თურქული ლირა ანტირეკორდების მოხსნას აგრძელებს 

გასული კვირების შემდეგ თურქული ლირა კიდევ 7 პროცენტით დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა. ერთი ამერიკული დოლარი დღეს 15 ლირას შეადგენს. თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის ახალი სარისკო ეკონომიკური პოლიტიკა იყოს, რაც ქვეყნის ცენტრალურ ბანკს სწრაფი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.

გასულ კვირებში ეროვნული ვალუტის ვარდნის შესამცირებლად, თურქეთის ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე ინვესტიცია განახორციელა, რამაც მყისიერი შედეგი იქონია და ლირა შედარებით გამყარდა. თუმცა მიზანი, რომ კურსი შენარჩუნებულიყო ვერ შესრულდა.

ეროვნული ბანკის მიზანს წარმოადგენდა, რომ ერთი ამერიკული დოლარი 14 ლირას არ გასცდენოდა, თუმცა დღეს ეს მაჩვენებელი უკვე 15 დოლარს შეადგენს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ინფლაციას ზრდის განვითარებად საბაზრო ეკონომიკაში, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული.

ასევე ნახეთ: ერდოღანის თურქეთის ბუნდოვანი მომავალი

რთული ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე ოფიციალურმა ანკარამ ეკონომიკური გუნდის შესხვედრა ჩანიშნა. ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს სამომავლო ნაბიჯები, რომელსაც თურქეთის მთავრობა რთული ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლისთვის გადადგამს.

ეკონომიკური დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გასულ კვირას თურქეთის ეროვნული ბანკის ინვესტიციები შეცდომა იყო და უახლოეს პერიოდში მსგავსი ნაბიჯების გადადგმა წარუმატებელი იქნება.