რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ დასავლეთს უკრაინაში კონფლიქტის გაფართოება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართულებით სურს. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია შოიგუს მიერ პეკინში გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით წერს.
თავდაცვის ფორუმზე, რომელიც ჩინეთის უდიდესი სამხედრო დიპლომატიური ღონისძიებაა, შოიგუმ თქვა, რომ ნატო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალების რაოდენობას ზრდის, თუმცა ამას დიალოგის სურვილით ნიღბავს.
სააგენტო "ტასის" ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები რეგიონში იარაღით კონკურენციის წახალისებას ცდილობენ, საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას ზრდიან და სამხედრო წვრთნებსაც უფრო ხშირად ატარებენ.
სერგეი შოიგუმ ფორუმის მონაწილეებს უთხრა, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები ტოკიოსა და სეულთან სარაკეტო გაშვებებების შესახებ ინფორმაციას გაცვლის რუსეთისა და ჩინეთის შესაკავებლად. მან ასევე დაადანაშაულა ვაშინგტონი იმაში, რომ ის კლიმატის ცვლილებასა და ბუნებრივ კატასტროფებს "ჰუმანიტარული ჩარევის" საბაბად იყენებს. მან ამეერიკა-ავსტრალიის და ამერიკა-ავსტრალია-ინდოეთ-იაპონიის პარტნიორობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის როლს და რეგიონში ბირთვულ განიარაღებას ძირს უთხრის.
ამასთან, შოიგუმ განმარტა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოცდის თაობაზე საერთაშორისო შეთანხმების რატიფიკაციის გაუქმება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს შეთანხმება გაუქმდა და რომ რუსეთი არ შეცვლის ბირთვული იარაღის გამოცდისთვის დაწესებულ ლიმიტებს. მან კვლავ გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრების პოზიციები, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელილ იყო შეერთებულ შტატებთან პოზიციების გასათანაბრებლად. ამერიკას ამ შეთანხმების რატიფიკაცია არ მოუხდენია. შოიგუ ამტკიცებს, რომ აუცილებელია ყველა ბირთვულ ძალას და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, რომლებსაც მსოფლიოში მშვიდობაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, თანაბარი ურთიერთობა ჰქონდეს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მოსკოვი მზადაა დასავლეთთან "თანაარსებობისთვის" და უკრაინის "კონფლიქტის შემდგომ მოწყობაზე" სასაუბროდ, მაგრამ ამისთვის დასავლეთის ქვეყნებმა "რუსეთის სტრატეგიული დამარცხების მცდელობა" უნდა შეწყვიტონ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 20 თვეზე მეტი გავიდა, მოსკოვი ომს კვლავ კონფლიქტად მოიხსენიებს, მის საომარ მოქმედებებს კი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად".