ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აძლიერებს


რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო იერიშები განაახლა. დრონებითა და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. უკრაინის შეიარაღებული ძალები და რეგიონების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ დონეცკში, ხერსონში, ბერისლავში, სუმისა და ოდესის რეგიონებში, რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უტევდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსულმა ძალებმა, დრონები და მართვადი რაკეტები გამოიყენა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, იჰორ კლიმენკომ "ტელეგრამზე" დაწერა, რომ ხერსონისა და ბერისლავის რეგიონების სოფლებში 14 რაკეტა ჩამოვარდა. დაშავვდა ერთი ადამიანი. შეიარაღებული ძალების სამხრეთის დანაყოფებში კი იუწყებიან, რომ ოდესის პორტის მიმართულებით თავდასხმა 9 რუსულმა დრონმა სცადა, თუმცა ისინი უკრაინის თავდაცვის ძლებმა ჩამოაგდო. ერთ-ერთის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია, თუმცა ის მალევე ჩააქრეს.

სულ, გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონების 14 იერიში მოიგერიეს, მათ შორის, 13 ირანული წარმოების "შაჰედი" იყო. ამავე ინფორმაციით, რუსეთმა ასევე გამოიყენა Kh-59 ფრთოსანი რაკეტაც, რომელიც უკრაინულმა თავდაცვამ გაანადგურა.

დონეცკის რეგიონში კი, გასული 24 საათის განმავლობაში, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხარკივის რეგიონში, ფოსტის გამანაწილებელ შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას, 6 ადამიანის სიცოცლე ემსხვერპლა, 17 კი დაიჭრა. რეგიონის გუბერნატორი ოლეჰ სინიეჰუბოვი ამბობს, რომ ეს ცენტრი სოფელ კოროტიჩში იყო განლაგებული, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივის შემოგარენში.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ასეთ თავდასხმებს უპასუხოდ არ დატოვებს: "ჩვენ რუსული ტერორის ყველა დემონსტრირებას ვუპასუხებთ. მათ შორის, ამ აფეთქებასაც."

საჰაერო იერიშების მიღმა, სახმეელეთო შეტაკებები გრძელდება აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში, ქალაქ ავდიივკის მიმართულებით. ის ოკუპირებული ქალაქ დონეცკიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ავდიივკაში ომამდე 30 000 ადამიანი ცხოვრობდა, ამ დროისთვის დაუზუსტებელი ცნობებით, ქალაქში 1 600-მდე მცხოვრები რჩება. ქალაქში უკრაინული ძალების სამხედრო მეთაურები ამბობენ, რომ მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული პრობლემები მწვავდება და რთულდება როგორც ევაკუაცია, ისე დახმარების შეტანა. მათი თქმით, მიზეზი რუსული ძალების მიერ, ქალაქის მიმდებარე გზებს გამუდმებული დაბომბვაა.

"ლოგისტიკა ძალიან რთულია. ქალაქამდე მისასვლელი გზის 22 კმ გამუდმებული ცეცხლის ქვეშაა, დღისითაც და ღამითაც", - უთხრა ქალაქის სამხედრო შენაერთის მეთაურმა, ვიტალი ბარაბაშმა "რადიო თავისუფლებას". "ეს ართულებს ევაკუაციასაც და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან. მთელი ეს ლოგისტიკა ერთ გზაზეა დამოკიდებული და რა თქმა უნდა, მტერი მას გამუდმებით ბომბავს", - განმარტა მან.

XS
SM
MD
LG