შეიარაღებული ამბოხის მცდელობასა და ღალატში დადანაშაულების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი "ვაგნერის" ჯგუფის ლიდერს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ კრმლის პრს-სპიკერი ადასტურებს.
დმიტრი პესკოვის თქმით, პრიგოჟინთან შეხვედრა 29 ივნისს გაიმართა, ჩაშლილი ამბოხიდან 5 დღის შემდეგ. ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით, პუტინის თითქმის 25-წლიანი მმართველობის პერიოდში, ეს ამბოხი ძალაუფლებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი და გამოწვევა იყო.
ამბოხთან და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია. თუმცა მთავარი შეკითხვა, რასაც ექსპერტები სვამენ, ისაა, თუ რატომ არ ასრულებს პრიგოჟინი შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებებს და რატომ არ რჩება ბელარუსში. ამასთან, უცნობია როგორი იქნება მისი და მისი მებრძოლების სამომავვლო გეგმები.
ის, რომ ვლადიმირ პუტინი "ვაგნერის" ხელმძღვანელს და მის საბრძოლო მეთაურებს პირისპირ შეხვდა მას შემდეგ, რაც ისინი ღალატში და "ზურგში დანის ჩარტმაში" დაადანაშაულა და მათი ქმედებები რევოლუციასაც კი შეადარა, კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.
პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ მოწვეულ პირებთან ეს შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა და მას 35 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, პრიგოჟინი და მისი საველე მეთაურები.
"ერთადერთი, რაც შეგვიძლია გითხრათ ისაა, რომ პრეზიდენტმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფრონტზე კომპანიის ქმედებები და 24 ივნისის მოვლენები შეაფასა", - განაცხადა პესკოვმა და თქვა, რომ პრეზიდენტმა ასევე მოისმინა საველე მეთაურების ახსნა-განმარტებები, თუ რა მოხდა და მათ ბრძოლისა და სამხედრო სამსახურის სამომავლო პერსპექტივებიც შესთავაზა. პესკოვი ამბობს, რომ "ვაგნერის" მეთაურებმა ამ შეხვვედრაზე ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს თავიანთი ერთგულება.
"მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ისინი არიან მტკიცე მხარდამჭერები და სახელმწიფოსა და უმაღლესი მთავარსარდლის ჯარისკაცები, მათ ასევე თქვეს, რომ მზად არიან სამშობლოსთვის ბრძოლა განაგრძონ", - განმარტა პესკოვმა.
ამ მოვლენების პარალელურად, მედიასთან ამბოხის შემდეგ პირველად გამოჩნდა ვალერი გერასიმოვი, რუსეთის გაერთიანებული შტაბების მეთაური. ევგენი პრიგოჟინი სწორედ თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებულ შტაბს ადანაშაულებდა იმაში, რომ ისინი ჯერ განზრახ უშლიდნენ ხელს "ვაგნერის" მებრძოლებს უკრაინაში წარმატების მიღწევაში, შემდეგ კი პირდაპირი იერიში მიიტანეს მათზე.
თავდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ, კვირასაა გადაღებული, გერასიმოვი მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს უკრაინის საჰაერო ძალების ობიექტების განადგურების ბრძანებას აძლევს. "ვაგნერის" ლიდერებთან გამართული შეხვედრის პარალელურად, ამ ვიდეოს გავრცელება მიუთითებს იმაზეც, რომ ვლადიმირ პუტინმა პოსტებზე დატოვა შოიგუც და გერასიმოვიც, რომელთა წინააღმდეგაც პრიგოჟინმა გაილაშქრა. ვიდეო მასალაში საინტერესოა ისიც, რომ გერასიმოვი ანგარიშს იბარებს საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილისგან, ვიკტორ აფზალოვისგან და არა უშუალოდ მეთაურ - გენერალ სერგეი სუროვიკინისგან. სუროვიკინის ბედი ბოლო დროს ბევრი განხილვის საგანი გახდა. ის შეიარაღებული ამბოხის შემდეგ არ გამოჩენილა და არსებობს ეჭვები, რომ ის დააკავეს, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.