ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. ესკალაცია რეგიონში ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ამჯერად ეს 6-კვირიან ომად იქცა, რომელსაც 6 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ეხმსხვერპლა. სადავო რეგიონსა და მომიჯნავე სოფლებზე კონტროლი აზერბაიჯანმა დაამყარა, სომხური მხარე კი იძულებული გზახდა ხელი რუსეთის ლიდერობით მიღწეული შეთანხმებისთვის მოეწერა. რას ნიშნავდა ეს ომი და მისი ამგვარად დასრულება ორივე ქვეყნისთვის და რეგიონის უსაფრთხოებისთვის?
„ერთი წლის წინ მე თქვენ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციაზე და სომხეთის მთავრობის აგრესიულ განცხადებებსა და ქმედებებზე გესაუბრებოდით, წელს კი ამაყად გეუბნებით, რომ სომხეთი ბრძოლის ველზე დამარცხდა და აზერბაიჯანმა სომხეთის მიერ ოკუპაცია დაასრულა “, - ამ სიტყვებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა წელს გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა. თუმცა წელსვე, ილჰამ ალიევი სომხეთის პრემიერ ფაშინიანთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუკი ეს შეხვედრა ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ იქნება ორგანიზებული. დღეს მსგავსი მზაობა გამოხატა ნიკოლ ფაშინიანმაც და თქვა, რომ თანახმაა, აზერბაიჯანს მიაწოდოს ინფორმაცია კონფლიქტურ რეგიონში მათ მიერ განთავსებული ნაღმების შესახებ, ფაშინიანი ამის სანაცვლოდ ტყვედ ჩავარდნილი სომეხი სამხედროების განთავისუფლებას ითხოვს.
აზერბაიჯანში, ისევე, როგორც სომხეთში, მთიანი ყარაბაღისთვის 6-კვირიანი ომის წლისთავი მასშტაბურად აღნიშნეს. აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა პრეზიდენტ და ვიცე-პრეზიდენტ ალიევებთან ერთად, ბაქოში ჩატარებულ აღლუმში მონაწილეობა დაღუპული თანამებრძოლების ფოტოებით ხელში მიიღეს.
ერევანში კი ათასობით ადამიანი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანიც იერაბლურის სამხედრო სასაფლაოზე მივიდა და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. სომხეთის მოქალაქე ნაირა კარტაშიანი, ტიპოგრაფი ამბობს, რომ ამ ომმა ქვეყანა უარესობისკენ შეცვალა:
„ომმა სომხეთში ბევრი რამ შეცვალა, ვფიქრობ, ომი ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული, ამ საკითხის კონკრეტული შედეგი და გადაწყვეტა არ გვქონია... ომმა ჩვენი ქვეყანა უარესობისკენ შეცვალა, ვფიქრობ, კიდევ 100 წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დავივიწყოთ და ჭრილობები მოვიშუშოთ“, - ამბოს კარტაშიანი.
"ესაა პუტინის რუსეთი, ქვეყანა, რეჟიმი, რომელმაც 30 წლის წინ დაკარგა იმპერია და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს თავიდან მიიღოს მათზე გავლენა. რუსეთისთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს, თავიდან მოიპოვოს კონტროლი თუ არა, გავლენა მაინც და დარწმუნდეს, რომ კავკასიური კონფლიქტები, თითოეული სანტიმეტრით ქვეყანა ან რეგიონი არა დასავლეთისკენ მიემართეაბა, არამედ - რჩება რუსეთის გავლენის სფეროში", - ჯეფრი გედმინი
სომეხი ჯარისკაცი, ომის ვეტერანი არტურ მკრტიჩიანიც ფიქრობს, რომ "ომი არ დამთავრებულა": სანამ ჩვენ გვყავს მეზობელი, რომელიც ამგვარად არის განწყობილი, ეს ჯერ ისევ დაუმთავრებელი ამბავია... ჩვენ ერთიანნი უნდა ვიყოთ, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, უნდა ვიფიქროთ, ჩვენს თანამოქალაქე ომის პატიმრებზე. რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად გავათავისუფლოთ.“
ჭრილობების და ტრავმების მოშუშებაზე საუბრობენ აზერბაიჯანშიც. ასიფ მაჰარამოვი, აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, ომის ვეტერანი ამბობს, რომ თანამებრძოთა მსხვერპლს ვერ და არ ივიწყებს და ომის საშინელებაც მუდამ თან სდევს:
„ძილში, სიზმარში სულ ჩვენს დაღუპულ ჯარისკაცებს ვხედავმ, ჩვენს მოწამეებს, ხშირად მეღვიძება, ან საერთოდ ვერ ვიძინებ, ზოგჯერ რაღაც მეჩვენება, ეს ბრაზი ჩემს კონტროლს მიღმაა. ამდენი სიკვდილის ნახვის შემდეგ, თითქოს ყველაფერს შევეჩვიე, ოჯახის შექმნაზეც როცა ვფიქრობ, ვიცი, ჩემს ქორწილში მუსიკა და მხიარულება არ იქნება, სწორედ მათ გამო“.
საბრძოლო მოქმედებები გასულ წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. მოსკოვის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ხელი ორივე მხარემ მოაწერა. თუმცა ფაშინიანისთვის ეს უკიდურესად არაპოპულარული ნაბიჯი იყო. ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი მის გადადგომას თვეების განმავლობაში ითხოვდა.
პოლიტიკური გადარჩენის რეჟიმში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც სამი წლის წინ ხავერდოვანი რევოლუციისას, ლამის ეროვნულ მხსნელად იყო მიჩნეული, ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მისმა პარტიამ ივნისში დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა. თუმცა ახალდაკომპლექტებულ პარლამენტში ფაშინიანის გუნდის წევრებს ოპოზიციასთან გამკლავება ხშირად ფიზიკური მოგერიებიათაც უწევთ. ოპონენტები ფაშინიანს კვლავ „ყარაბაღის დაკარგვაში“ ადანაშაულებენ.
ჯეფრი გედმინი, ანალიტიკოსი, გამოცემა „ამერიკული მიზნის“ დამფუძნებელი და რედაქტორი, "რადიო თავისუფლების" ყოფილი პრეზიდენტი, ამბობს, რომ ომის შედეგები საგრზნობი იყო არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც. გამორჩეული მნიშვნელობა კი პროცესებში სწორედ საგარეო მოთამაშეების უფრო დიდ ჩართულობას ჰქონდა.
"ერთი წლის შემდეგ ჩვენ ეს ყველაფერი გვახსენებს, რომ პატარა რეგიონულ კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს ფართო გეოსტრატეგიული კომპლექსურობა და მნიშვნელობა. ვფიქრობ, არ არის ნათელი გამარჯვებულებისა და დამარცხებულების ვინაობა. დიახ, არის მხარე, რომელმაც უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ რიგითი მოქალაქეები ისევ ყველაზე მეტად იტანჯებიან", - ამბობს გედმინი და განმარტავს:
"ამ ომს ჰქონდა შედეგები ამ ორი ქვეყნის შიგნითაც და რეგიონულ დონეზეც შეშფოთების მიზეზია. ქვეყნების შიგნით, ალიევისთვის ეს დადებითი იყო - მისთვის, ვინც ომში გამარჯვებულადაა მიჩნეული, ეს უპირატესობის მოპოვების და ძალაუფლების კონსოლიდირების შესაძლებლობაა. სომხეთში ამას არჩევნები მოჰყვა. რეგიონში კი ეს იქცა ძალიან რთულ თემად. ვფიქრობ, მომავალშიც ვნახავთ, რომ გაგრძელდება გარე აქტორების ჩართულობა და მათ მიერ განსხვავებული როლის შესრულება", - ამბობს მკვლევარი და ავტორი.
გედმინი მიიჩნევს, რომ სწორედ გარე მოთამაშეების როლი ამ კონფლიქტს გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის: "თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს, რუსეთი - სომხეთს, სომხეთმა დაქირავებული უცხოელი მებრძოლები გამოიყენა, ისრაელმა საბრძოლო ტექნოლოგიები მიაწოდა აზერბაიჯანს, თუმცა ორივე ქვეყანასთან აქვს კავშირი. აზერბაიჯანის საზღვართან აქტიურობს ირანიც და სამხედრო წვრთნებს ატარებს. ასე რომ, ეს ძალიან კომპლექსური ჭადრაკის დაფაა, რომელსაც ბევრი განზომილება აქვს. ყოველი ნაბიჯი კი სხვა რამეზეც ახდენს გავლენას და წინასწარ განუსაზღვრელი შედეგები აქვს", - განმარტავს მკვლევარი.
შარშან, ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებასაც გულისხმობდა. წელს, ივლისის ბოლოს კი სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ აზერბაიჯანთან შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, რუსეთს ორი ქვეყნის საზღვარზე სამხედროების განლაგებასაც სთხოვდა. რეგიონის მკვლევრები კი მაშინაც ამბობდნენ და ახლაც იმეორებენ, რომ რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელების თუ შეიარაღებული სამხედროებიც განლაგება და პროცესებში რუსეთის და ასევე, გარკვეულწილად თურქეთის ჩართულობა, გრძელვადიან მშვიდობას სულაც არ უზრუნველყოფს და ეს შესაძლოა საბოლოოდ, არავისთვის არ აღმოჩნდეს სასიკეთო.
"ესაა ვლადიმირ პუტინის რუსეთი, ქვეყანა, რეჟიმი, რომელმაც 30 წლის წინ დაკარგა იმპერია და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ, თავსატეხის ნაწილებივით, ცდილობს თავიდან მიიღოს რუკაზე უშუალოდ ტერიტორიები თუ არა, მათზე გავლენა მაინც იმისთვის, რომ იქ საკუთარი პოლიტიკური, გეოსტრატეგიული და კომერციული ინტერესები დააწინაუროს. ასევე იმისთვის, რომ დაბლოკოს დასავლური ძალების ინტერესები. ამ მხრივ, პირველი ამერიკაა, შემდეგ კი ალბათ - ევროკავშირი. რუსეთის პერსპექტივიდან თითოეული ეს ნაწილი არის შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს, თავიდან მოიპოვოს კონტროლი თუ არა, გავლენა მაინც და დარწმუნდეს, რომ კავკასიური კონფლიქტები, ქვეყანა ან რეგიონი სანტიმეტრ-სანტიმეტრ დასავლეთისკენ კი არ მიემართება, არამედ - რჩება რუსეთის გავლენის სფეროში", - ამბობს ჯეფრი გედმინი.
სისხლიანი შეტაკებები დასრულდა, თუმცა მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ ომი გრძელდება. მეზობლები ერთმანეთისგან კვლავ ომის პატიმართა დაბრუნებას თუ უგზოუკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევას ითხოვენ.