აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, 29 ივლისს, უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა, - ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ეს მოიცავს 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას საპრეზიდენტო ფონდიდან. პაკეტი ითვალისწინებს დამატებით შესაძლებლობებს, მათ შორის: საჰაერო თავდაცვას, საბრძოლო მასალებს სარაკეტო სისტემებისა და არტილერიისთვის; და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.
„ეს მოიცავს პრეზიდენტის ფონდიდან პაკეტს, რათა უკრაინას მიაწოდოს ძირითადი შესაძლებლობები მისი ბრძოლისთვის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის ჩამჭრელები, საბრძოლო მასალა აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS-ებისთვის, არტილერია და ნაღმები, ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და სხვა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი", - განუცხადა თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სპიკერმა, კირბიმ ჟურნალისტებს.
გარდა ამისა, პენტაგონი აცხადებს მხარდაჭერის მნიშვნელოვან პაკეტს, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფონდებიდან, დაახლოებით, 1,5 მილიარდი დოლარის გამოყენებით. ეს პაკეტი მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის, შორ მანძილზე საცეცხლო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის შესაძლებლობებს, ასევე დაფინანსებას შეერთებული შტატების მიერ ადრე მიწოდებული აღჭურვილობის შესანარჩუნებლად.
კირბის თქმით, ამ პაკეტის მიზანია გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა.
"ეს პაკეტი მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის, შორ მანძილზე საცეცხლო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გაძლიერებულ შესაძლებლობებს და შეერთებული შტატების მიერ ადრე მიწოდებული აღჭურვილობის შენარჩუნებას", - თქვა კირბიმ.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ “შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას 50-მდე მოკავშირესთან და პარტნიორთან ერთად, რათა უკრაინის მამაცმა მცველებმა მიიღონ კრიტიკული შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად”.
შეერთებულმა შტატებმა, 2022 წლიდან, უკრაინას 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.
"ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ლიდერობისთვის და მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!", - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში.
Facebook Forum