კურსკში რუსეთმა უკრაინულ ძალებზე იერიშები მიიტანა

კურსკის რეგიონში რუსეთმა უკრაინულ ძალებზე იერიშები მიიტანა და როგორც ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ამით უკრაინელთა წინსვლის შეჩერება შეძლო.

13 აგვისტოს გამთენიისას რუსული ძალები თავს დაესხნენ უკრაინულ პოზიციებს, ოპერაციაში ცოცხალი ძალა, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვადასხვა ტიპის რაკეტები გამოიყენეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები სადაც ჩანს, რომ "სუ34"-ებით რუსულ ძალებს უკრაინულ პოზიციებზე მიაქვთ იერიშები.

„მტრის უკონტროლო ლაშქრობა უკვე შეჩერებულია“, - წერს ჩეჩნეთის ახმატის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური გენერალ-მაიორი აფტი ალაუდინოვი და ამატებს, რომ „მტერმა უკვე იცის, რომ ბლიცკრიგმა, რომელიც დაგეგმეს, არ გაამართლა“.

რუსი სამხედრო ბლოგერების ნაწილი ამბობს, რომ უკრაინული ჯარი რუსეთის ტერიტორიებზე პოზიციების გაუმჯობესებას და კონტროლირებული არეალის გაფართოებას ცდილობს, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ რეგიონში რუსული ჯარის რაოდენობა იზრდება, რაც ხელს უშლის უკრაინელთა წინსვლას.

ასევე ნახეთ: „რთული ვითარება“ კურსკში - რუსულ სოფლებში უკრაინის დროშები ფრიალებს

უკრაინულმა ძალებმა რუსული საზღვარი ზუსტად ერთი კვირის წინ გაარღვიეს და კურსკის რეგიონში 30-მდე რუსულ სოფელზე კონტროლი მოიპოვეს. მიუხედავად რუსეთის ძლიერი იერიშებისა, როგორც ჩანს, უკრაინა კვლავ აკონტროლებს 28 სოფელს.

კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსეი სმირნოვი ამბობს, რომ უკრაინული ძალები კვლავ რჩებიან საზღვრისპირა რეგიონის 28 სოფელში. მისივე თქმით, ეს მოიცავს ტერიტორიას საზღვრიდან კურსკის რეგიონის სიღრმეში 12 კილომეტრს და სიგანეში 40 კილომეტრს.

12 აგვისტოს ღამით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა კი თქვა, რომ უკრაინული ძალები აკონტროლებდნენ რუსული ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს, რაც ორჯერ აღემატება სმირნოვის გავრცელებულ ინფორმაციას. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ დამოუკიდებლად ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო.

ასევე ნახეთ: „ბრწყინვალე“ და „გაბედული“ ამერიკელი სენატორი რუსეთში უკრაინის შეჭრაზე

ამ დროისთვის უცნობია ისიც, თუ ვინ აკონტროლებს ქალაქ სუჯას, სადაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზის სატრანზიტო კვანძია განთავსებული. დღეში აქ საშუალოდ 43 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზი გაედინება, რომელიც უკრაინის გავლით ევროპაში ჩადის.

“გაზპრომი” - რუსეთის სახელმწიფო სააგენტო - ადასტურებს ინფორმაციას, რომ სუჯადან უკრაინის გავლით ევროპის გაზით მომარაგებას განაგრძობს.

რუსეთი უკრაინულ ძალებზე იერიშის პარალელურად კურსკის და ბელგოროდის რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას განაგრძობს, ბრიტანული "როიტერი" წერს, რომ უკრაინის შეჭრიდან ერთი კვირის თავზე რუსეთმა 200 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ მისი სურვილია ომი "აგრესორის მიწაზე" გადავიდეს.

ასევე ნახეთ: პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის ძალებს სასაზღვრო რეგიონიდან განდევნის

12 აგვისტოს, დღის მიწურულს, მოსახლეობისადმი მიმართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და პარალელი გაავლო 2000 წელს ჩაძირულ რუსულ ატომურ წყალქვეშა გემ K-141 “კურსკსა” და რუსეთის რეგიონ კურსკს შორის.

„24 წლის წინ, “კურსკის” კატასტროფა მოხდა, [ეს იყო] პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. ახლა უკვე ვიცით რა იქნება მისი ბოლო - ისევ კურსკი. ასე ემართება ყველას, ვისაც სძულს ადამიანები და წესები. რუსეთმა ომი მოუტანა სხვებს და ახლა ომი სახლში ბრუნდება“, - თქვა ზელენსკიმ.

მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. დაღუპული ან დაჭრილი მებრძოლების, ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას, ტრადიციულად, არც კიევი და არც მოსკოვი არ ასაჯაროებენ.