ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი, არჩევნებში ჩარევის შესახებ, აშშ-ის ბრალდებებს უარყოფს


სამშაბათს კრემლმა უარყო, ამერიკის დაზვერვის მტკიცება, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს და განაცხადა, რომ ამერიკელი ჯაშუშები რუსეთის მტრად გამოცხადებას აპირებენ. კრემლში ამერიკის ბრალდებას "აბსურდულს" უწოდებენ.

ამერიკის სადაზვერვო სამსახურში ამბობენ, რომ რუსეთი რჩება „განსაკუთრებულ საფრთხედ“ და რომ მოსკოვი იყენებს ინსტრუმენტების კომპლექსურ არსენალს ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად და განხეთქილების დასათესად.

„რაც შეეხება ამ ბრალდებებს, ისინი აბსურდულია და ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მათ“, - თქვა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ვაშინგტონიდან გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით.

„ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბევრი ასეთი განცხადება იქნება, რადგან რუსეთი და პირადად რუსეთის სახელმწიფოს მეთაური არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებსაც რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც იყენებენ თავიანთი პოლიტიკური ბრძოლის დროს, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიაში“, - თქვა პესკოვმა.

ვლადიმირ პუტინს ჯერ არ გაუკეთებია საჯარო კომენტარი ჯო ბაიდენის საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ.

პუტინი წარსულში ამბობდა, რომ რუსეთისთვის უმჯობესია, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყოს, ვიდრე დონალდ ტრამპი. კრემლი ფრთხილია კამალა ჰარისის მიმართ გაკეთებულ განცხადებებში და ამბობს, რომ რომ ვიცე-პრეზიდენტს, არამეგობრული რიტორიკის გარდა, მოსკოვთან ურთიერთობებში რაიმე შესამჩნევი წვლილი არ მიუძღვის.

XS
SM
MD
LG