კრემლი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული სარგებლის უკრაინის დასახმარებლად გამოყენება "ქურდობაა" და ის ევროკავშირს სამართლებრივი ზომების მიღებით ემუქრება.
ევროკავშირის პირველმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა ორშაბათს თქვა, რომ უკრაინა გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული პროცენტის ოდენობას - 1.4 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარების სახით აგვისტოს დასაწყისში მიიღებს.
"ასეთი ქურდული ქმედებები არ შეიძლება საპასუხო ქმედების გარეშე დარჩეს", - თქვა კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა. "ეს ფული არათუ მოპარულია, არამედ იარაღის შესასყიდად იქნება გამოყენებული", - ამბობს ის.
"აუცილებლად შევიმუშავებთ სამართლებრივ გზას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებაში არიან ჩართულნი, რადგან ეს არის საერთაშორისო სამართლის და ქონებრივი უფლებების პირდაპირი დარღვევა", - ამბობს პესკოვი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ტრანზაქციები აკრძალეს, დასავლეთის ქვეყნებში შენახული რუსული აქტივები კი, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება, დაბლოკეს. ევროკავშირის ქვეყნები ამ გაყინულ აქტივებზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს ახლა უკრაინის დასახმარებლად იყენებენ, რასაც მოსკოვი აქტიურად აკრიტიკებს.