ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ევროკავშირს აქტივების ჩამორთმევით ემუქრება, თუ ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს


ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. მისი თქმით, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. საკითხის განხილვა დასავლეთის ქვეყნებში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ევროკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის გაყინული რუსული აქტივების ღირებულება 211 მილიარდი ევროა. წევრი ქვეყნები ფიქრობენ, რომ ეს თანხები უკრაინის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარდეს.

ევროკავშირის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, მოსკოვი ამბობს, რომ „პასუხი სიმეტრიული იქნება“. ვლადიმირ პუტინის მთავარი მოკავშირე და რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ მოსკოვი ევროკავშირს აქტივებს ჩამოართმევს.

„ამგვარ გადაწყვეტილებას დასჭირდება რუსეთის ფედერაციის სიმეტრიული პასუხი. ამ შემთხვევაში არამეგობრულ ქვეყნებს გაცილების მეტი აქტივი ჩამოერთმევათ, ვიდრე ევროპაში ჩვენი გაყინული აქტივებია“, - ამბობს ვოლოდინი და არ აკონკრეტებს რა სახის აქტივების გაყინვა და ჩამორთმევა შეუძლია რუსეთს ევროკავშირისთვის.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ამ ნაბიჯით „სამსახურის შესანარჩუნებას“ ცდილობენ, რაც გამოწვეულია რთული ფინანსური მდგომარეობით.

ვოლოდინს მიაჩნია, რომ ევროკავშირი რუსული აქტივებით გეგმავს, „კიევის მილიტარიზაციის“ გაგრძელებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG