრებთან, რომლებიც ატარებენ თავიან წილ ტვირთს“, - ამბობს ბლინკენი.

მოსმენა კონგრესში ხმაურის ფონზე დაიწყო. სხდომა რამდენჯერმე შეწყდა, პრო-პალესტინურად განწყობილი ადამიანების პროტესტის გამო. დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმის გამო გამოუყოს დამატებითი დახმარება ისრაელს.

აქციის მონაწილეებს ხელები წითელი საღებავებით ჰქონდათ შეღებილი. Მოსმენის წესების დარღვევის გამო, აქციის მონაწილეთა ნაწილი გააძევეს.

ისრაელი

შეერთებული შტატების როგორც მთავრობა ასევე საკანონმდებლო ორგანო მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს, რომელიც 7 ოქტომბრიდან „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ვაშინგტონში ამბობენ, რომ „ჰამასის“ დამარცხება გარდაუვალია. ამერიკელი ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ „ჰამასს“ როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას პალესტინელ ხალხთან „საერთო არაფერი აქვს”. თუმცა აქვე, მოუწოდებენ პარტნიორ ისრაელს საომარი მოქმედებების დროს მაქსიმალურად უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება.

ასევე ნახეთ: ისრაელი ღაზის სექტორში, ლტოვილთა ბანაკის დაბომბვას ადასტურებს

„ხაზგასმით ვამბობ ამერიკას რკინასავით მტკიცე ვალდებულება აქვს ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. ჰამასი არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და ჩვენ გვაწუხებს პალესტინელთა დაღუპვის ფაქტები. პირადად მე არაერთხელ ვუთხარი ისრაელის ლიდერებს, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა არის როგორც მორალური პასუხისმგებლობა, ასევე სტრატეგიული იმპერატივი. “ჰამასის” მებრძოლები მიზანმიმართულად ბღალავენ ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებას, მაგრამ ჩვენნაირი დემოკრატიები ვიცავთ ომის კანონებს და მშვიდობიან მოქალაქეებს,“- თქვა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.

საკანონმდებლო ორგანოში მოსმენაზე კიდევ ერთხელ გაისმა ირანისადმი გაფრთხილება, არ ჩაერთოს კონფლიქტში. თეთრი სახლის თქმით აღნიშნულს, ვაშინგტონის მხრიდან მტკიცე და ძლიერი პასუხი მოჰყვება.

„მთელს რეგიონში ჩვენ გავაძლიერეთ უსაფრთხოების ზომები. დამატებით განვათავსეთ პატრიოტის სისტემები“- თქვა ლოიდ ოსტინმა.

თავდაცვის მდივნის თქმით, რეგიონის უსაფრთხოებაში მნიშნველოვან როლს თამაშობენ ამერიკული ავიამზიდებიც, რომლებიც რეგიონში ისრაელზე 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ განთავსდნენ. ოსტინი დასძენს, რომ ამერიკა განაგრძობს ვითარების დაკვირვებას და თუ მის ძალებს საფრთხე შეექმნებათ, თეთრი სახლი ამას უპასუხებს.

მდივანმა ოსტინმა თქვა, რომ 14 მილიარდი დოლარი, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან ისრაელისთვის ითხოვს, ისრაელის თავდაცვითი ზომების გაძლიერებას ითვალისწინებს.

„ჩვენ ვაძლიერებთ ისრაელის თავდაცვით შესაძლებლობებს. ჩვენ ვაძლევთ მათ ზუსტ მართვად საბრძოლო მასალას, მცირე დიამეტრის ბომბებს და სხვა აღჭურვილობას. მათ შორის მეტ ამუნიციას „რკინის გუმბათის“ სისტემებისთვის“,- თქვა ოსტინმა.

უკრაინა

კონგრესის მიერ დასამტკიცებელი დახმარების პაკეტის უდიდესი ნაწილი უკრაინისთვისაა განკუთვნილი. „თუ პუტინი იქნება წარმატებული, ის არ გაჩერდება უკრაინაში და გამოწვევებს შეუქმნის ნატოს“,- თქვა ლოიდ ოსტინმა საკუთარ გამოსვლაში. ოსტინი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამერიკელმა კანონმდებლებმა დროულად იმოქმედონ რათა „უკრაინამ განაგრძოს წარმატება ბრძოლის ველზე“.

თავდაცვის მდივანმა კონგრესში არაერთხელ აღნიშნა, რომ პუტინის თითქმის 20 თვიანი ომი უკრაინაში „წარუმატებელია“ რადგან კრემლმა დასახულ ამოცანებს ვერ მიაღწია.

ასევე ნახეთ: უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის ბახმუტში რუსეთის შეტევები მოიგერიოს

„მამაცმა უკრაინელმა მებრძოლებმა, 2022 წლის თებერვლიდან რუსების მიერ დაპყრობილი უკრაინული მიწების ნახევარზე მეტი გაათავისუფლეს... თუ შევხედავთ საიდან დაიწყო ომი და სად არის ახლა ფრონტის ხაზი, ვიტყვი, რომ უკრაინელებმა უდიდესი პროგრესი აჩვენეს... ვითარება რაც ახლა უკრაინაშია ნათლად წარმოაჩენს, რომ ეს არის პუტინის სტრატეგიული მარცხი“, - თქვა მან.

უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერის მომხრეა ამერიკელ კანონმდებელთა დიდი ნაწილი. სხდომაზე სენატორებმა ორივე პარტიიდან ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინაში „პუტინის ომი წარმატებული არ უნდა იყოს“.

„ამერიკის კონგრესის ორპარტიული შემადგენლობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას... ეს უნდა იყოს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ფიქრობენ მიბაძონ რუსეთს - რომ თუ ამას გააკეთებენ წარუმატებლები იქნებიან“,- თქვა ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა პეტი მიურეიმ.

ამერიკელმა კანონმდებლებმა მოსმენის დროს თავდაცვის მდივანს და ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდეს, უკრაინის დახმარების პარალელურად შეერთებული შტატების იარაღის და საბრძოლო მარაგების შევსება იქნას გათვალისწინებული, რათა „ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოება საფრთხეში არ დადგეს“.

ასევე ნახეთ: რუსეთს, ფრონტის ხაზი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადმოაქვს

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოხდეს წარმოების ზრდა და მარაგების შევსება თანამედროვე ამერიკაში წარმოებული იარაღით, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ გამოწვევების წინაშე,“- თქვა სხდომაზე სენატორმა მიურეიმ.

ბაიდენის მიერ მოთხოვნილი ახალი დახმარების ბედი ამ ეტაპზე გაურკვეველია. დემოკრატები უჭერენ მხარს ბაიდენის სტრატეგიას უკრაინის დახმარებისა და ისრაელის მხარდაჭერის გაერთიანების შესახებ, ისევე როგორც ბევრი რესპუბლიკელი როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში. თუმცა, წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელთა ნაწილი ამ გეგმის წინააღმდეგია. ზოგი რესპუბლიკელი, განსაკუთრებით ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებული კანონმდებლები, უკრაინის დახმარების შემცირებას ემხრობიან.