ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები განსხვავებულ განწყობას ქმნიან - იმოქმედებს ეს არჩევნების ბედზე?


დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობენ, თუმცა მათი აქცენტები განსხვავებულია არამხოლოდ თემატურად, არამედ - განწყობითაც. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში პირველი საჯარო გამოსვლისას, დემოკრატმა ტიმ ვოლცმა კამალა ჰარისს მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ სარბიელზე "ხალისის" დაბრუნებისთვის, ჰარისმაც თავის მხრივ საკუთარი თავი და მისი თანამებრძოლი "მხიარულ მეომრებად" მოიხსენია.

დონალდ ტრამპმა კი, რამდენიმე დღის შემდეგ, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული პრესკონფერენცია უახლოესი მომავლის ბნელი სურათის დახატვით დაიწყო. თქვა, რომ ქვეყანას "ბევრი ცუდი რამ ელოდება" და განმარტა, რომ ამერიკას 1929 წლის "დიდი დეპრესიის" შემდეგ არნახული მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი და შესაძლოა კიდევ ერთი მსოფლიო ომიც ემუქრებოდეს.

"ვფიქრობ, ახლა ჩვენი ქვეყანა ყველაზე საშიშ პოზიციაშია, როგორშიც ოდესმე ყოფილა, როგორც ეკონომიკური, ისე - უსაფრთხოების თვალთახედვით", - თქვა ტრამპმა გასულ ხუთშაბათს.

დემოკრატები კი თითქოს პირიქით, ცდილობენ ამომრჩევლის წახალისებას და დადებით მოტივირებას. თუმცა, ტრამპის კამპანიის მეთაურები ამბობენ, რომ მათი კანდიდატი ქვეყანაში არსებულ განწყობას გამოხატავს და კამპანიის "ხასიათი" პრეზიდენტობის ბედს ვერ გადაწყვეტს.

"ასოშეითედ პრესის" და NORC ცენტრის გამოკითხვებით, გასულ თვეში, ამერიკელთა ორი მესამედი ამბობდა, რომ ძალიან ან გარკვეულწილად პესიმისტურად იყო განწყობილი ამერიკის პოლიტიკის მდგომარეობით. გამოკითხული 10-იდან, თითქმის 7 ადამიანი ამბობდა, რომ ქვეყანა მცდარი მიმართულებით მიდიოდა. დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უფროსი მრჩეველი ჯეისონ მილერი ამბობს, რომ ხალხს "განწყობის შემოწმება" არ სჭირდება.

"ეს არ გახდის ბენზინს ან ცხოვრების ხარჯებს უფრო იაფს", - თქვა მილერმა.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ ვოლცის შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ესეც გამხდარიყო - მისი დადებითი მიდგომები და კარიერა, სკოლის გუნდის მწვრთნელობიდან, საყოველთაო არჩევნებამდე. ზოგის აზრით, ჯო ბაიდენის ასაკის თაობაზე მზარდი წნეხის შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატად ქცეულ კამალა ჰარისს ეს ერთგვარ ენერგიულ სტარტს უხანგრძლივებს.

ვიცე-პრეზიდენტად დასახელების შემდეგ პირველი კვირის განმავლობაში, ვოლცმა კამალა ჰარისთან ერთად ე.წ. მერყევ შტატებში იმოგზაურა და ერთმანეთის დახმარების, "ხელის გაწვდენის" და უკეთესი მომავლის იმედზე ბევრი ისაუბრა. ჰარისი-ვოლცის კამპანიაში კვლავ ხშირად იმეორებენ პრეზიდენტ ბაიდენის ოპტიმისტურ სლოგანებს და ვოლცი ამბობს, რომ "ღიმილი დაცინვაზე ძლიერია". თუმცა, ჰარისი კვლავ ხშირად ამბობს, რომ დონალდ ტრამპი დემოკრატიისთვის საფრთხეა, რომ ის ადამიანთა ზოგიერთ უფლებაზე "დრაკონულ შეზღუდვებს" დააწესებს და კონსერვატორი რესპუბლიკელების "პროექტ 2025"-ის გეგმებს განახორციელებს. დემოკრატი კანდიდატები ხაზს უსვამენ დონალდ ტრამპის სამართლებრივ გამოწვევებს და იმას, რომ ზოგიერთ საქმეში ის დამნაშავედაა ცნობილი.

დონალდ ტრამპის გუნდი კი ამბობს, რომ კამპანია მხოლოდ რეალობას ასახავს და რომ მოსახლეობას აშფოთებს ეკონომიკის ბედი, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე არსებული ვითარება, არეულობა ახლო აღმოსავლეთში და სხვა საკითხები. კამპანიის მრჩევლის თქმით, დემოკრატთა მხარეს ეს დროებითი აღტაცებაა კანდიდატების თაობაზე ხანგრძლივი უკმაყოფილების და გაურკვევლობის შემდეგ, რესპუბლიკური კანდიდატები კი ქვეყნის განწყობას გამოხატავენ. ტრამპი ამბობს, რომ თუ ის პრეზიდენტი არ გახდება, "ჩვენ ქვეყანაც კი აღარ გვექნება" და რომ ერთადერთი რამ, რაც ამერიკელების "სრულ განადგურებას" ხელს შეუშლის, თავადაა. ჰარისის ადმინისტრაცია კი, მისი თქმით, სოციალურ უზრუნველყოფას გაანადგურებს, გარეუბნებს კი "მოძალადე კრიმინალები და უცხოელთა ბანდები" გადათელავენ.

დონალდ ტრამპი იმასაც ამბობს, რომ თავად თავდაჯერებას, კეთილდღეობას, დაცულობასა და იმედს სთავაზობს ამერიკელებს - ყველა რელიგიის, რასისა და წარმომავლობის მოქალაქეებს. თუმცა, იმას იმეორებს, რომ ამერიკას "ცუდი ამბები ელოდება".

ვოლცისგან განსხვავებით, ბრაზიანი გზავნილები აქვს ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს. "ახლა მე ვბრაზობ იმაზე, რა უქნა კამალა ჰარისმა ამ ქვეყანას და ამერიკის სამხრეთ საზღვარს. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას შეუძლია ზოგჯერ რაღაცით გაიხაროს, ბედნიერად და იღბლიანად იგრძნოს თავი. მაგრამ, როცა ახალ ამბებს ეცნობიან, იაზრებენ, რაც ამ ქვეყანაში ხდება, უღირსობაა", - თქვა ვენსმა.

XS
SM
MD
LG