სამვარსკვლავიანი გენერალი აცხადებს, რომ ნატოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. გენერალ ჰოჯესს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
თქვენ ამბობთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის რეგიონში ახალი რკინის ფარდა აღმართა. რას გულისხმობთ ამაში?
ვფიქრობ, რუსეთის ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონში უპირობო დომინანტი იყოს. ეს იმის გამო, რომ შავი ზღვა არის ხმელთაშუა ზღვის და ინდოეთის ოკეანის გაგრძელება. რუსეთს ამ თბილი წყლებიდან მსოფლიო ოკეანეებზე წვდომა სჭრდება. ხმელთაშუაზღვისპირეთში და ახლო აღმოსავლეთში გავლენის გასაზრდელად, შავი ზღვის რეგიონი რუსეთისთვის ცენტრალური საზღვაო ლოკაციაა.
იმის გამო, რომ ისინი ნატოს ძალას პატივს სცემენ და ნატოსთან სამხედრო კონფლიქტი არ უნდათ, ალიანსის ზოგიერთ წევრზე, მაგალითად, რუმინეთზე, ბულგარეთზე და თურქეთზე ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებენ. ამაში ასევე შედის ენერგო-ბერკეტები. საქართველო, მოლდოვა და უკარინა ალიანსის წევრები არ არიან და მათზე მე-5 მუხლი, კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი, არ ვრცელდება.
რუსეთის ფედერაციას მიაჩნია, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე, მოლდოვაში, ეგრეთწოდებული, 1500 სამშვიდობო პერსონალის განლაგებაზე, ყირიმის ანქესიაზე, დონბასში ათასობით ჯარისკაცის გაგზავნაზე პასუხს არავინ მოსთხოვს. ამ ყველაფრით ისინი ეკონომიკურ ზონას და საკუთარ ტერიტორიულ წყლებს აფართოებენ.
ახალი რკინის ფარდის იდეაც აქედან მოდის. ეს ქვეყნები ფარდის ერთ მხარეს რჩება, სადაც ისინი რუსეთის კინეტიკურ ძალას პირდაპირ გრძნობენ. ფარდის მეორე მხარეს კი ნატოა. ვფიქრობ, ისინი [რუსეთი] ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაცია შეზღუდონ.
რის გაკეთება შეუძლია საქართველოს იმისთვის, რომ რუსეთისგან მომავალ ამ ზეწოლას გაუძლოს ან წინააღმდეგობა გაუწიოს?
რუსეთს, უდავოდ, არ სურს საქართველო კომერციული ან ლოჯისტიკური ცენტრი და ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი ხიდი გახდეს. პირველ რიგში, ეს ზოგიერთი ბიზნესის რუსეთიდან სხვაგან გადასვლას უკავშირდება. ასევე, რომ დავფიქრდეთ უფრო გრელვადიან მიზნებზე… საქართველო, სადაც გერმანული, ფრანგული, იტალიური, ამერიკული ბიზნესები იქნება წარმოდგენილი, გაცილებით სტაბილური ქვეყანა იქნება. საზღვაო პორტი [ანაკლია] ამის შესაძლებლობას გააჩენს. რუსებს ეს, ცხადია, არ სურთ.
შავ ზღვაში თურქეთი ნატოსთვის არასაიმედო პარტნიორად ყალიბდება. რუსეთისგან S-400 სარაკეტო სისტემის ყიდვა ამის მიმანიშნებელი სიგნალია. ამ ფონზე, თქვენი აზრით, საქართველოს რაიმე როლის თამაში შეუძლია შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად?
მე არ ვარ მზად იმისთვის, რომ თურქეთზე ვთქვა, რომ ის არ არის საიმედო პარტნიორი. ვფიქრობ, აუცილებელია პრეზიდენტი ერდოღანი, რომელიც ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი და ნატოს მოკავშირე ქვეყნის პირველი პირია, ამ კონტექსტში თურქეთის რესპუბლიკისგან გავაცალკეოთ. ვფიქრობ, მისი დრო იწურება.
ამ ეტაპზე სამართლიანია თურქეთს პასუხი ვაგებინოთ S-400 სარაკეტო სისტემის რუსეთისგან ყიდვაზე, მაგრამ ასევე ვფიქრობ, ამერიკა-თურქეთის და ნატო-თურქეთის ურთიერთობაში მალე ახალი ეტაპი დაიწყება. ის ურთიერთობა, რომელიც თრქეთთან დღემდე გვქონდა, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს მოკვდება. მაგრამ, მოდის ახალი თურქეთი, რომელსაც ქვეყნის შიგნით ახლა მიმდინარე მოვლენები შექმნის.
თურქეთში ბოლო ვიზიტის დროს, მქონდა პატივი გამეცნო საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში. მან შემახსენა, რომ ქართული ვალუტა - ლარი - თურქულ ლირაზეა დამოკიდებული. თუ ამერიკამ რაიმე ისეთი გააკეთა, რაც თურქულ ლირას ზიანს მიაყენებს, ამით ლარს და საქართველოს ეკონომიკას საფრთხე შეექმნება.
თურქეთს რეგიონში სტატუს-კვოს შენარჩუნება სურს. შავ ზღვაში ნატოს ძლიერი საზღვაო წარმომადგენლობა არ ჰყავს. იქ რამდენიმე თურქული გემია და ეს არა იმიტომ, რომ თურქეთს საზღვაო ძალები არ ჰყავს, პირიქით, მათ არაჩვეულებრივი საზღვაო ძალები ჰყავთ - არამედ იმიტომ, რომ რუსეთის რეაქციას ითვალისწინებენ.
ვფიქრობ, საქართველოს ამ შემთხვევაში დიდი როლი აქვს. საქართველოს დიდი საზღვაო ძალები არ სჭირდება, მაგრამ სჭირდება უპილოტო სისტემები, მცირე ზომის მოქნილი შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს დაზვერვის სამსახურებს ნათელ სურათს შეუქმნის იმაზე, თუ რას აკეთებს შავ ზღვაში რუსეთი. ამ მხრივ საქართველოს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია [შავი ზღვის უსაფრთხოებაში].
Facebook Forum