ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი თურქეთს ეკონომიკის დანგრევით დაემუქრა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი თურქეთს ეკონომიკის დანგრევით დაემუქრა, თუკი ის სირიიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის შემდეგ, თავს დაესხმება ამერიკის მოკავშირე ქურთების ძალებს. "ასევე, არ მინდა, რომ ქურთებმა თურქეთის პროვოცირება გამოიწვიონ" - დაწერა დონალდ ტრამპმა კვირას, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

შემდეგ, ყოველგვარი დეტალების მითითების გარეშე, პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე აღნიშნა: "შექმენით 20-მილიანი უსაფრთხო ზონა". 20 მილი დაახლოებით 32 კილომეტრია.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მიერ სირიაში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების პოლიტიკით, ყველაზე მეტად ისარგებლეს "ბუნებრივმა მტრებმა". ტრამპმა ე.წ. ტვიტში ეს ქვეყნები დაასახელა კიდეც: "რუსეთი, ირანი და სირია".

თურქეთის მისამართით ამერიკის პრეზიდენტის მუქარა იმან განაპირობა, რომ ანკარა ქურთების შეიარაღებულ შენაერთებს ტერორისტებად თვლის და მათ ებრძვის არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ სირიის საზღვრებთანაც. თურქეთი აცხადებს, რომ ქურთების წინამძღოლობით მოქმედი, ამერიკის მოკავშირე ჯგუფები, სახელწოდებით სირიის დემოკრატიული ძალები, კავშირშია ორგანიზაციასთან ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK). ანკარა დიდი ხანია ებრძვის ამ ორგანიზაციას და მას ტერორისტულ დაჯგუფებად აცხადებს. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთის ტერიტორიაზე ქურთების მეტი ავტონომიის მოპოვებას ცდილობს.

შეერთებული შტატებისთვის სირიაში მიმდინარე ბრძოლებში, ქურთების ძალები ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და დასაყრდენია. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა სირიას "მალე" დატოვებს, გაჩნდა შიში ვაშინგტონის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებშიც კი, რომ სირიაში მებრძოლი ქურთების შენაერთები ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, ჯონ ბოლტონი, პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თურქეთში ჩავიდა და ანკარას გარანტიები მოსთხოვა, რომ ის სირიაში მებრძოლ, ამერიკის მოკავშირე ქურთთა ძალების წინააღმდეგ, სამხედრო ოპერაციებს არ განახორციელებს. ბოლტონმა ასევე განაცხადა, რომ ჯარების გაყვანა სირიიდან ეტაპობრივად მოხდება, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მას არ შეხვდა და თქვა, რომ ორმხრივი საუბრის მიზანს ვერ ხედავდა.

ამერიკას და თურქეთს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე, შაბათს, განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც. მაიკ პომპეომ თქვა, რომ ის შექმნილ ვითარებას "ოპტიმისტურად" უყურებს და რომ სირიაში მყოფი ქურთები "მიტოვებულები" არ აღმოჩნდებიან. პომპეო დარწმუნებულია, რომ შეერთებულ შტატებს და თურქეთს შეთანხმების მიღწევა შეუძლია და სირიაში მებრძოლი ქურთული შენაერთები უსაფრთხოდ იქნებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG