ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა საქართველოც ახსენა დსთ-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას


ვლადიმირ პუტინი დსთ-ს სამიტზე. 13 ოქტომბერი, 2023 წ.
ვლადიმირ პუტინი დსთ-ს სამიტზე. 13 ოქტომბერი, 2023 წ.

ბიშკეკში დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ ფორმატში თანამშრომლობის სირთულეებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ურთიერთობები რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მიმდინარებს და ამ კონტექსტში ახსენა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.

„ზოგი ქვეყანა, რომელიც დღეს დსთ-ს შემადგენლობაში ჯერ ისევ ირიცხება, არ მუშაობს ამ ფორმატში. მაგრამ რა მინდოდა მეთქვა: საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობით, გადაეწყვიტა ზოგიერთი შიდა პრობლემა ძალისა და სამხრეთ ოსეთზე შეტევით. აქედან დაიწყო ყველაფერი - და შედეგებით, რომლებიც ამ ავანტიურამ წარმოშვა. ოდესღაც უკრაინამ დსთ-ს ფუნდამენტურ დოკუმენტებს მოაწერა ხელი, მაგრამ, სინამდვილეში, სრულ ფორმატს არ მიერთებია. უკრაინას ხომ არ მოუხდენია ამ დოკუმენტების რატიფიკაცია. არ ყოფილა რატიფიკაცია. იმთავითვე, არსებითად, თავს არიდებდა სრულმასშტაბიან თანამშრომლობას.

მაგრამ ისეთი ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, ის, პრაქტიკულად, კარგავს თავის იდენტობას. ამ ქვეყნის ელიტები, საერთოდაც, ფიქრობენ, რომ არც მოლდოველები არიან - ისინი თავს რუმინელებს უწოდებენ. მაგრამ ეს მათი არჩევანია, ქვეყნის იდენტობის სრულად დაკარგვა, ეს მოლდოვის დღევანდელი ხელმძღვანელობის არჩევანია. მაგრამ გავიმეორებ, რომ მათ სურთ ასე, ვერავინ შეუშლის ამას ხელს, გარდა თავად მოლდოველებისა, თუ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც თავს მოლდოველებად მიიჩნევენ, - განაცხადა პუტინმა (ციტატა კრემლის ვებსაიტიდან).

დსთ-ს სამიტში არ მონაწილეობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა არაერთი ალტერნატიული კავშირის იდეა წამოაყენა და ყოფილი „მოძმე რესპუბლიკების“ ერთად თავმოყრა არაერთ ფორმატში სცადა. 1991 წელს რუსეთის ინიციატივით შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ, რუსულად - СНГ).

საქართველო დსთ-ს წევრი 1993 წელს გახდა. ქვეყანამ ორგანიზაცია 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა. 2018 წელს დსთ დატოვა უკრაინამაც. მოლდოვას ამ მიმართულებით მუშაობა აქვს დაწყებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG