თაობა, რომელსაც ამერიკაში „ჯენერეიშენ ზის“ უწოდებენ, ანალიტიკოსების აზრით, ამერიკის არჩევნებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„თაობა ზი“-ში მოიაზრებიან ადამიანები 18-დან 29 წლის ჩათვლით. სპეციალისტები ამბობენ, რომ შუალედურ არჩევნებზე, მათ შეაჩერეს „წითელი ტალღა“ და გადამწყვეტი როლი შეასრულეს.
„თაობა ზი“, ძირითადად, არჩევანს იმის მიხედვით აკეთებს, რომელი კანდიდატი დგას მათ იდეებთან ახლოს და უპირობო მხარდაჭერას არც რესპუბლიკურ და არც დემოკრატიულ პარტიას არ უცხადებს.
„ვფიქრობ, რესპუბლიკელები არ ითვალისწინებენ „თაობა ზის“ გავლენას, რომელიც მათ აქვთ დღეს და ექნებათ მომდევნო 5 წლის განმავლობაში,“- ამბობს ერიკ მილერი, სტუდენტი, რომელიც ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველია.
Your browser doesn’t support HTML5
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „ჯენ ზი“ იგივე „თაობა ზი“ არის მზარდი ჯგუფი, დიდი პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებზე მიდის და ხმას აძლევს მას, ვინც მის იდეებთან ახლოს დგას. ერთ-ერთი წარმომადგენელი 21 წლის ავა ალფერესია.
„არ მიმაჩნია მართებულად რამეზე წუწუნი, თუ არ გამოდიხარ და ხმას არ აძლევ. მე მიმაჩნია, რომ ყველა ხმა მნიშვნელოვანია “- ამბობს ავა, რომელიც ვირჯინიაში ცხოვრობს და სწავლობს. ავა ამბობს, რომ ის ლიბერალური ღირებულებების მატარებელია.
კვლევებით ირკვევა, რომ 2022 წლის შუალედურ არჩევნებზე, „თაობა ზი“-სთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რის გამოც ისინი არჩევნებზე მივიდნენ და ხმა მისცეს. მათ შორის არის კლიმატის ცვლილებები, საჯარო განათლების საკითხები და აბორტი.
„შესაძლოა ახალგაზრდა ამომრჩევლები ნაკლებად იყვნენ აფილირებულები რომელიმე პარტიასთან. ისინი უფრო ხშირად აძლევენ ხმას იმის მიხედვით, თუ როგორია მათი დამოკიდებულება კონკრეტული საკითხის მიმართ,“- ამბობს ანალიტიკოსი ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტიდან, ჯონ ვიჰბი.
შუალედური არჩევნები ამერიკაში ერთგვარი რეფერენდუმია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2 წლის თავზე იმართება. ხშირად მიჩნეულია, რომ საპრეზიდენტო პარტია მარცხდება და კონტროლს კარგავს კონგრესის ორივე პალატაზე, ან ერთზე მაინც. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსები ამ არჩევნებს ხშირად „შუალედურ წყევლად“ მოიხსენიებენ.
Your browser doesn’t support HTML5
წელს არჩევნებამდე იყო პროგნოზი, რომ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს, დიდი უპირატესობით, რესპუბლიკელები მოიპოვებდნენ. თუმცა, ასე არ მოხდა. დემოკრატებმა დაკარგეს კონტროლი პალატაზე, თუმცა რესპუბლიკელთა უპირატესობა მცირეა. სენატზე კი კონტროლის მოპოვება რესპუბლიკელებმა ვერ შეძლეს და კონტროლი დემოკრატებმა შეინარჩუნეს. ერთი ადგილი კი ვაკანტურია. ჯორჯიის შტატში მეორე ტურისთვის ემზადებიან, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ არჩევნების მოსალოდნელი შედეგების ცვლილება სწორედ „თაობა ზის“ უკავშირდება.
„ვფიქრობ შედეგები ადასტურებს, რომ ახალგაზრდა ამომრჩევლების როლი დიდი იყო ისეთ შტატებში, რომლებიც მკვეთრად არც რესპუბლიკური და არც დემოკრატიულია,“- ამბობს ანალიტიკოსი ჯონ ვიჰბი.
სამოქალაქო სწავლებისა და ჩართულობის შესახებ ინფორმაციისა და კვლევის ცენტრის ადრეული მონაცემებით, წელს არჩევნებში 18-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანების 27 %-მა მიიღო მონაწილეობა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობის კუთხით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია .
Your browser doesn’t support HTML5
ვიჰაბი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ „თაობა ზი“ სხვა თაობებისგან ბევრი მიმართულებით განსხვავდება. ერთ-ერთი ისაა, რომ ისინი ახალ ამბებს ტრადიციული წყაროებიდან არ იღებენ, - იქნება ეს გაზეთები თუ ტელევიზია. მისი თქმით, ახალგაზრდები ინფორმაციას ეცნობიან სოციალურ ქსელებში, რომელსაც ანალიტიკოსი გაფილტრულ ინფორმაციად მოიხსენიებს და განმარტავს, რომ შესაძლოა ეს იყოს მიზეზი, რამაც ახალგაზრდები პოლიტიკის მიმართ, წინა თაობებთან შედარებით, უფრო დაინტერესებული გახადა.
„ისინი [თაობა ზი] მრავალფეროვნებასა და თანასწორობას შეჩვეულები არიან. შესაბამისად, ამ საკითხს ისინი ყურადღებით აკვირდებიან,“- ამბობს ჯონ ვიჰაბი.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი თაობა არ უჭერს მხარს რადიკალიზმს, ეცნობიან ორივე მხარის მოსაზრებებს და სურთ იპოვონ გზა, საერთო ენის გამოსანახად.
სტატია მომზადებულია დორა მაკურის მიერ.