ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს, ფრონტის ხაზი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადმოაქვს


ოჩამჩირე, პორტი
Google
ოჩამჩირე, პორტი Google

შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას, ობიექტურად წარმოადგენს. სწორედ აქ, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ოჩამჩირეში, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიიდან 15 კილომეტრში, რუსეთი ახალი სამხედრო ბაზის განთავსებისთვის ემზადება.

„აფხაზეთის საგარეო პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკასთან კოორდინირებული იქნება“,- ასეთი განცხადება გააკეთა ასლან ბჟანიამ, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენელმა, რომელიც 3 და 4 ოქტომბერს ჯერ ლავროვს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ კი პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. მან უხვი მადლობები გადაიხადა რუსეთის მიმართ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ფსოუდან ენგურამდე რუსეთის გაკეთებულია მთელი ინფრასტრუქტურა - დაწყებული გზებით, დასრულებული თეატრებით. მან განაცხადა იმის თაობაზეც, რომ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო სამხედრო ბაზა აშენდება და აფხაზეთი ამას მხარს უჭერს.

Ochamchire, Abkhazia, Georgia
Ochamchire, Abkhazia, Georgia

რუსული სამხედრო ბაზა, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა აშენდეს. ამის წინააღმდეგ, საპროტესტო რეზოლუცია საქართველოს პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - თეონა აქუბარდიამ, ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა დაარეგისტრირეს და მომავალი კვირის ორშაბათიდან მას ბიუროს სხდომაზე გაიტანენ, თუმცა მანამდე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გიორგი ვოლსკიმ უკვე დააფიქსირა, რომ მას მხარს არ დაუჭერენ. ვოლსკი რუსული ბაზის წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციას უწოდებს „ოპოზიციის პროვოკაციას“. მისივე თქმით, ამით ოპოზიცია, რომელიც არაფერს წარმოადგენს, ცდილობს „წამოკნავლებას“ და ჩვენებას იმისა, „თითქოს, რაღაცას წარმოადგენენ“.

თეონა აქუბარდია, პარლამენტის წევრი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:13 0:00

„ადრეც ვთქვი და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან სულ მცირე არის პროვოკაციის მცდელობა მუდმივად, რომ რაღაცას წარმოადგენენ ეს პოლიტიკური სუბიექტები და ადამიანები იმ დიდ პოლიტიკაში, იმ ურთულეს სიტუაციაში, რაც დღეს საქართველოს შეუქმნა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ და არამარტო ოკუპაციამ. ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები არ არის ადეკვატური და მინდა ერთიც გაგახსენოთ -2009 წელს რუსეთის ფედერაციამ მყარად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა უნდა ააშენოს, რასაც მრავალი წელი სჭირდება, დაწყებული ზღვის სიღრმის უზრუნველყოფიდან, ინფრასტრუქტურით დამთავრებული და მას მერე ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ იქნა შემჩნეული,"- ამბობს ვოლსკი.

ამ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 სექტემბერს, აფხაზეთში უკვე იდგა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი „ციკლონი“.

„წამოკნავლება რა არის იცით? წამოკნავლებაა ის, რასაც ახლა „ოცნება“ აკეთებს, ნაცვლად იმისა, რომ ისე იმუშაონ, როგორც მაია სანდუ მუშაობს და ცდილობს დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მიაღწიოს. ან როგორც ფაშინიანი მუშაობს, თუნდაც, რომელსაც სურს, გეოპოლიტიკური ტყვეობიდან სოხეთი დაიხსნას. ამ დროს საქართველოს ხელისუფლება 40-ჯერ ზრდის რუსეთის ფედერაციასთან ფრენების რაოდენობას,“- გვეუბნება კახა ქემოკლიძე, „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ყოფილი უფროსი.

რონდელის ფონდის მიერ წარმოდგენილი კვლევით, „ოჩამჩირის პორტი ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე მოქვსა და ჯუყმურს შორის ხელოვნურად შექმნილ ყურეში მდებარეობს. ამჟამინდელი მონაცემებით, პორტის სიღრმე 9 მეტრამდეა გაზრდილი და მას ჯამში 10 საპატრულო გემის (პორტში 10-მდე „სობოლისა“ და „მანგუსტის“ კლასის სანაპირო დაცვის გემი/კატერი დგას) მიღება შეუძლია სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ბაქანზე. პორტის ჩრდილოეთ ნაწილში ასევე განლაგებულია ნავსადგომი შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც შესაძლებელია გემების ტვირთით შევსება ან შეკეთება. ამავე სატვირთო პლატფორმას უკავშირდება სარკინიგზო ლიანდაგიც. აღსანიშნავია, რომ პორტის განვითარება და ინფრასტრუქტურის აღჭურვა 2009 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ობიექტი რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ გადავიდა.“

რონდელის ფონდის მკვლევარი შოთა უტიაშვილი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რომ რუსეთს პორტი სჭირდება იმისთვის, რათა უკრაინული რაკეტებისა და დრონებისგან დაიცვას საკუთარი სამხედრო გემები. „პატარა პორტია, როგორც ჩანს, აქვს სამი ნავმისადგომი და არის გემ-სარემონტო შესაძლებლობების გარეშე. ამ წუთისთვის იქ დიდი სამხედრო ნაწილის განთავსება შეუძლებელია. მაგრამ თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ იქ ნავმისადგომი ააშენოს, ამას გააკეთებს. ჩემთვის გაურკვეველია, რატომ უნდა აწყობდეს ეს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას და რატომ უნდა იყოს თანახმა დამატებით, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე. გასაკვირია საქართველოს ხელისუფლების რეაქციაც, რომელიც შემოიფარგლა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებით. პარლამენტში არ გამოხატეს მზადყოფნა საპროტესტო რეზოლუციის მხარდაჭერაზე. ეს უარყოფითი მესიჯია დასავლეთისთვისაც. თუ საქართველო თავად არ რეაგირებს საკუთარ პრობლემებზე, სხვა ვის უნდა მოეთხოვოს რეაგირება?“- გვეუბნება შოთა უტიაშვილი.

„რუსეთმა არა მხოლოდ გააძლიერა ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესები, არამედ, დამატებით, მილიტარიზაციას ახდენს იმით, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის საზღვაო პორტში უნდა განათავსოს სამხედრო ბაზა, რაც არის საფრთხის მომტანი არა მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია, პარლამენტის წევრი. მისი აზრით, საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციისთვის ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენება დამაზიანებელია.

„თუ შევხედავთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტს, რომელიც ისედაც არა და არ აშენდა, ცხადია, რომ დასავლელი ინვესტორები მოერიდებიან ინვესტიციის ჩადებას მასში და მხოლოდ ჩინეთი იგრძნობს თავს თამამად ამ მიმართულებით. ასევე, უსაფრთხოების კომპონენტი დამატებით დაბრკოლებად შემოდის შავ ზღვაში კაბელის განთავსების საკითხზე, რომელიც აზერბაიჯანიდან, საქართველოს და შავი ზღვის გავლით, რუმინეთამდე უნდა მივიდეს. შესაძლოა, კითხვის ნიშნები გაჩნდეს პროექტთან მიმართებით, თუ მის სიახლოვეს რუსული სამხედრო ბაზა იქნება განთავსებული,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია.

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ყოფილი უფროსი, კახა ქემოკლიძე „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების სიჩუმე, რუსეთის თავხედურ ნაბიჯებთან მიმრთებით, ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. „ოჩამჩირედან, დაახლოებით 5-6 კილომეტრის რადიუსში, ფაქტობრივად, ოკუპაციის ხაზთან, ფიჩორში რუსეთის დავდაცვის ძალებმა დაიწყეს რადიო-ელექტრონული საშუალებების მონტაჟი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უკვე განიხილავენ, რომ ოჩამჩირე ხდება ლიგიტიმური სამიზნე უკრაინისთვის და ცდილობენ, თავისი პოტენციური ფლოტილია დაიცვან. ამონტაჟებენ სარადარო სისტემას და ინფრასტურულად ისე აკეთებენ ამას, რომ არ იყონ ხელმისაწვდომი ახლო რადიუსში საბრძოლო დრონებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზი რუსეთს გადმოაქვს ენგურის ხიდიდან უახლოეს 15-17 კილომეტრში“,- გვეუბნება კახა ქემოკლიძე და სვამს კითხვას: „რას უნდა აკეთებდეს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება?“

9 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა - „არა, საჭიროებას არ ვხედავთ მხარი დავუჭიროთ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ბაზის განთავსების წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციას, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის, პარლამენტის რეზოლუციებით, სამთავრობო პროგრამის და ზოგადად იმ პოლიტიკის მიხედვით, რაც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გვაქვს, ასევე იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, მკაფიოა და ამ გეგმას და პოლიტიკას მივყვებით“.

შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:54 0:00

იმ დროს როდესაც სევასტოპოლისა და ნოვოროსიისკის რუსულ ბაზებს უკვე სწვდება უკრაინული შეიარაღება, რუსეთისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ოჩამჩირის პორტი, სადაც მას შეუძლია საბრძოლო ხომალდები უსაფრთხოდ განათავსოს, - გვეუბნება შოთა უტიაშვილი. „ჩვენ ვნახეთ, რა მოუვიდა სევასტოპოლის პორტში განთავსებულ წყალქვეშა ნავს და დიდ სადესანტო გემს. არ უნდა გამოგვრჩეს წყალქვეშა დრონების საკითხიც, რითაც ნოვოროსიისკში განთავსებულ რუსულ გემებს მიაყენეს ზიანი უკრაინელებმა. ამდენად, რუსეთი ოჩამჩირეში უფრო დაცულად გრძნობს თავს.

ოჩამჩირიდან ანაკლიამდე არის სულ 35 კილომეტრი. ეს ფაქტორი, ცხადია ხელს შეუშლის ანაკლიაში პორტის მშენებლობის საკითხს,“- გვეუბნება შოთა უტიაშვილი. მისი თქმით, ბაზის განთავსებით ოჩამჩირეში, რუსეთი, ფაქტობრივად, ომში რთავს მის მიერ აღიარებულ სახელმწიფოს.

აფხაზეთის დე-ფაქტო პოლიტიკური ელიტა მოწყვლადია, რუსეთზე ფინანსური დამოკიდებულებიდან გამომდინარე. მათი ბიუჯეტის 48 პროცენტი რუსეთიდან ტრანზაქციებზე მოდის, - გვეუბნება კახა ქემოკლიძე. „რუსეთის გარეშე იქ პენსიებს ვერ დაარიგებენ და ვერც ხელფასს აიღებენ დე-ფაქტო სამთავრობო უწყებებში დასაქმებული ადამიანები. ამიტომ რუსეთი, რასაც გადაწყვეტს ოჩამჩირესთან დაკავშირებით, კიდეც განახორციელებს. ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტილიის გადმოტანა არის ათჯერ უფრო მსვილკალიბრიანი საკითხი, ვიდრე, თუნდაც, ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა, რადგან სამხედრო სტრატეგიას ეხება. ამით რუსეთისთვის საოპერაციო გეგმა იცვლება. ამ გადაწყვეტილებაზე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ვერანაირი ზეგავლენის შესაძლებლობა ვერ ექნებოდა. თუმცა დუმს ისიც, ვისაც აქვს ხელში საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობის შესაძლებლობა - საქართველოს ხელისუფლება,“- ამბობს კახა ქემოკლიძე.

Ochamchire, Georgia
Ochamchire, Georgia

„გასაგებია, რომ საქართველოსთვის მშვიდობა მნიშვნელოვანია, მაგრამ უკვე აღარ ჰქვია მშვიდობა იმას, რომ რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ბაზის აშენებას აპირებს, რითაც მონაწილეობას მიიღებს ომში უკრაინასთან, - ამბობს შოთა უტიაშვილი.

გარკვეული წრეები, დე-ფაქტო აფხაზეთში, რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას საფრთხედ მიიჩნევენ, დე-ფაქტო ხელისუფლებისგან განსხვავებით. ბჟანიამ, თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებასაც შეუქო „პრაგმატიზმი“ რუსულ მედიასთან ინტერვიუში. კითხვაზე „უსაფრთხოების საკითხების შესახებ, საქართველოს მხრიდან და რამდენად არის სტაბილურობა „საზღვრებზე“, ბჟანიამ განაცხადა, რომ პრემიერი ღარიბაშვილი (განსხვავებით პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან) და მისი მთავრობა - პრაგმატული ხალხია და ახლა ისეთი პრობლემები აღარაა, როგორიც იყო ადრე, თუმცა, მისივე თქმით, დისონანსი აქ აშშ-ს სამხედრო ძალებს შემოაქვთ, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე დაზვერვას აწარმოებენ.

XS
SM
MD
LG