ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სასტიკი ფსიქოლოგიური პროპაგანდა" - ნეთანიაჰუ "ჰამასს" მძევლების ვიდეოზე პასუხობს


ISRAEL-PALESTINIANS/HOSTAGES
ISRAEL-PALESTINIANS/HOSTAGES

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ "ჰამასის" მიერ გავრცელებულ ვიდეოს "სასტიკი ფსიქოლოგიური პროპაგანდა" უწოდა. დაჯგუფებამ, რომელიც ამერიკას "ტერორისტულ ორგანიზაციად" ჰყავს გამოცხადებული, ორშაბათს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც 7 ოქტომბერს გატაცებული 3 მძევალია გადაღებული.

ნაჩვენები სამი ქალი ნეთანიაჰუს თქმით, იელენა ტრუპანობი, დანიელ ალონი და რიმონ კირშტი არიან. ისინი კედლის პირდაპირ სხედან, ალონი კი პრემიერ-მინისტრს მიმართავს და აკრიტიკებს.

ის ნეთანიაჰუს ადანაშაულებს, რომ მან "ჰამასის" თავდასხმისას ისრაელის მოქალაქეების დაცვა ვერ შეძლო და ვერც მძევლების შინ დაბრუნებას ახერხებს. მან პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, რომ უზრუნველყოოს შეთანხმების მიღწევა და მძევლების გათავისუფლება პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ.

"თქვენ ჩვენ, ყველანი უნდა გაგეთავისუფლებინეთ, თქვენ ამის პირობა დადეთ. მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ვართ თქვენი პოლიტიკური, უშიშროების, სამხედრო და დიპლომატიური მარცხი,"- ამბობს მძევალი ქალი ვიდეო-მიმართვაში.

ნეთანიაჰუმ გაიმეორა პირობა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს მათ შინ დასაბრუნებლად: "ჰამასი" ომის დანაშაულებს სჩადის, გატაცებულებო მე თქვენთან ვარ, ჩვენი გულები თქვენთან და სხვა მძევლებთანაა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყვველა მძევალი და დაკარგული შინ დავაბრუნოთ", - თქვა პრემიერმა.

ალონის მამა, რამოს ალონი ამბობს, რომ შვილის ვიდეოში გამოჩენა ერთი მხრივ შოკისმომგვრელი იყო, მეორე მხრივ კი - შვების, რადგან გაიგო, რომ ის ცოცხალია. "დღემდე მის შესახებ დანამდვილებით არაფერი ვიცოდით", - უთხრა მან ჟურნალისტებს თელ-ავივში.

ალონისთან ერთად დატყვევებულია მათი ოჯახის კიდევ ხუთი წევრი მათ შორის 3 წლის ტყუპი ბავშვები.

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 239 ადამიანია
"ჰამასის" ტყვეობაში. 7 ოქტომბრის თავდასხმას "ჰამასის" მხრიდან სულ მცირე 1400 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, ისრაელის სამხედრო ოპერაციას "ჰამასის" წინააღმდეგ ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით 8 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG