გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა, უკრაინის ზაპორიჟიაზე, რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. რეგიონული ხელისუფლების ცნობით, რუსულ რაკეტათაგან ერთ-ერთი, საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად, დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რუსული თავდასხმა დაგმო და თქვა - „რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს.“
რეგიონის გუბერნატორმა, იური მალაშკომ „რადიო თავისუფლების უკრაინულ სერვისს განუცხადა, რომ საცხოვრებელ კორპუსზე S-300 ტიპის საზენიტო რაკეტის დარტყმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, სამი კი დაიჭრა.
აფეთქებამ გაანადგურა საცხოვრებელი კორპუსის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები, ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, ევაკუირებულია 50-მდე მოსახლე.
„ეს არის ტერორისტული თავდასხმები ქალაქზე, ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ კორპუსზე - ჩვეულებრივ ხუთსართულიან შენობაზე. განადგურდა რვა ბინა. არიან დაჭრილები და დაღუპულები. შესაძლოა, ხალხი ნანგრევების ქვეშ იყოს. ახლა გადაუდებელი სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს“, - დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს, სამართლიანი პასუხისმგებლობა დაეკისროს. რუსული ტერირი უნდა დამარცხდეს“, - წერს ზელენსკი.
რეგიონის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ, სარაკეტო დარტყმები, მკაფიო სამხედრო მიზნების გარეშე განხორციელდა. „ბოლოს და ბოლოს, არც კრიტიკული ინფრასტრუქტურა, არც სამხედრო ობიექტები, ახლოს არ არის. ეს არის ქალაქის ცენტრი, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ. გაუგებარია, კონკრეტულად ამ სახლს რატომ დაარტყეს“, - აცხადებს გუბერნატორი.
გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინაზე განხორციელებულ რუსული ძალების დარტყმებს, კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა, - ერთი ხერსონში, მეორე კი -დნიპროში.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,რუსულ სარაკეტო დარტყმებს, კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონ დონეცკში.
ხარკივის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კიდევ ერთი მამაკაცი მაშინ დაიღუპა, როცა ტრაქტორით, რუსეთის მიერ დანაღმულ ტერიტორიაზე გაიარა.
უკრაინა მუდმივად საუბრობს, რუსეთის მიერ, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვასა და სამოქალაქო პირების სამიზნეში ამოღებაზე. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი სამიზნე, სამოქალაქო პირები და ობიექტები არ არის.
ამ ფონზე, მოსკოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონში, უკრაინული დრონების თავდასხმები მოიგერია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა ძალებმა, 28 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, როცა ისინი თავს დაესხა კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებს, ასევე, ოკუპირებულ ყირიმს.
17 ოქტომბერს ზელენსკიმ თქვა, რომ ღამით თავდასხმების დროს, უკრაინამ ამერიკული წარმოების ტაქტიკური სარაკეტო სისტემა გამოიყენა, რომელიც ცნობილია როგორც ATACMS. უკრაინის სამხედროების თქმით, სისტემამ გაანადგურა ცხრა რუსული სამხედრო ვერტმფრენი, საბრძოლო მასალის საცავი და საჰაერო თავდაცვის სისტემა.