ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი ბაიდენს "მცდარი ნაბიჯის" გადადგმაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ჯო ბაიდენს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მიმართ განხორციელებული ქმედებების გენოციდად აღიარების თაობაზე. მისი თქმით, ეს ნაბიჯი აკნინებს და აფუჭებს ორმხრივ ურთიერთობებს.

ერდოღანმა ბაიდენის მიერ შაბათს გამოცხადებულ გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი ორშაბათს გააკეთა და ამას "მცდარი ნაბიჯი" უწოდა. მან ამერიკას "სარკეში ჩახედვისკენ" მოუწოდა და თქვა, რომ თურქეთი კვლავ ცდილობს სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას.

"ამერიკის პრეზიდენტმა უსაფუძვლო, უსამართლო და არასწორი განცხადებები გააკეთა იმ სამწუხარო მოვლენების შესახებ, რაც ჩვენს ტერიტორიულ საზღვრებში ერთი საუკუნის წინ ხდებოდა. იმედი მაქვს ამერიკის პრეზიდენტი რაც შეიძლება სწრაფად იტყვის უარს ამ მცდარი ნაბიჯის გადადგმაზე", - თქვა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროა თურქი და სომეხი ისტორიკოსებით ერთობლივი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტება იმისთვის, რომ მათ იმდროინდელი მოვლენები გამოიკვლიონ.

1915-1923 წლებში განვითარებული მოვლენებს და შედეგად მილიონნახევარი სომეხის გარდაცვალებას ამ დრომდე თეთრი სახლი ყოველთვის ფრთხილად შერჩეული ტერმინებითა და ფრაზებით მოიხსენიებდა. სომხები ამტკიცებენ, რომ მათი წინაპრები - მილიონნახევარი ადამიანი - შიმშილით, იძულებითი შრომის, დეპორტაციის, მასობრივი მკვლელობების მეშვეობით სწორედ ეთნიკური ნიშნით გენოციდის მსხვერპლნი იყვნენ. თურქეთი უარყოფს, რომ ოსმალეთის იმპერიამ გენოციდი ან სომეხთა განსადევნად რაიმე წინასწარ განზრახული გეგმით დევნა განახორციელა. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ბევრი დაღუპული ან ომის მსხვერპლი იყო, ან რუსებმა დახოცეს. ამასთან, მსხვერპლის რაოდენობას თურქეთი გაზვიადებულად მიიჩნევს.

შაბათს მიღებული გადაწყვეტილებით სომხური დიასპორა ამერიკაში კმაყოფილია, თუმცა ნატოს წევრ თურქეთთან ამერიკის ისედაც პრობლემური ურთიერთობა კიდევ უფრო იძაბება. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის ელჩი შაბათსვე გამოიძახა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უკმაყოფილების გამოსახატად.

საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ელჩს, დევიდ სატერფილდს უთხრეს, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძვლები არ ჰქონდა და რომ ანკარა ამას მიუღებლად მიიჩნევს და მკაცრად გმობს. ანკარაში ასევე ითქვა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც ნატოს წევრმა მოკავშირემ "ურთიერთობაში ისეთი ჭრილობა შექმნა, რომლის მოშუშებაც ძნელი იქნება". შაბათის განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგვე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავაშოღლუმ "ტვიტერზე" დაწერა: "სიტყვები ისტორიას ვერ შეცვლის და ვერ გადაწერს. ჩვენ არავისგან მოვისმენთ ჩვენივე ისტორიის გაკვეთილებს", - თქვა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა.


ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემასთან დაკავშირებითაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ამერიკამ სისხლისღვრის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთთან და საფრანგეთთან ერთად კონფლიქტის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მედიატორები არიან.

"თუკი გენოციდზე ვსაუბრობთ, უნდა ჩაიხედოთ სარკეში და შესაბამისი შეფასებები გააკეთოთ. მკვიდრი ამერიკელების ხსენება არც კი მჭირდება, რაც მათ დაემართა, ნათელია", - ამბობს ერდოღანი და ევროპელი ახალმოსახლეების მიერ მკვიდრ ამერიკელებთან მოპყრობაზე საუბრობს. "მაშინ, როდესაც ამდენი სიმართლეა ირგვლივ, ამდენი მოვლენის შესახებ ვიცით სიმართლე, გენოციდის თურქი ხალხისთვის დაბრალება შეუძლებელია", - ამბობს თურქეთის პრეზიდენტი.

თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში ისედაც დაძაბულია. უთანხმოების ერთ-ერთი ბოლო მიზეზი, თურქეთის მიერ რუსეთისგან ნატოს სისტემებთან შეუთავსებელი თავდაცვის სისტემების შეძენაა, რამაც ამერიკამ სანქციებით უპასუხა. პოლიტიკური მიდგომები განსხვავებულია სირიასთან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ ის მეტ გახსნილობას და მზაობას ელოდა ახალი ადმინისტრაციისგან ამ პერიოდში იმისთვის, რომ ივნისში ნატოს სამიტამდე უთანხმოების გადაჭრა მოხერხებულიყო. თუმცა მისივე განმარტებით, ურთიერთობები კვლავ გაუარესდება, თუკი მხარეები ვერ მოახერხებენ, რომ ამა თუ იმ საკითხის ერთმანეთისგან გამიჯვნას და მათზე ცალკე მუშაობას.

"ჩვენ ახლა ჩვენი უთანხმოებები გვერდით უნდა გადავდოთ და ვიფიქროთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამის შემდეგ. სხვაგვარად, ჩვენ არ დაგვრჩება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი ურთიერთობის იმ დონეს შეესაბამება, რა დონემდეც ის 24 აპრილს დაეცა", - თქვა ერდოღანმა.

ერდოღანის განცხადებამდე, იბრაჰიმ კალინმა, პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა და მრჩეველმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება "აღმაშფოთებელია" და ამას ქვეყანა უახლოეს პერიოდში "განსხვავებული ფორმის, ტიპისა და მასშტაბის რეაქციით" უპასუხებს. არც კალინს და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, რა ნაბიჯების გადადგმას განიხილავს ოფიციალური ანკარა. თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი თურქეთის სამხრეთით მდებარე ინჩირლიკის საჰაერო ბაზაა, რომელიც სირიასა და ერაყში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციის ძალების მიერ გამოიყენება. ჯერჯერობით უცნობია, შეუზღუდავს თუ არა ამერიკულ ძალებს ამ ბაზაზე წვდომას ნატოს წევრი სახელმწიფო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG