ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსადრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ვაგნერის დაჯგუფების ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი, ათასობით მებრძოლთან ერთად კვლავ რუსეთშია. ლუკაშენკომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ვლადიმირ პუტინი პრიგოჟინის მოკვლას გეგმავს.
ლუკაშენკო პრიგოჟინსა და პუტინს შორის მოლაპარაკებებში იყო ჩართული მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა რუსეთში სამხედრო გადატრიალება სცადა და პუტინი თავისი 23-წლიანი მმართველობის პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. შეთანხმების თანახმად, პრიგოჟინი ბელარუსში უნდა გადასულიყო, ხოლო პუტინი მის წინააღმდეგ საქმეს შეაჩერებდა.
თუმცა, ამ შეთანხმების შესახებ გაჩენილი შეკითხვების პასუხად, ლუკაშენკომ თქვა, რომ პრიგოჟინი და მისი მებრძოლები ჯერ ისევ რუსეთში არიან და შესძლოა ბელარუსში არც გადავიდნენ.
ლუკაშენკო ამბობს, რომ მისი შეთავაზება პრიგოჟინის ბელარუსში გადასვლის შესახებ კვლავ ძალაშია და სურვილის შემთხვევაში ის ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელს უმასპინძლებს. ბელარუსის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ უახლოეს მომავალში ამ თემაზე პუტინთან საუბარს აპირებს.
"ის ბელარუსის ტერიტორიაზე არაა. პეტერბურგშია... შესაძლოა დღეს დილას მოსკოვში წასულიყო",- თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო ამბობს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები პრიგოჟინს ახლოდან აკვირდებიან. ხოლო შეკითხვაზე, სურს თუ არა პუტინს ლუკაშენკოს მოკვლა, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ კრემლში არიან ადამიანები, ვისაც ეს სურთ, თუმცა ამ შემთხვევაში ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყება.
ლუკაშენკო ამბობს, რომ პუტინი პრიგოჟინის სიკვდილს არ დაუშვებს. მისივე თქმით, ვაგნერის მებროლები თავიანთ ბანაკში არიან, რომელიც რუსეთის სამხრეთში, კრასნოდართან ახლოს მდებარეობს.