ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანის თურქეთის ბუნდოვანი მომავალი


ოპონენტების დევნა, პოლიტიკური პატიმრები, თავისუფალი პრესის საქმიანობაში ჩარევა, სასამართლო სისტემის კონტროლის მცდელობა, საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულებების უგულვებელყოფა, ამერიკისა და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხების უგულვებელყოფა - ეს შეფასებები ივლისის ბოლოს, ამერიკის სენატში თურქეთის მიასამართით გაკეთდა. სხდომაზე, სადაც ამერიკა-თურქეთის ურთიერთობები განიხილებოდა, რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები ამბობდნენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ერდოღანის მთავრობის მიმართ ქმედითი და მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას.

სხდომაზე ყველაზე კრიტიკული სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი იყო, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან თურქეთის მიმართ მკაცრ ნაბიჯებს, მათ შორის, სანქციებს ითხოვდა.

„ერდოღანი იმყოფებოდა ოკუპირებულ კვიპროსში და ზღვისპირა ქალაქ ვაროშას განვითარების გეგმა გამოაცხადა. გასულ ზაფხულს ერდოღანმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანულ თავდასხმებს ეთნიკური სომხების წინააღმდეგ ყარაბაღში, მან ასევე ხელი შეუწყო სირიიდან მებრძოლების გასვლას აზერბაიჯანის მხარეს საბრძოლველად. ამ ქმედებებს არ მოჰყოლია ტრამპის ადმინისტრაციისგან რეაქცია ან სანქცია. ეს მიუღებელია,“ - ამბობს დემოკრატი სენატორი.

მენენდესმა სხდომის მიმდინარეობისას არაერთხელ აღნიშნა, რომ „ერდოღანის თურქეთს ბუნდოვანი მომავალი აქვს“.

თურქეთი, რომელიც ნატოს წევრი სახელმწიფოა და შტატების პარტნიორი, ამერიკელი სენატორების აზრით, ღალატობს დემოკრატიულ სტანდარტებს, საფრთხეს უქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლელ პარტნიორებს. თუმცა, როგორც სხდომაზე ითქვა, გარკვეულ საკითხებში თურქეთი ამერიკის ღირებულ პარტნიორად რჩება.

მოსმენაზე ამერიკის სენატში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იყო განხილული, მათ შორის, რეგიონში არსებული ვითარება, თურქეთ-რუსეთის სამხედრო შესყიდვები, თურქეთში არსებული რთული შიდაპოლიტიკა, კვიპროსის თემა და ყარაბაღში არსებული ვითარება.

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები:

დავიწყოთ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებით, რომელიც, როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა თქვა, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაღრმავდა და განვითარდა. სენატორები კი ამბობენ, რომ ერდოღანსა და პუნტინს შორის გაფორმებული სამხედრო შესყიდვები ამერიკის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა.

„წინა ადმინისტრაციის პერიოდში, თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ეს პროცესი სირიაში დაიწყო და გაფართოვდა სხვადასხვა სფეროებზე,“ - თქვა ვიქტორია ნულანდმა.

საუბარი ეხება რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის, S-400-ების შესყიდვას, რომელიც ერდოღანმა პუტინთან შეხვედრების შემდეგ 2017 წელს 2,5 მილიარდ დოლარად შეისყიდა. შეძენილი რუსული საჰაერო თავდაცვითი სისტემების ნაწილი თურქეთმა 2020 წელს მიიღო. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მეორე ნაწილი თურქეთმა 2021 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

„მე ვაფასებ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ შესანიშნავ შრომას ნატოსთან მტკიცე კავშირების აღდგენის მხრივ. ეს არის მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსი და ამერიკის უსაფრთხოების აბსოლუტურად აუცილებელი საყრდენი. მაგრამ როდესაც თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა ყიდულობს რუსულ S-400-ებს და შემდეგ საჰაერო სისტემებს თავის ტერიტორიებზე განათავსებს, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს ნატოსთვის. ეს საფრთხეს უქმნის ამერიკელ მფრინავებს, ჩვენს პარტნიორებს. არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს CAATSA სანქციების შემსუბუქებას თუ S-400-ები დარჩება თურქეთში და ასევე არ დავუჭერ მხარს თურქეთის F-35-ების პროგრამაში დაბრუნებას. გზავნილი უნდა იყოს მკაფიო, ნებისმიერი მცდელობა გარედან თუ შიგნიდან, რომელიც მიზნად ისახავს ნატოს შესუსტებას, ამერიკის მხიდან მიიღებს მძლავრ პასუხს“, - ამბობს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ბობ მენენდენსი.

თურქეთს ნატოს წესდების დარღვევაში და დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიშიც. სენატორმა სხდომაზე გაიხსენა მისი და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა და აღნიშნა, რომ რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცნობიერებს რუსული შეიარაღების შესყიდვით შექმნილ მდგომარეობას. თუმცა, ის „დაჟინებით არ აპირებს გადახედოს ამ საკითხს“. სწორედ ამიტომ, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში ამერიკის მხრიდან თურქეთისადმი სანქციების გაგრძელების მომხრეა და კატეგორიულ უარს აცხადებს თურქეთის F-25 ტიპის გამანადგურებლების პროგრამაში ჩართვას.

„დაუშვებელია, რომ თურქეთს მიაჩნდეს, რომ მას შეუძლია მიიღოს ნატოში ყოფნით სარგებელი და უარი თქვას შეთანხმების მთავარ პრინციპებზე. როგორც ჩანს, თურქეთმა დაივიწყა, რომ ნატო შეიქმნა რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. თურქეთის მიერ რუსეთისგან სამხედრო შესყიდვები მიუღებელია. მე ამის შესახებ თურქეთის ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრაზე ვისაუბრე. ეს საკითხი მკაფიოდ განვიხილე პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრაზეც. მე შეხვედრაზე განსვსაზღვრე პრობლემის ზუსტი ხასიათი, თუ რატომ იყო პრობლემატური, როცა თურქეთი რუსეთისგან ყიდულობს სამხედრო ტექნიკას. მას ესმოდა რაზეც ვსაუბრობდი, თუმცა [ის] დაჟინებით ამბობდა, რომ ეს არ გადაიხედებოდა. საუბარი შეეხო F-35-ებსაც. მე მკაფიოდ ვამბობს, რომ F-35-ები არ გადაეცემა თურქეთს მანამ, სანამ რუსული S-400-ები თურქეთის მიწაზე იქნება”, - განაცხადა სენატორმა რიშმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა-თურქეთის ურთიერთობები დარეგულირდება და ამ პროცესში ვაშინგტონში თურქეთის ახალი ელჩი თავის წვლილს შეიტანს.

სენატორების შეშფოთებას იზიარებს სახელმწიფო დეპარტამენტიც. ენტონი ბლინკენის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ თუ თურქეთი გააგრძელებს რუსული შეიარაღების შეძენას, ვაშინგტონი ანკარას ახალ სანქციებს დაუწესებს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ ერდოღანს გარკვევით უთხრა, რომ ის ისევე როგორც ჩვენ ყველა, წინააღმდეგია და უკმაყოფილოა თურქეთის მიერ რუსული S-400-ების შეძენით. აქვე პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ თურქეთი გააგრძელებს რუსეთისგან S-400-ის სისტემების შეძენას, ამოქმედდება დამატებითი სანქციები“, - ამბობს ვიქტორია ნულანდი.

სანქციები, რომლების გამკაცრებაც შეიძლება, თურქეთს 2020 წლის 14 დეკემბერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადამინისტრაციამ დაუწესა. სანქციები მოიცავს თურქეთისათვის ამერიკის ყველა საექსპერტო ლიცენზიისა და ნებართვის შეჩერებას, ასევე აქტივებისა და ვიზების შეზღუდვას თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

ვაშინგტონის სანქციებს ანკარაში უკმაყოფილება მოჰყვა. პრეზიდენტმა ერდოღანმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა მალევე აღნიშნეს, რომ რუსული თავდაცვითი იარაღის შეძენით, მათ არ დაურღვევიათ ნატოს წესდება და საერთაშორისო ვალდებულებები. ისინი ასევე აცხადებენ, რომ არ უნდა მომხდარიყო ამერიკული ავიაგამანადგურებლების F-35-ების პროგრამის შეჩერება.

F-35-ების პროგრამა თურქეთისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იყო. გამანადგურებლების წარმოება თურქეთში მიმდინარეობდა, თუმცა მთავარ ნაწილებს ანკარა ვაშინგტონისგან იღებდა. პროცესი სანქციების დაწესების პარალელურად შეწყდა და თურქეთმა დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური ზარალი განიცადა.

„საერთო ჯამში, თურქეთმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო არა მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ როგორც უკვე ვთქვი, ეკონომიკის თვალსაზრისითაც. ამ პროგრამის შეჩერებამ თურქეთში გამოიწვია სამუშაო ადგილების დაკარგვა, ექსპორტის შემცირება და ბევრი სხვა რამ. ეს გადაწყვეტილება აზარალებს თურქეთის ეკონომიკას“, - განაცხადა სენატში გამართულ მოსმენაზე ვიქტორია ნულანდმა. თუმცა, მან ასევე დასძნა, რომ "არის ბევრი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ ერთად გვინდა, თუმცა არ შეგვიძლია მანამ, სანამ ეს საკითხი არ გადაიჭრება“.

თურქეთში არსებული ვითარება

საერთაშორისო კრიტიკას მხოლოდ თურქეთის საგარეო ქმედებები არ იმსახურებს. ქვეყნის შიგნითაც რთული პოლიტიკური ვითარებაა. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, თურქეთს ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი ჰყავს. გრძელდება რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. არსებობს მოლოდინი, რომ თურქეთში არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდება. ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის მიწურულს გაიმართება.

ამერიკელი სენატორების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა ანკარაში ამერიკის საელჩოსა და საკონსულოს დაკავებული თანამშრომლების საკითხი. სენატორმა ბობ მენენდესმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად.

„ერდოღანს მიაჩნია, რომ თურქეთი მსოფლიოს დიდი ძალების თანაბარია. ეს ასე არ არის. პრეზიდენტმა ერდოღანმა ტრაგიკულად გაანადგურა დემოკრატიული ინსტიტუტები, დააკავა ჟურნალისტები, დასაჯა პოლიტიკური ოპონენტები და ცდილობდა გაეჩუმებინა პროფესორები. ერდოღანის მთავრობა მუდმივად ცდილობს დამალოს ქვეყანაში არსებული პატიმრების რაოდენობა. თურქეთის ციხეში იმაზე მეტი პატიმარია ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში. ეს არის სუსტი მთავრობის მაგალითი და არა მსოფლიოში ძლევამოსილი მთავრობის. ერდოღანის მთავრობის ქმედებები ვრცელდება თურქეთში ამერიკის საელჩოსა და საკონსულოში დასაქმებულებზე. დღემდე რამდენიმე ადამიანი რჩება ციხეში ყალბი ბრალდებით, ეს სამარცხვინოა. დამეთანხმებით, რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს ასე არასდროს არავინ უნდა ექცეოდეს, განსაკუთრებით, ასე რომ ვთქვათ, ე.წ. ჩვენი პარტნოორი. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ დადგება დღე, როდესაც თურქეთი იქნება დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი და დაიცავს ადამიანის უფლებებს ისე, როგორც ეს ნატოს წევრ ქვეყანას მოეთხოვება. რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება სტაბილური და დემოკრატიული თურქეთი. ერდოღანის მმართველობის დროს კი ეს ბუნდოვანია,“- განაცხადა სენატორმა მენენდესმა.

მთიანი ყარაბაღი

მომდევნო საკითხი, რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დიდი ყურადღება დაეთმო, მთიან ყარაბაღში თურქეთის ქმედებებს ეხებოდა. ხაზი გაესვა არსებულ ინფორმაციებს, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში თურქული წარმოების მფრინავი მოწყობილობები გამოიყენა, რომელიც ამერიკული ტექნოლოგიებით იყო შექმნილი. სენატორებმა სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდეს ფაქტით დაინტერესდნენ და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. სენატორებმა ამ საკითხზე საუბრის დროს გამოიყენეს ფრაზები „კატეგორიულად მიუღებელი“ და „დაუშვებელი“. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ანკარაზე აგრძელებს „ზეწოლას“ რათა მოხდეს რეგიონში ვითარების განმუხტვა.

„მოვუწოდეთ თურქეთს არ ჩაერიოს რეგიონულ კონფლიქტებში, რაც საფრთხეს შეუქმნის გრძელვადიან სტაბილურობას. მესამე მხარის როლმა გასულ წელს მთიან ყარაბაღში გაამძაფრა რეგიონალური დაძაბულობა და ჩვენ ზეწოლას ვაწარმოებთ თურქეთზე, რომ მოახდინოს გავლენა ბაქოზე და დაუყონებლივ მოხდეს ყველა დაკავებულის გათავისუფლება ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად. ასევე თურქეთი უნდა დაეხმაროს მხარეებს მდგრადი, გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართულებით,“- განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

2020 წელს მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ქვეყნებმა მოსკოვის აქტიური ჩარევით შეძლეს. თუმცა მხარეებმა 2020 წლის მიწურულს დადებული შეთანხმება რამდენჯერმე დაარღვიეს. დაპირისპირება რეგიონში მზარდია, იზრდება დაღუპულთა რაოდენობაც. შეთანხმების მიხედვით რეგიონში თურქი და რუსი სამხედროები იმყოფებიან.

კვიპროსი

ამერიკის სენატში თურქეთზე საუბარი ათენსა და ანკარას შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრით დაიწყო. სენატორებმა კრიტიკული შეფასებები გააკეთეს თურქეთის პრეზიდენტის მიერ გაეროს დადგენილების უგულვებელყოფის შესახებ.

საუბარია ივლისის მიწურულს თურქეთის პრეზიდენტის კვიპროსში ვიზიტზე. ერდოღანი დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად ქალაქ აროშაში ჩავიდა, სადაც მან ქალაქის განვითარების გეგმა წარადგინა და მის პოტენციალს უსვამდა ხაზს.

„სამწუხაროდ თურქეთის აგრესიის ეს მოდელი რეგიონში ნორმა გახდა. ერდოღანი იმყოფებოდა ოკუპირებულ კვიპროსში და ზღვისპირა ქალაქ ვაროშას განვითარების გეგმა წარადგინა. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,“- განაცხადა სენატორმა მენდესმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბოლო პერიოდში კვიპროსის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ვიქტორია ნულანდის განცხადებით, თურქეთსა და საბერძნეთს შორის პროცესები შედარებით განმუხტულია და განახლებულია მოლაპარაკებები. ნულანდმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებების პროცესს მხარს უჭერს და ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ შეთანხმება იქნეს მიღწეული.

მტკიცე პარტნიორობა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, თურქეთ ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობები 1831 წლიდან იღებს სათავეს. ეკონომიკური ხელშეკრულება ქვეყნებს შორის 1927 წლიდან მოქმედებს. 1947 წლის შემდეგ კი ამერიკა-თურქეთის ურთიერთობები უფრო მყარდება და იზრდება პარტნიორობის სფეროები. წლიდან წლამდე ამერიკა-თურქეთს შორის ეკონომიკური უერთიერთობები ღრმავდება.

მაგალითისთვის, თუ 2009 წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ საერთო ჯამში 10.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2019 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 20.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სენატში მოსმენის დროს ამ საკითხს ხაზი გაუსვა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და აქვე განმარტა, რომ ქვეყნებს შორის არსებული ბევრი უთანხმოების მიუხედავად, არსებობს საკითხები, სადაც ამერიკა და თურქეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ. ასეთ საკითხებს შორის ტერორიზმი, სამხედრო მისიებში თურქეთის მხარდაჭერა და საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების თანხმობაც მოხვდა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს მრავალმხრივი და კომპლექსური ურთიერთობა აქვს თურქეთთან. არის პრობლემური სფეროები, რაზეც ვმუშაობთ და ვცდილობთ პრობლემების აღმოფხვრას. თურქეთის ოფიციალური პირები ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობაში არიან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - ნატოს მისიებში მთელ მსოფლიოში. ჩვენი პარტნიორობა თურქეთთან, რომელსაც ჰყავს ნატოში ჩვენს შემდეგ ყველაზე დიდი ჯარი, გვაძლევს შესაძლებლობას დავიცვათ უსაფრთხოება რეგიონში, ასევე ნატოს აღმოსავლეთი და სამხრეთ ფლანგები.

ვაშინგტონი და ანკარა იზიარებენ პრიორიტეტებს ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, რაც აფერხებს რუსეთისა და ირანის მავნე ზეგავლენას ახლო აღმოსავლეთში. თურქეთი, როგორც უკრაინის ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მათი ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია.

"ჩვენ ასევე მადლობელი ვართ თურქეთის იმ მცდელობისთვის, რომ მიიღოს 4 მილიონი ლტოლვილი. ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში დევნილების ყველაზე დიდი მასპინძელი ქვეყანაა. ასევე თურქეთი მზად არის შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები ქაბულის აეროპორტში, მას შემდეგ რაც ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს მისიები დასრულდება. ეს კი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ და ჩვენი მოკავშირეების საელჩოებს ავღანეთში უსაფრთხო გარემო შევუქმნათ,“- განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

ამერიკელი სენატორები და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან თურქეთის ქმედებებს და თუ ანკარა კვლავ გააგრძელებს საერთაშორისოდ აღიარებული წესების დარღვევას, საფრთხეს შეუქმნის ამერიკისა და დასავლელი პარტნიორების უსაფრთხოებას, პასუხი მკაცრი იქნება. არ არის გამორიცხული ახალი სანქციების დაწესებაც, რაც თურქეთის ეკონომიკურ ვითარებას კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს.

სენატორი მენენდესი ამბობს, რომ თუ თუ ანკარა დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფას გააგრძელებს და ამაზე ვაშინგტონს მკაცრი რეაგირება არ ექნება, ეს ამერიკის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.

„ჩვენი ინტერესები ნათელია. ჩვენი გვსურს შეძლებისდაგვარად თურქეთის გაძლიერება და ჩვენთან ერთად მყოფი თურქი ხალხის ტრანსატლანტიკურ და ნატოს ოჯახში თანამშრომლობის გაღრმავება, რუსეთზე თურქეთის დამოკიდებულების შემცირება, იქნება ეს უსაფრთხოების სფერო, ენერგეტიკა თუ სხვა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდმა.

ამერიკელი კანონმდებლები და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ თურქეთი დემოკრატიულ განვითარებას გააგრძელებს და ის იქნება „ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ამერიკისა და ნატოს ძლიერი მოკავშირე“.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG