ჩაძირავს თუ არა „თრედი“ „ტვიტერს“

თითქმის ერთი კვირაა რაც მსოფლიოში ახალი სოციალური ქსელი „თრედი“ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სოციალური ქსელი სულ რამდენიმე დღის შექმნილია, მან უკვე მოიპოვა დიდი პოპულარობა. კომპანია „მეტაში“ ამბობენ, რომ ამ დროისათვის პლატფორმაზე 100 მილიონზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. აქამდე საუკეთესო შედეგი, ყველაზე სწრაფად მზარდი პლატფორმის „ჩატჯიპიტის“ ჰქონდა, რომელმაც ორი თვის განმავლობაში 100 მილიონი თვიური მომხმარებელი დააგროვა.

„მეტას“ მფლობელი მარკ ზაკერბერგი ამბობს, რომ შედეგი რომელიც ახალმა სოციალურმა ქსელმა დადო, რეკლამის გარეშეა მიღწეული. „ჩვენ არც კი გაგვიკეთებია მისი რეკლამირება. არ მჯერა, რომ ეს მხოლოდ 5 დღის შედეგია“, - ამბობს "ფეისბუქის" დამფუძნებელი.

ამ ფონზე, ციფრული მომსახურების გლობალური კომპანია „ქლაუდფეარის“ აღმასრულებელი დირექტორი მეთიუ პრინცი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „ტვიტერის“ მოხმარება 5%-ით შემცირდა, გასული წლის მონაცემთან შედარებით კი 11%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ მან "ტვიტერზე" განაცხადა.

არც „ტვიტერს" და არც „მეტას“ „ქლაუდფეარის“ მონაცემებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამ დრომდე „მეტას“ ახალი პროდუქტი არ მუშაობს ევროპაში, სადაც მარეგულირებელი ამბობს, რომ სწავლობენ არის თუ არა შესაბამისობაში ახალი პლატფორმა ევროკავშირში მოქმედ რეგულაციებთან. როცა შემოწმება დასრულდება, არის მოლოდინი, რომ „თრედის“ გამომწერთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„თრედის“ შესახებ საკუთარი შეხედულება პირველივე საათებში დააფიქსირა "ტვიტერმაც", სადაც მიაჩნიათ, რომ ახალი სოციალური ქსელი “ტვიტერის“ კოპირებული ვარიანტია. კომპანია „მეტამ“ „ტვიტერის“ იურისტებისგან შესაბამისი წერილი პირველივე დღეს მიიღო. არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში კი კომპანიებს შორის სასამართლო პროცესი გაიმართოს.

"კონკურენცია კარგია, გადაწერა არა", - ასე გამოეხმაურა "ტვიტერის" მფლობელი მილიარდერი ელონ მასკი "თრედის" გამოჩენას. კომპანია "მეტასა" და მის აღმასრულებელ დირექტორს მარკ ზაკერბერგს კი სასამართლო დავის დაწყებით დაემუქრა.

„მეტა“ 2021 წლის 28 ოქტომბერს შეიქმნა. მანამდე ის „ფეისბუქის“ სახელით იყო ცნობილი. ახლა კომპანია „მეტა“ ამ რამდენიმე სხვადასხვა პლატფორმას აერთიანებს, მათ შორისაა, „ფეიქბუქი“, „ინსტაგრამი“, „თრედი“, „ვოთსაფი“ და ა.შ. 2021 წლის ოქტომბერში ასევე შეიქმნა „მეტავერსი“ და მისი ციფრული სამყარო.( ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ).

Your browser doesn’t support HTML5

ახალი შვედური წყალქვეშა გემი "გოტლანდ ეი26“

„ტვიტერს“ ამ დროისთვის 250 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და კომპანია ელონ მასკმა გასულ წელს 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. მასკმა მალევე თანამშრომლების შემცირება დაიწყო და გადახედა სხვადასხვა წესებს, რამაც პლატფორმის მიმართ ნეგატიური განწყობები გააჩინა.

„თრედის“ რეიტინგი აპლიკაციების მაღაზიაში, ეგრეთწოდებულ, „ეპ სტორში“ ამ დროისათვის 5-დან 4 ვარსკვლავით არის შეფასებულის 16 000 ადამიანის მიერ.