ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, როცა საქმე რუსეთთან, ირანთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, 3+3 ფორმატში რაიმე სახით შესაძლო ჩართულობას ეხება.
„მე უბრალოდ ვურჩევდი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხს ფრთხილად და საფუძვლიანად შეხედონ, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს. ჩვენ ვიცით ამ მცოცავი ოკუპაციის შესახებ, რომელსაც მოსკოვი აკონტროლებს და ეს შეიძლება იყოს საკმარისი მიზეზი მონაწილეობაზე უარი თქვა" - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამების დირექტორი, ჯონ ჰერბსტი.
ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში საკითხს სიფრთხილით უყრებენ. ამერიკელი დიპლომატი, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი აცხადებს, რომ ის ისურვებდა საქართველო სხვა ტიპის რეგიონულ გაერთიანებებში იხილოს.
„მე ვისურვებდი საქართველო, უკრაინა და თურქეთი თანამშრომლობდნენ. ვისურვებდი ვხილო, რომ საქართველო მუშაობს შავი ზღვის საკითხებზე“ - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას იალოვიცი.
ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 3+3 ფორმატის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ახალ პლატფორმებზე საუბრის დაწყებამდე, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
„რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორის 20 პროცენტი, პატივს უნდა სცემდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“ - განაცხადა ოსტინმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დამსული კითხვის საპასუხოდ.
„3+3“ ფორმატის შესახებ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 8 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მინისტრმა, „საზოგადოებას ფიქრისთვის მიაწოდა საკითხი“, რაღაც ფორმით, რეგიონულ პროექტებში მონაწილეობის შესახებ.
„ჩვენი პოზიცია ჩვენ არაერთხელ გაგვიჟღერებია და იციან ეს ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის, ჩვენმა მეზობლებმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თურქებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ამ ფორმატში, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება ჩვენი მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ პროცესს დეოკუპაციის მიმართულებით. ძალიან ძნელია დაჯდე ამ ფორმატში და ისაუბრო რაღაცა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე“, - თქვა ზალკალიანმა და განაგრძო, - „თუმცა, მე მინდა ასევე საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია, რომ ჩვენ რაღაცა ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში [მივიღოთ მონაწილეობა], რაღაც ფორმით, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე. წითელი ხაზი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.
მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების განმარტებით, მინისტრს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ინტერვიუს დროს არ უთქვამს, რომ საქართველო 3+3 ფორმატში უნდა იყოს წარმოდგენილი.
Facebook Forum