ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიფამ ესპანელ ლუის რუბიალესს სამწლიანი აკრძალვა დაუწესა


ორშაბათს ფიფამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ლუის რუბიალესს სამი წლით აუკრძალა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. ამის მიზეზი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მომხდარი ინციდენტია, რომლის დროსაც მან ქალ ათლეტს ძალით აკოცა ტუჩებში თასის გადაცემის ცერემონიაზე.

ფიფამ დისციპლინური კომიტეტის მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენის დეტალები არ გაასაჯაროვა. განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა ნათქვამია, რომ კომიტეტის წევრებმა გამოიძიეს ბრალდებები "ღირსეული ქცევის ძირითად წესებთან" და "ისეთ ქცევასთან დაკავშირებით, რომელიც სპორტს ფეხბურთს და/ან ფიფას რეპუტაციას ზიანს აყენებს".

რუბიალესის წინააღმდეგ ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება ესპანეთში ფეხბურთელ ჯენი ჰერმოსოსთვის ტუჩებში კოცნის გამო. ინციდენტი 20 აგვისტოს ავსტრალიაში მოხდა, როდესაც გუნდმა სიდნეიში ინგლისის წინააღმდეგ 1-0 გაიმარჯვა. რუბიალესმა უარყო დანაშაული, თუმცა მადრიდში მოსამართლემ, მას შემაკავებელი ორდერი დაუწესა და ფეხბურთელთან მიახლოება აუკრძალა.

რუბიალესმა თანამდებობა სექტემბერში დატოვა. სამი კვირის განმავლობაში მასზე იზრდებოდა ზეწოლა ესპანეთის მთავრობისა და ეროვნული ნაკრების მოთამაშეების მხრიდან.

"ფიფას მიერ ჩემი საქმიანობის სწრაფი შეჩერების და ჩემს წინააღმდეგ აღძრული დანარჩენი საქმეების შემდეგ, ცხადია, რომ მე ვერ დავბრუნდები პოსტზე", - თქვა რუბიალესმა 10 სექტემბერს, როდესაც საბოლოოდ დათმო ფედერაციის თავმჯდომარეობა. ამ თანამდებობას ის 2018 წლიდან იკავებდა.

რუბიალესს ასევე მოუწია უარი ეთქვა ევროპის საფეხბურთო ორგანოს უეფას ვიცე-პრეზიდენტობაზე, რომელშიც ის ყოველწლიურად 250,000 ევროს (265,000 აშშ დოლარს) იღებდა. მოგვიანებით, უეფამ განცხადებაში მადლობა გადაუხადა რუბიალესს გაწეული სამსახურისთვის.

XS
SM
MD
LG