ჯონ ბოლტონი, პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თურქეთში იმყოფება. ბოლტონი ანკარისგან გარანტიებს ითხოვს, რომ სირიაში მებრძოლი თურქეთის ძალები ამერიკის მოკავშირე ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს არ განახორციელებს.
თურქეთში ვიზიტს წინ უსწრებდა ბოლტონის მიერ კვირას გაკეთებული განცხადება. თეთრი სახლის მრჩეველმა გარკვევით თქვა, რომ იმ ქურთი მეომრების დაცვა, ვინც ამერიკას დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაში ეხმარებოდა, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სირიიდან შეერთებული შტატების 2 000-კაციანი ძალების გაყვანის.
ბოლტონის განცხადებით, ამერიკის ჯარების სირიიდან გაყვანის განრიგი არ არსებობს და პროცესი სწრაფად და გადაჭრით არ განხორციელდება. პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლის გამოსვლა პირველი ოფიციალური დადასტურებაა იმის, რომ ამერიკამ უკან დაიხია თავდაპირველი განცხადებიდან, სირიიდან ჯარის სწრაფად გაყვანის შესახებ.
პრეზიდენტმა ტრამპმა დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ამერიკის ძალები სირიას დატოვებენ. ამ გადაწყვეტილების გამო, თანამდებობა დატოვა თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა. სამხედრო საქმის ექსპერტების აზრით, ჯარების სწრაფი გაყვანა საფრთხეს შეუქმნის შეერთებული შტატების ქურთ მოკავშირეებს, რომლებიც სირიაში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძოდნენ. თურქეთი ქურთ მებრძოლებს ტერორისტებად თვლის და მათ წინააღმდეგ იბრძვის.
Facebook Forum