აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ორივე მხარეს არის მსხვერპლი როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებს შორის. ათასობით ადამიანი კვლავ დევნილად იქცა ორივე მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სომხები, ასევე აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ 30 წლიანი კონფლიქტით დაიღალნენ, ორივე მხარეს ხალხს მიაჩნია, რომ ომს მხოლოდ მათი მხარის გამარჯვება დაამთავრებს. ამ ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობა ბაქოს და ერევანს ცეცხლის შეწყვეტისკენ და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს. რუსეთი კი მათ მოლაპარაკებისთვის პლატფორმას სთავაზობს. ამავე დროს, ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი ორივე მხარეს იარაღით ამარაგებს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში საკუთარ ინტერესებს რეგიონის თითქმის ყველა დიდი ძალა ხედავს.
რუსეთს სომხეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება აკავშირებს და ქვეყანაში სამხედრო ბაზა აქვს, თურქეთი აზერბაიჯანის მოკავშირეა და მას როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო თვალსაზრისით ეხმარება. კონფლიქტში ირანიც ხედავს საკუთარ ინტერესებს გამომდინარე იქიდან, რომ ირანის მოსახლეობის, დაახლოებით, მეოთხედი აზერბაიჯანული წარმოშობისაა. ასევე, შედარებით ნაკლებად ჩართული, მაგრამ მნიშვნელოვანი მოთამაშეა ისრაელი, რომელიც საკუთარი ნავთობის საჭიროების 40%-ს აზერბაიჯანისგან იღებს.
რა არის გამოსავალი და რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი სავარაუდო სცენარი? აქვს თუ არა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს რეგიონულ სამხედრო კონფლიქტად გადაქცევის პოტენციალი? რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომელიც უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია? ამ თემებზე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშივილი ვაშინგტონში რეგიონში კავკასიის საკითხების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექსპერტს პოლ გობლს ესაუბრა.
ბატონო პოლ, დიდი მადლობა, ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. მთიან ყარაბაღში მდგომარეობა კვლავ მძიმეა. სისხლისღვრა გრძელდება, ორივე მხარეს სამოქალაქო მოსახლეობაში არის მსხვერპლი. როგორ აღწერდით იმას, რაც ხდება?
ომი მიმდინარეობს - პირდაპირ რომ ვთქვათ. აზერბაიჯანული ძალები სარგებლობენ იმით, რომ მათი გადმოსახედიდან, მოსკოვი უარს ამბობს სომხეთს იმ დონის დახმარება აღმოუჩინოს, როგორც აქამდე. ასევე ჩანს, რომ უკვე საუკუნის მეოთხედზე მეტ ხანს მიმდინარე ამ კონფლიქტის ეს ბოლო რაუნდი გამოიწვია სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტამ იმ მიზნით, რომ წყალი ყარაბაღისკენ გაეგზავნა. სამხედრო ნაბიჯები, რომლებსაც აზერბაიჯანი დგამს, ვფიქრობ მიმართულია იმისკენ, რომ სომხეთის ეს მოქმედება შეწყვიტოს და ერევანი აიძულოს წყლის სამხრეთით დინება აღადგინოს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მხრიდან არ ყოფილა სომხეთის მხარდამჭერი მყისიერი რეაგირება, აზერბაიჯანმა დაასკვნა რომ შეუძლია უფრო მეტი გააკეთოს და უფრო შორს წავიდეს იმისთვის, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინოს. ვფიქრობ, ეს კონფლიქტი კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება და ის მოგვიანებით ისევ განახლდება. ეს კი იმის გამო, რომ თავდაპირველად მისი გამომწვევი პრობლემები დღემდე გადაუჭრელია.
ეს სიტუაციის ძალიან პესიმისტური შეფასებაა...
საერთაშორისო თანამეგობრობა არ არის მზად არჩევანი გააკეთოს ორ ძირითად პრინციპს შორის. ის ამბობს, რომ - ერთი, სახელმწიფოების ტერიტორიული სუვერენიტეტის უფლება და მეორე, ხალხების თვითგამორკვევა - ორივე სწორი პრინციპია და მათ თითქოს თანაბარი სტატუსი აქვს. რეალურად კი, საერთაშორისო თანამეგობრობა საზღვრების სტაბილურობისკენ უფრო იხრება. აქედან გამომდინარე, შედეგად გვაქვს ის, რომ ორივე მხარე ფიქრობს, რომ საერთაშორისოდ შეთანხმებული პრინციპები მათ მხარესაა.
მეორე პრობლემა ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას უჭირს იმის გაგება, რომ ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობა არ არის. ზავის შეთანხმება მაშინ იდება, როდესაც ერთი მხარე მეორეს ბრძოლის ველზე ამარცხებს, ან ერთ მხარეს ომის გაგრძელების რესურსი აღარ აქვს. მშვიდობა კი მაშინ მყარდება, როცა ორივე მხარე ფიქრობს, რომ რაღაც მოიპოვა. ეს კონფლიქტი 30 წელია მიმდინარეობს იმის გამო, რომ ორივე მხარე მას ნულოვანი ჯამის პრინციპით უყურებს.
საქართველოს არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რომ იყოს პოზიციაზე, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაცული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თაობაზე არგუმენტებს დაკარგავს.
გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, კონფლიქტში გარე ძალების ჩარევა უნდა შეიზღუდოს და საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანმა ძალიან რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც სომხეთს სარგებელს მოუტანს... ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სომხეთს აფიქრებინებს, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობა მისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე მასთან კონფლიქტი.
რა შეიძლება იყოს ეს გადაწყვეტილება? რის შეთავაზება შეუძლია აზერბაიჯანს - რა არის აზერბაიჯანისთვის შესაძლებელი?
აზერბაიჯანს შეუძლია საქართველოსთან და თურქეთთან ითანამშრომლოს სატრანსპორტო დერეფნის შესაქმნელად, რომელიც სომხეთზეც გავა - აღმოსავლეთ-დასავლეთით და ჩრდილოეთ-სამხრეთით. ახლა სომხეთი ამ სისტემებიდან იზოლირებულია. მეორე ნაბიჯი ის იქნება, რომ აზერბაიჯანმა ხელი შეუწყოს სომხეთში ფულის შედინებას, იქ ინდუსტრიების განვითარებისთვის. სომხეთი ღარიბი ქვეყანაა ამ ომის გამო. ამ ყველაფერს ბაქოს მხრიდან სამაგალითო ლიდერშიპი დასჭირდება. მამა ალიევის დროს კონფლიქტის მოგვარების იმედი ჯერ ისევ იყო. ამჟამინდელი პრეზიდენტის მმართველობის დროს ეს ნაკლებად სავარაუდოა.
თქვენი აზრით, რა იყო ამჟამად დაპირისპირების განახლების მიზანი? თქვენ მიზეზებზე ისაუბრეთ. მიზეზები ყოველთვის შეიძლება მოინახოს, მაგრამ მათ დაპირისპირება ყოველთვის არ მოჰყვება.
სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იყო. მდინარეები, რომლებიც აზერბაიჯანის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ყარაბაღში მდებარეობს. ეს 1980-ანების ბოლოსაც პრობლემა იყო. ბაქოში ეშინოდათ, რომ თუ სომხეთი ყარაბაღის ოკუპაციას მოახდენდა, მათ აზერბაიჯანისთვის წყლის შეწყვეტა შეეძლოთ და ეს ძალიან დიდი ამბავია.
ამავე დროს, საქართველომ - ქვეყანამ, რომელმაც საკუთარი ნაციონალური იდენტობის ფასი ძალიან კარგად იცის, ერების თვითგამორკვევის საკითხი სერიოზულად უნდა მიიღოს. ვფიქრობ ამ კომბინაციამ შესაძლოა საქართველოს საშუალება მისცეს მოლაპარაკების მასპინძელი ან შუამავალი იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ საკუთარი თავი სხვანაირად უნდა გაყიდოს, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა.
ვფიქრობ, ეს ერევანს დაავიწყდა. თქვენ ამაზე მიანიშნეთ... როცა შეიარაღებული დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის პირისპირ დგანან და ერთი მხარე რაღაცას გააკეთებს, მეორე მხარე ამ ქმედების მიზეზებს ეძებს და ხშირად არასწორ დასკვნებამდე მიდის და ეს პროცესი წრიულად გრძელდება. ამის გამო, იწყება კონფლიქტი, რომელსაც ერთი კონკრეტული მიზანი არ ჰქონდა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ფაქტორი ისიც იყო, რომ მოსკოვი სომხეთის ახალ მთავრობასთან დისტანციის დაჭერას ცდილობს. ამან აზერბაიჯანი დაარწმუნა იმაში, რომ შეეძლო სამხედრო ნაბიჯები გადაედგა და რუსეთი სომხეთის დახმარებაზე არ წავიდოდა.
არსებობს თეორია, რომ დაპირისპირების განახლებაში რუსეთიც იყო ჩართული.
ვფიქრობ, რუსეთმა სიგნალი გაგზავნა და ყველას აგრძნობინა, რომ როგორც გავლენიანი გარე ძალა, არ აპირებს კონფლიქტის ერთი მხარის დახმარებას. ეს სიგნალია. რუსეთს არ სურს, რომ რომელიმე ქვეყანამ გაიმარჯვოს. სერიოზული პრობლემა მაშინ შეიქმნება, თუ აზერბაიჯანი გამარჯვებასთან ახლოს მივა, მაგალითად თუ გადაწყვეტს, რომ სტეფანაკერტი და ლაჩნის დერეფანი დაიკავოს, მაშინ ვფიქრობ რუსეთი კონფლიქტში ჩაერევა. რუსეთის სიძლიერე რეგიონში დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რომ რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ.
აზერბაიჯანი თავდაცვაზე დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს ხარჯავს, რაც სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარზე მეტია. თქვენ ამბობთ, რომ აზერბაიჯანში სამხედრო გამარჯვების იმედი არ აქვთ?
აზერბაიჯანს, საბოლოო ჯამში, შუძლია სამხედრო ძალითო ომის მოგება იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი გარე დახმარებას არ მიიღებს. ეს დასაწყისიდანვე ასე იყო. ამჯერად აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, რომ სამხედრო ოპერაციას რუსეთის ინტერვენცია არ მოჰყვებოდა და შესაბამისად, ეს ვითარება გამოიყენა იმისთვის, რომ ადგილზე ახალი ფაქტები შექმნას, რომლებიც გავლენას იქონიებს სამომავლო მოლაპარაკებებზე.
რას ფიქრობთ პრეზიდენტ პუტინის განცხადებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სომხეთის უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობები აქვს ნაკისრი, მიმდინარე დაპირისპირებაში ვერ ერთვება იმის გამო, რომ ბრძოლა სომხეთის ტერიტორიაზე არ ხდება? ეს სომხეთის მიმართ გაჟღერებული სიგნალი იყო, რომ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები ვიდრე რუსეთი არ მოიმოქმედებს რამეს, თუ აზერბაიჯანის გაფრთხილება იყო, შეწყვიტოს ომი, თორემ შეიძლება რუსეთმა აზრი შეიცვალოს?
ვფიქრობ, მოსკოვს უნდა, რომ აზერბაიჯანი გაჩერდეს. ასევე ვფიქრობ, რომ მას სურს სომხები საკუთარი მთავრობის მიმართ უკმაყოფილო იყვნენ და ნიკოლ პაშინიანი შეცვალონ ვიღაც ისეთით, ვინც უფრო მეტად პრო-რუსული შეხედულებების იქნება. რუსეთი ამ თამაშს თამაშობს. პუტინს რამე სხვა რომ ეთქვა, ის საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტი კრიტიკის ქვეშ მოექცეოდა.
რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება ძალა გამოიყენოს ოკუპირებული ქვეყნის წინააღმდეგ იმ ქვეყნის მხარდასაჭერად, რომელიც ამ ოკუპაციას ახდენს. საერთაშორისო თანამეგობრობა არ იღებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, ასევე არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. პუტინის მიერ ამის თქმა მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნას აკმაყოფილებს და ამასთან, საკითხავია თუ რამდენად დაიცავს ის ამ პირობას. ვფიქრობ, ის სომხეთის დამარცხებას არ დაუშვებს, მაგრამ მზადაა სომხეთი დაისაჯოს.
საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია ამ სიტუაციაში რეალურად ეფექტური იყოს? მაგალითად მინსკის ჯგუფი რომ ავიღოთ, ისინი თითქმის 30 წელია მუშაობენ მხარეებთან, მაგრამ კონფლიქტის გადაჭრა დღემდე ვერ ხერხდება.
მინსკის ჯგუფის მიმართ მე თავიდანვე მქონდა კითხვები. ჩემი აზრით, ეს კონფლიქტი მხოლოდ მაშინ გადაიჭრება, როცა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი დასხდებიან პირისპირ და გამოსავალს მონახავენ. ამ კონფლიქტში არავინ უნდა ამარაგებდეს დაპირისპირებულ მხარეებს იარაღით. ამაში რუსეთი და თურქეთი შედის. საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია ეს უზრუნველყოს. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი თაობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას მოესწრება. ეს ძალიან პესიმისტური შეხედულებაა, მაგრამ არ მგონია რუსებმა დადებული პირობები შეასრულონ.
ერთმა აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა ერთხელ თქვა, რომ რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში საქართველო არის გზა, სომხეთი არის ბერკეტი და აზერბაიჯანი არის ჯილდო. რუსეთი საქართველოს და სომხეთს გამოიყენებს ყველა მეთოდით იმისთვის, რომ აზერბაიჯანი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. მაგრამ აზერბაიჯანს არ სურს ქვეყანას მოსკოვი აკონტროლებდეს. ეს მოსკოვის სტრატეგიაა და ისინი ამ მიზნის მისაღწევად მუშაობას გააგრძელებენ.
ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ კავკასია ერთიანი რეგიონი ვერასოდეს იქნება, როგორიც მაგალითად ბალტიისპირეთია?
ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთმანეთისგან იმაზე მეტად განსხვავდებიან, ვიდრე ხალხს ჰქონია, მაგრამ მათ შორის განსხვავებები გაცილებით მცირეა, ვიდრე განსხვავებები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. კავკასიაში თანამშრომლობა გაცილებით რთულია რეგიონის გეოპოლიტიკის გამო. იქ მოთამაშეები არა მხოლოდ რუსეთი და თურქეთი არიან, არამედ ირანიც. ჯერ არ ვიცით ირანი რას გააკეთებს. ირანს არ სურს სომხეთის არც გამარჯვება და არც დამარცხება. რუსეთის მსგავსად, ირანს კავკასიაში მუდმივი ქაოსი სურს. თუ აზერბაიჯანი გაიმარჯვებს, ირანის ჩრდილოეთში ამან შეიძლება აზერბაიჯანელი თურქების გააქტიურება გამოიწვიოს და შეიძლება მათ მეტი ავტონომია ან დამოუკიდებლობაც კი მოითხოვონ. სომხეთის გამარჯვება ირანში აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ბრაზის დიდ ტალღას გამოიწვევს. ამას კი სხვა სახის შედეგები მოჰყვება ირანისთვის. სიტუაცია ძალიან რთულია.
საქართველო, როგორც თქვენ ახსენეთ, რუსეთისგან უდიდესი ზეწოლის ქვეშაა, იქნება ეს ოკუპაციის, სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მეთოდებით. მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველო კიდევ უფრო რთულ სიტუაციაშია. თქვენი აზრით, რა უნდა იყოს საქართველოს როლი არსებულ სიტუაციაში?
საქართველოს არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რომ იყოს პოზიციაზე, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაცული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თაობაზე არგუმენტებს დაკარგავს. ამავე დროს, საქართველომ - ქვეყანამ, რომელმაც საკუთარი ნაციონალური იდენტობის ფასი ძალიან კარგად იცის, ერების თვითგამორკვევის საკითხი სერიოზულად უნდა მიიღოს. ვფიქრობ ამ კომბინაციამ შესაძლოა საქართველოს საშუალება მისცეს მოლაპარაკების მასპინძელი ან შუამავალი იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ საკუთარი თავი სხვანაირად უნდა გაყიდოს, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა.
საქართველომ უნდა თქვას, რომ ის აღიარებს ორივე პრინციპს, რომ საზღვრის ხელშეუხებლობა და ერების თვითგამორკვევა ორივე მნიშვნელოვანი პრინციპია. თუ ამ მესიჯს საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობამდე მიიტანს, მაშინ მას აქვს შანსი, საერთაშორისო დონეზე საკუთარი წონა მნიშვნელოვნად გაზარდოს. ვფიქრობ, რომ ბაქოსა და ერევანს შორის ორმხრივი მოლაპარაკება, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს, გაცილებით ეფექტურ სამომავლო გზას დასახავს, ვიდრე ამას მინსკის ჯგუფი აკეთებს.
საქართველოში ბოლო პერიოდში ისმის შეშფოთება, რომ რუსეთმა საქართველოს გავლით შესაძლოა სახმელეთო დერეფნის გახსნა მოინდომოს. რა შეიძლება გააკეთოს ქვეყანამ ამ დროს და როგორ შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი? თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია ეს სცენარი?
არ ვფიქრობ, რომ ეს მოსალოდნელია. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ნაბიჯს ისე მიიღებს, როგორც საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევას. თუ რუსებმა ამის გაკეთება გადაწყვიტეს, მაშინ მე დასავლეთს მოვუწოდებ გააკეთოს ის, რაც 2008 წელს უნდა გაგვეკეთებინა - საქართველო ნატოში მიიღოს. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ თუ ისინი ასე მოქცევას გააგრძელებენ, საქმე ექნებათ არა საკუთარ პატარა მეზობლებთან, არამედ მთლიანად დასავლეთის ძლიერ სამხედრო ალიანსთან.
მინდა ერთ საკითხს დავუბრუნდე. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველომ ორ პრინციპს ერთდროულად უნდა დაუჭიროს მხარი - საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობას და ერთა თვითგამორკვევას. თქვენი აზრით, ეს შესაძლებელია?
ორივე პრინციპის მხარდაჭერა? რა თქმა უნდა! შესაძლებელია თუ არა საქართველოსთვის ამის გაკეთება? ეს რთული იქნება. იმიტომ, რომ ვიღაცეები გამოვლენ და იტყვიან, რომ მაშინ აფხაზების და ოსების თვითგამორკვევასაც უნდა დაუჭირო მხარიო. სწორედ ესაა ამ ყველაფრის მთავარი აზრი. საქართველო წლებია ამბობს, რომ მოითხოვს საზღვრების სტაბილურობის დაცვას, თუმცა ამ სტაბილურ საზღვრებში მზადაა დაიცვას უმცირესობების თვითგამორკვევის უფლებებიც. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა აცხადებს. საქართველოს ძალიან კარგად შეუძლია ამ პრინციპის მსოფლიოსთვის წარდგენა საკუთარი ისტორიიდან გამომდინარე. შეიძლება საქართველოშიც კი ბევრმა არ იცის, რომ აფხაზეთს 1921-1931 წლებში რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა, თუმცა ის საქართველოს ექვემდებარებოდა. საქართველოს კვლავ შეუძლია კარგი არგუმენტის შექმნა, რომ დღესაც შეუძლია ასე მოქცევა.
თქვენი აზრით, რა შეიძლება მოხდეს ახლა, რა მოლოდინი გაქვთ?
ორ რამეს ვაკვირდები. ერთი ისაა, რომ აზერბაიჯანმა ირანის საზღვართან სომხების მიერ ოკუპირებული ტერიტორია გაათავისუფლა. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რას ნიშნავს ეს თეირანისთვის? მეორე საკითხი ჩრდილოეთს უკავშირდება, სადაც ბრძოლების დიდი ნაწილი მიმდინარეობს -- რამდენად შორს შევა აზერბაიჯანის ჯარი და შეძლებენ თუ არა ისინი წყალი არა ყარაბაღში, არამედ აზერბაიჯანში გაუშვან.
რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი სცენარი?
ყველაზე ცუდი სცენარი ის იქნება, თუ აზერბაიჯანის ჯარში ვიღაცა გადაწყვეტს სტეფანაკერტის მძიმედ დაბომბვას და სამოქალაქო, სომეხი მოსახლეობის ხოცვას, რასაც სავარაუდოდ, რუსეთის ინტერვენცია მოჰყვება შესაძლოა აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც კი.
ასევე არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ასობით ან ათასობით საკუთარი ჯარისკაცი ყარაბაღში გადაისროლოს იმ საბაბით, რომ სომხების გენოციდი შეაჩეროს. ეს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დაწყების ტოლფასი იქნება. ამის შემდეგ კავკასია სტაბილური და მშვიდობიანი დიდი ხანი აღარ იქნება. შეიძლება ეს მოხდეს? კი შეიძლება...
Facebook Forum