ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერი უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებს


საფრანგეთის ულტრამემარჯვენეების ლიდერმა ჯორდან ბარდელამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას დაიცვას თავი რუსეთისგან, მაგრამ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში ის არ მისცემს კიევს იმ შორი რადიუსის რაკეტებს, რომლებიც მას რუსეთის ტერიტორიის დარტყმის საშუალებას მისცემს.

მან ასევე თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას დაიცავს საფრანგეთის ვალდებულებებს ნატოს სამხედრო ალიანსის მიმართ.

ბარდელას ეროვნული მოძრაობის (RN) პარტია გამოკითხვებში 30 ივნისისა და 7 ივლისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ ლიდერობს, რამაც საგარეო პოლიტიკის თაობაზე გააჩინა კითხვები: რა მოხდება, თუ ისინი მთავრობის შესაქმნელად საკმარის მანდატებს მოიპოვებენ.

„მინდა, რომ უკრაინას ჰქონდეს საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ფრონტის დასაცავად, მაგრამ ჩემი წითელი ხაზი არ შეიცვლება, რომელიც შეეხება აღჭურვილობას, რასაც შეიძლება მოჰყვეს ესკალაციის შედეგები აღმოსავლეთ ევროპაში“, - განუცხადა ბარდელამ ჟურნალისტებს.

„და ამიტომ, მე არ ვაპირებ [უკრაინას] გავუგზავნო განსაკუთრებით, შორი რადიუსის რაკეტები ან სხვა იარაღი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს მიიტანოს იერიშები რუსეთის ტერიტორიის შიგნით. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება - ეს არის უკრაინის მხარდაჭერა და ყველანაირი რისკის თავიდან აცილება”, - თქვა მან.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ RN-ი საფრანგეთის მთავრობას ჩამოაყალიბებს, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად და საფრანგეთის არმიის მეთაურად დარჩება. ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას კი პრეზიდენტი განსაზღვრავს.

მაგრამ კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრს ასევე ანიჭებს როლს თავდაცვის კუთხით, სადაც ძალაუფლების დაყოფა შედარებით ბუნდოვანია.

მაკრონი არჩევნებში მისი პარტიის წარუმატებლობის შემთხვევაში დაკარგავს კონტროლს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგზე, მათ შორის - ეკონომიკურ პოლიტიკაზე, უსაფრთხოებაზე, იმიგრაციაზე და ფინანსებზე, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს სხვა პოლიტიკაზეც, როგორიცაა უკრაინის დახმარება, რადგან მას დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა საფრანგეთის წლიური ბიუჯეტის სახით ნებისმიერი ნაბიჯის დასაფინანსებლად.

ბარდელამ ასევე განაცხადა, რომ იგი დაიცავს საფრანგეთის ვალდებულებებს თავისი პარტნიორების მიმართ, მათ შორის თავდაცვის ხარჯების გაზრდის კუთხით.

”მე არ ვაპირებ საფრანგეთის მიერ აღებული ვალდებულებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას საერთაშორისო დონეზე, რადგან არსებობს სანდოობა ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ისევე, როგორც ჩვენი ნატოს მოკავშირეების მიმართ,” - თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG