ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მსოფლიოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს და მისი დანერგვა სხვადასხვა სფეროში აქტიურად მიმდინარეობს, შესაძლოა ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდეს. სწორედ ამიტომ ქვეყნების ნაწილი აქტიურად მუშაობს სფეროს რეგულირებისთვის.
უსაფრთხოების რისკებზე საუბრობენ ვაშინგტონში. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სფეროს რეგულირებისთვის მკაცრი ნაბიჯები გადაიდგას.
რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს დამატებითი რეგულაციები დააწესოს ბაზარზე და ამისთვის აღმასრულებელი ბრძანების გამოცემა იგეგმება. არსებობს მოლოდინი, რომ ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში თეთრი სახლი ახალ პოლიტიკას მალე გაასაჯაროებს.
წინასწარი ინფორმაციით, აღმასრულებელი ბრძალება დაავალდებულებს ამა თუ იმ კომპანიას, რომელიც მუშაობს ხელოვნურ ინტელექტზე, სანამ მისი გაშვება საჯარო სივრცეში მოხდება, უსაფრთხოების ტესტირების პასუხები ამერიკის მთავრობის შესაბამის უწყებებს გადასცეს.
ბაიდენის ადმინისტრაციის სურვილია, მოხდეს ამა თუ იმ პლატფორმის სხვადასხვა მიმართულებით შესწავლა, რათა, ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და კიბერუსაფრთხოების რისკების შემცირება მოხდეს.
ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ეს იქნება ყველაზე ახალი და მკაცრი ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის გამოჩენის შემდეგ. ამჟამად ბაზარზე სამი დიდი პლატფორმა ოპერირებს ამ მიმართულებით, რომლებიც უსაფრთხოების მხრივ ნებაყოფლობით ვალდებულებებს ასრულებენ. არსებობს მოლოდინი რომ თეთრი სახლის ახალი დოკუმენტი ამ პრაქტიკას დაასრულებს, რაც ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, სფეროს უფრო უსაფრთხოს გახდის.
Facebook Forum