19 მაისიდან, რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა ორმხრივად აღდგება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ ფრენის უფლება უკვე მისცა, იმის, მიუხედავად, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) რუსეთისთვის 2022 წლიდან „წითელი დროშა“ აქვს მინიჭებული.
ICAO-ს ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ფრენების უსაფრთხოება საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესებამება ანუ რუსული ლაინერებით ფრენა უსაფრთხო არ არის. ICAO-ს 187 ქვეყნიდან „წითელი დროშა“ ამჟამად, მხოლოდ რუსეთს, ბუტანს და ლიბერიას აქვთ აწეული.
„მთავარი მაჩვენებელი, თუ რა მდგომარეობაშია რუსული ავიაცია სწორედ ეს არის - ICAO-ს „წითელი დროშა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ირაკლი ნასიძემ, ექსპერტმა ავიაციის საკითხებში, რომელსაც დუბაიში დავუკავშირით.
მთავარი მაჩვენებელი თუ რა მდგომარეობაშია რუსული ავიაცია ეს არის ICAO-ს „წითელი დროშა“
ნასიძის თქმით, წითელი დროშა ICAO-ს გადმოსახედიდან ნიშნავს რომ მთელი რუსული საავიაციო ინდუსტრია, დღეისათვის უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მათ შორის ავიაკომპანიები, აეროპორტები, სანავიგაციო სისტემები, ტექნიკური მომსახურების სამსახურები.
„დღეისათვის ICAO-ს „წითელი დროშა“ აქვს სულ სამ ქვეყანას და აქედან გამომდინარე შეიძლება დაასკვნათ, რა დონეზე უჭირთ დღეს, რუსულ ავიაკომპანიებს და მთლიანად ინდუსტრიას. მე არ ვიცი ნამდვილად, რა დოკუმენტაცია იქნა წარმოდგენილი ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ, რომელიც აპირებს საქართველოში ფრენებს.
საინტერესოა ეს რუსული ავიაკომპანიები რომელი დაზღვევით სარგებლობენ ?!
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება არის დაზღვევა. ძალიან საინტერესოა ეს რუსული ავიაკომპანიები რომელი დაზღვევით სარგებლობენ ? ეს არის ერთ-ერთ სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც უნდა იქნეს წარდგენილი ფრენების ნებართვის მისაღებად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ავიაკომპანიას საერთაშორისო დაზღვევა ვერ ექნება“ - ამბობს ირაკლი ნასიძე.
საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ICAO-ს მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებს და რუსული ავიაკომპანიისთვის ფრენების უფლების მინიჭაბამდე, ყველა იმ ქვეყნის (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა.შ) გამოცდილება შეისწავლა, რომელთანაც რუსეთს ორმხრივი ავიამიმოსვლა არ შეუწყვეტია.
ჩვენ ყველა იმ ბორტს, რომლებიც ICAO-ს მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საშუალებას მივცემთ, რომ განაახლონ ფრენებილევან დავითაშვილი, ეკონიმიკის მინისტრი
„ჩვენი გადაწყვეტილებები თანხვედრაში უნდა იყოს ICAO-ს მოთხოვნებთან და აქედან გამომდინარე, ბორტები, რომლებსაც წვდომა არ აქვთ ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ შეკეთებასა და სერვისზე, მომსახურებაზე, რა თქმა უნდა, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ.
ჩვენ ყველა იმ კომპანიას და იმ ბორტს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საშუალებას მივცემთ, რომ განაახლონ ფრენები“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც ICAO-ს „წითელი დროშა“ არც კი ახსენა.
საქართველოს მთავრობას სულ 5 დღე დასჭირდა რომ რუსეთთან ფრენების აღდგენაზე თანხმობა გაეცა. პუტინმა საქართველოსთან ფრენების შეწყვეტის შესახებ მისივე 2019 წლის ბრძანებულება 10 მაისს გააუქმა, იმავე დღეს მოხსნა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც 2000 წლიდან ცალმხრივად მოქმედებდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ ფრენის უფლება უკვე 15 მაისს მისცა. ფრენების უფლებას საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კიდევ რამდენიმე რუსული ავიაკომპანია ითხოვს.
Tav Georgia-მ, რომელიც არის თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი მოულოდნელად, ისე რომ მიზეზები არ აუხსნია, რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტის“ ლაინერების მიწისზედა მომსახურებაზე (Ground Handling-ზე) უარი განაცხადა.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ Tav Georgia-ს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სანქციების შიშით მიეღო. იგივე თურქეთში, ამერიკული სანქციების შიშით, 2023 წლის მარტში, რუსული ავია ხომალდების მიწისზედა მომსახურებაზე, მათ შორის საწვავით, უარი თქვეს, მიწისზედა მომსახურების დიდმა ოპერატორებმა Havas-მა და Turkish Ground Services-მა (TGS). ამის გამო, რუსეთის ავიახომალდები მცირე ოპერატორების სერვისით სარგებლობენ ან საწვავის შესავსებად, სოჭის აეროპორტში ჯდებიან.
Tav Georgia-ს გადაწყვეტილების პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ მიწისზედა მომსახურებას რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს აეროპორტებში, 2023 წლის აპრილის ბოლოს დაფუძნებული - Aero Handling Georgia გაუწევს.
ეს შეიძლება იყოს სანქციების გამო, მეორე არის რომ TAV-ს უბრალოდ არ უნდა შეხება ჰქონდეს, ისეთ რუსულ თვითმფრინავთან, როგორიც არის Sukhoiირაკლი ნასიძე, ექსპერტი ავიაციის საკითხებში
ამ უცნობი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოში პუტინის პროპაგანდისტის ვალერი კვარაცხელიას შვილია. კვარაცხელია "ჯორჯიან ეარვეიზის" ყოფილ გენდირექტორთან რომან ბოკერიასთან ერთად, ჩართული იყო რუსეთთან ფრენების აღდგენის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობდა.
Aero Handling Georgia-ის მეორე დამფუძნებელი სწორედ ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეიზის“ ერთ-ერთი მეწილე დავით წივწივაძეა. „ჯორჯიან ეარვეიზმა“ რუსეთში ფრენების უფლება უკვე მიიღო და საზოგადოების მძაფრი კრიტიკის მიუხედავად, რეგულარულ ავიამიმოსვლას მაინც იწყებს.
“Tav Georgia არის Tav-ის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ არის ძალიან დიდი ფრანგული საერთაშორისო ADP ჯგუფის შემადგენელი კომპანია. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ არ უნდათ შეხება ჰქონდეთ ასეთ ავიაკომპანიასთან. ეს შეიძლება იყოს სანქციების გამოც, მეორე არის რომ მათ უბრალოდ არ უნდათ შეხება ჰქონდეთ, ისეთ რუსულ თვითმფრინავთან, როგორიც არის Sukhoi, მათი გაუმართაობის ან პოტენციური რისკების გამო” - ამბობს ავიაციის ექსპერტი ირაკლი ნასიძე.
მისი თქმით, ის, რომ ორ დღეში შეიქმნა რაღაც კომპანია, რომელიც მიწისზემოთ მოემსახურება რუსულ ავიაკომპანიას, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა ეს არის სრულიად პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის გამართლებაც არ უსაფრთხოების, არც რეგულაციების კუთხით არ შეიძლება. არავის ვურჩევდი რუსული თვითმფრინავებით ფრენას, იმიტომ, რომ ეს უსაფრთხო არ არის“
„მიწისზედა მომსახურება ავიაკომპანიებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი, ასეთი კომპანიები ორ დღეში არ იქმნება. ასეთ კომპანიებს სჭირდებათ სერთიფიცირება, საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება. დიდი ინვესტიციაა საჭირო რომ შეიძინო ის მასალები, რითაც უნდა მოემსახურო ავიახომალდებს.
ბოლოს, სპეციალისტები გჭირდება, რომლებიც უნდა გადაამზადო რომ მათ თვითმფრინავთან მუშაობა შეძლონ. ეს არის თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის გამართლებაც არც უსაფრთხოების, არც რეგულაციების კუთხით არ შეიძლება. არავის ვურჩევდი რუსული ავიაკომპანიებით და განსაკუთრებით ასეთი თვითმფრინავებით ფრენას, იმიტომ, რომ ეს უსაფრთხო არ არის“ - მიაჩნია ირაკლი ნასიძეს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „აზიმუტს“ ფრენის უფლება 15 მაისს მისცა იმის მიუხედავად, რომ რუსულ ავიაკომპანიას საკუთარ ვებ-გვერდზე, "აფხაზეთი" და "სამხრეთ ოსეთი" დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული ანუ წლების მანძილზე, არღვევდა საქართველოს კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ.
საქართველოში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, „აზიმუტმა“ „აფხაზეთი“ და „სამხრეთ ოსეთი“ რეგისტრაციის ჩამონათვალიდან ამოიღო. მოგვიანებით, ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს „აზიმუტიდან“ მისწერეს, რომ მათ „სამხრეთ ოსეთის“ ნაცვლად, რეგისტრაციის გავლისას საქართველო უნდა მიეთითებინათ, რასაც რუსეთის დუმაში ცხინვალელი და აფხაზი სეპარატისტების ლობისტების აღშფოთება მოჰყვა. ამის შემდეგ, „აზიმუტმა“ რეგისტრაციის გრაფიდან ქვეყნების ჩამონათვალი საერთოდ ამოიღო.
როგორ მოიქცევიან სხვა რუსული ავიაკომპანიები, რომლებსაც საქართველოში ფრენა სურთ, ჯერჯერობით უცნობია. „ამერიკის ხმამ“ გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ „აფხაზეთი“ და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ ქვეყნებად, საკუთარ ვებ-გვერდებზე, რეგისტარციის და მოქალაქეობის გრაფაში, რუსული ავიაკომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მითითებული.
„აფხაზეთი“ და „ცხინვალი“ დამოუკიდებელ ქვეყნებად რუსული ავიაკომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მითითებული
მათ შორის: რუსული ავიაციის ფლაგმანს -„აეროფლოტს“, საქართველოში ფრენის მსურველ ავიაკომპანიებს - S7 Airlines, „ურალის ავიახაზებს“, Smartavia,, „ირკუტსკის ავიახაზებს“, Redwings და Nodrstar-ს.
ასევე: პობედას, იამალს, Azur Air, Rus Line, Nordwind, სევერსტალ ავიას, Utair, ხაბაროვსკ ავიას, პოლარულ ავიახაზებს, კომი ავიატრანს, კრასავიას, ალროსას, ანგარას, UVT Aero, Sila-ს და სხვებს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება მიესალმა, რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ გადაწყვეტილებას ვებ-გვერდიდან წაეშალა „აფხაზეთი“ და „სამხრეთ ოსეთი“. ჰიბრიდული ომის სპეციალისტი დავით ძიძიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ამით ოფიციალურმა თბილისმა, ქართულ საზოგადოებაში თავად შეუწყო ხელი, ყალბი რუსული ნარატივის გაძლიერებას, რომ „საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით გამორიცხული არაფერია..”, თითქოს, ოკუპანტი რუსეთი „ტერიტორიებს დაგვიბრუნებს“.
„ბოლო 11 წელია რუსეთის ხელისუფლების რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად ქვეყანასთან მიმართებაში იცვლებოდა, იმის და მიხედვით, როგორ იქცეოდა საქართველოს ხელისუფლება. დღეს საქართველოს ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საიმისოდ რომ ფრენები აღმდგარიყო, ჩვენ ხომ არ დაგვიშვია ფრენები? რუსებმა შეწყიტეს ფრენები ცალმხრივად და ცალმხრივადვე აღადგინეს“ - ამბობს დავით ძიძიშვილი.
მისი თქმით, „თუკი დავაკვირდებით პროცესებს, რომელიც ვითარდებოდა 2012 წლიდან, ცალსახაა, რომ რუსეთის ხელისუფლება მყისიერად რეაგირებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებზე. რაც უფრო მეტად შორდება საქართველოს ხელისუფლება თავისი მოქმედებებით დასავლეთს, რაც უფრო ხშირად ამბობს რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს, მით უფრო ლოიალური და ლმობიერი ხდება ხოლმე რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
რაც უფრო მეტად შორდება საქართველოს ხელისუფლება თავისი მოქმედებებით დასავლეთს, რაც უფრო ხშირად ამბობს რომ დასავლეთს თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურს, მით უფრო ლოიალური და ლმობიერი ხდება ხოლმე რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ბუნებრივია ეს არის პროცესი, რომელიც პირდაპირ გადაჯაჭვულია ჰიბრიდული ომის პროცესთან, ეს ომი თავის თავში მოიაზრებს იმასაც, რომ საჭირო დროს, პოლიტიკურად სწორი ნაბიჯები გადადგა, იმისთვის, რომ საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოდავით ძიძიშვილი, ჰიბრიდული ომის სპეციალისტი
ბუნებრივია ეს არის პროცესი, რომელიც პირდაპირ გადაჯაჭვულია ჰიბრიდული ომის პროცესთან, ეს ომი თავის თავში მოიაზრებს იმასაც, რომ საჭირო დროს, პოლიტიკურად სწორი ნაბიჯები გადადგა, იმისთვის, რომ საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიო.
თუკი, შენ რუსეთი ხარ და შენი ამოცანაა, რომ საქართველო არ გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი და დაშორდეს დასავლეთს, მაშინ, რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგავ, რომ საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, დასავლეთშიც აღქმა გაჩნდეს, როგორც საქართველო შენი მოკავშირეა, მით უფრო შორს იქნება საქართველო დასავლეთისგან.
განსაკუთრებით ამ პერიოდში, როცა სამყარო ორ ნაწილად იყოფა, ერთი ნაწილი ეს არის დასავლეთის მხარეს მდგომი საზოგადოება, რომელიც უკრაინასთან ერთად დგას და მეორეს მხრივ დგას რუსეთი, რომელსაც სულ რამდენიმე მოკავშირე დარჩა მსოფლიოში. ამ მოკავშირეების რიგში თუ ჩაეწერები, აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, შენით ჩაეწერები თუ რუსეთი ჩაგწერს ამ სიაში.
ხშირად ისმის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია, ეს რუსეთის პროვოკაციაა...რატომ არ აქვს, რუსეთს იგივე დამოკიდებულება მაგალითად პოლონეთთან მიმართებაში? ან მოლდოვასთან მიმართებაში რატომ არ აკეთებს რუსეთი იგივეს?
იმიტომ, რომ იმ სახელწიფოს ხელმძღვანელები ძალიან მკაცრად და კრიტიკულად რეაგირებენ მსგავს ქმედებებზე. მათ შორის დარწმუნებული ვარ, იგივე მოლდოვაში, იქაური მარეგულირებელი ასეთ ვითარებაში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, არ მისცემდა არცერთ რუსულ ავიაკომპანიას და არც მოლდოვურს, რომ ფრენები აღედგინათ“ - მიაჩნია ჰიბრიდული ომის სპეციალისტ დავით ძიძიშვილს.
რუსეთი მართლაც ცდილობდა 2022 წლის შემოდგომაზე მოლდოვასთან საავიაციო მიმოსვლის აღდგენას, რომელიც მოლდოვას გადაწყვეტილებით, უკრაინის ომის დაწყებისთანავე შეწყდა. სექტემბერში, „ეარ მოლდოვას“ პრორუსმა მეპატრონეებმა განცხადებაც კი გაავრცელეს, რომ მოსკოვთან მოლაპარებას მიაღწიეს და რუსეთში პირდაპირ ფრენებს იწყებენ.
თუმცა, მოლდოვის საავიაციო მარეგულირებელმა არც „ეარ მოლდოვას“ და არც რუსულ ავიაკომპანიებს ფრენის აღდგენის უფლება არ მისცა. 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული რუსეთსა და მოლდოვას შორის ფრენებს უცხოური ავიაკომპანიები ახორციელებენ, ერევნისა და სტამბულის გავლით.
„ვწუხვართ საქართველოს გადაწყვეტილების გამო, განაახლოს ფრენები რუსეთში და რუსეთიდან…უკრაინაში უკანონო ომის გამო ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაუწესეს სანქციები რუსეთის საავიაციო სექტორს. ჩვენ და პარტნიორები არ ვუშვებთ ფრენებს რუსეთიდან ან რუსეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია” - ასეთი განცხადებით გამოეხმაურა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი პიტერ სტანო. მანამდე, ანალოგიური განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც გაკეთდა.
ოპოზიციური პარტიები აპირებენ, რუსული ავაიკომპანია "აზიმუტის" პირველ რეისს რუსეთიდან საქართველოში, თბილისის აეროპორტში პროტესტით დახვდნენ