ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Reuters: გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახევრებას აპირებს


გერმანია გეგმავს, მომავალ წელს უკრაინისთვის მიწოდებული მისი სამხედრო დახმარება გაანახევროს, მიუხედავად შეშფოთებისა, რომ შესაძლოა კიევისთვის ამერიკული დახმარება შემცირდეს თუ რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება.

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც სააგენტო „როიტერმა“ იხილა, უკრაინისადმი გერმანიის დახმარება 2025 წელს 4 მილიარდ ევრომდე შემცირდება. 2024 წელს დახმარება 8 მილიარდ ევროს შეადგენდა.

გერმანია იმედოვნებს, რომ უკრაინა შეძლებს სამხედრო ხარჯების უმეტესი ნაწილი დაფაროს იმ 50 მილიარდიანი სესხით, რომლის წყაროც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული სარგებელია და "დიდი შვიდეულის" მიერაა დამტკიცებული. გერმანია ასევე იმედოვნებს, რომ შეიარაღებისთვის უკვე გამოყოფილი სახსრები სრულად არ იქნება გამოყენებული.

ვაშინგტონი ეცადა რომ უკრაინას სესხის მეტი წილი ახლავე მიეცეს. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ევროკავშირის ლიდერები ამ იდეას დათანხმდნენ ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის დაფინანსების ნაკლებობის შანსი შემცირდეს.

ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორ ვენსის შერჩევამ ევროპაში ბევრი შეაშფოთა, რადგან ვენსი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების წინააღმდეგია და მან ევროპა გააფრთხილა, რომ კონტინენტის დაცვის საქმეში შეერთებულ შტატებს ნაკლებად უნდა დაეყრდნონ.

ადრე ტრამპმა დასავლელი ოფიციალური პირების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია, როდესაც მიანიშნა, რომ შესაძლო იქნებოდა არ დაეცვა ქვეყნები, რომლებიც ტრანსატლანტიკური ალიანსის თავდაცვითი ხარჯების მინიმუმსაც არ ფარავდნენ და რუსეთს წააქეზებდა კიდეც მათ თავს დასხმოდა. დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებს ალიანსის წევრებს იმის გამო, რომ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ს არ ხარჯავენ. ამისთვის კონკრეტულად გერმანიასაც ხშირად აკრიტიკებდნენ.

XS
SM
MD
LG