16 ოქტომბერი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მე-600 დღეა. რუსეთმა, ამ დღესაც, უკრაინას რაკეტებით, დრონებით, საარტილერიო ცეცხლითა და საჰაერო იერიშებით შეუტია. უკრაინის შეიარაღებული ძალები ამბობს, რომ მოსკოვმა 10 რაკეტა ისროლა და 12 კამიკაძე დრონი გამოიყენა.
საჰაერო ძალების ცნობით, მათ უკრაინის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ნასროლი ორი რაკეტის და 11 დრონის ჩამოგდება შეძლეს. "სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაშავებული სამოქალაქო პირები", - განაცხადეს უკრაინის სამხედრო უწყებაში, თუმცა რიცხვები არ დაუკონკრეტებიათ.
ფილიპ პრონინი, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონ პოლტავის გუბერნატორი ამბობს, რომ დრონებისა და სარაკეტო იერიშის შედეგად, სამი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. "საბედნიეროდ, კრიტიკული მნიშვნელობის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა, თუმცა რაკეტების ფრაგმენტებმა რამდენიმე კერძო სახლი დააზიანა".
რუსეთმა, საარტილერიო იერიში ასევე განახორციელა ზაპორიჟიის რეგიონზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი შენობა და ერთი ასაკოვანი ქალი დაშავდა.
რუსული დრონები დააფიქსირეს, პოლტოვის გარდა, კიროვოჰრადისა და ხმელნიცკის რეგიონებშიც. ამ თავდასხმების კონკრეტულ ზიანსა და შედეგებზე კიევი ოფიციალურ ინფორმაციას არ აქვეყნებს.
ბოლო დღეებში, ბრძოლა განსაკუთრაბით მწვავეა დონეცკის რეგიონის ქალაქ ავდიივკის ირგვლივ. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მათ მტრის 15 იერიში მოიგერიეს. მათივე თქმით, ისინი სამხრეთსა და აღმოსავლეთში, რუსი სამხედროების მანევრებისგან თავს იცავენ. კონტრიერიშის უმთავრეს მიმართულებად კი კვლავ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი მელიტოპოლი რჩება, ზაპორიჟიის რეგიონში.