ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატები: ნატოს წევრები უკრაინისთვის 40-მილიარდიან დახმარებაზე შეთანხმდნენ


ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს უკრაინას 40 მილიარდი ევროს (43 მილიარდი დოლარის) ოდენობის სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფენ. ეს ინფორმაცია 3 ივლისს, სააგენტო "როიტერს" ალიანსის ორმა ევროპელმა დიპლომატმა დაუდასტურა.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია საიუბილეო, 75-ე სამიტისთვის ემზადება. ვაშინგტონში, ალიანსის დაფუძნების ადგილზე, ნატოს ლიდერები და მიწვეული სტუმრები სულ რამდენიმე დღეში შეიკრიბებიან და რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინის დახმარებაზე იმსჯელებენ.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აქამდეც აცხადებდა, რომ მან სთხოვა მოკავშირეებს, ეკისრათ მრავალწლიანი ვალდებულება, რათა სამხედრო დახმარება კიევისთვის სამომავლოდ ერთ დონეზე შენარჩუნდეს. 2022 წელს, მეზობელ სუვერენულ უკრაინაზე რუსეთის განმეორებით თავდასხმის და ამჯერად იქ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დასავლური ალიანსი კიევს წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდი ევროთი ეხმარება.

დიპლომატები საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" ამბობენ, რომ წევრი ქვეყნები მრავალწლიან ვალდებულებაზე ჯერჯერობით არ შეთანხმებულან. თუმცა, ამ საკითხზე ისინი მომდევნო სამიტებზე იმსჯელებენ და შესაძლოა კონსენსუსს მიაღწიონ კიდეც.

ნატოში შემავალი სახელმწიფოები ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ მომავალი წლის დახმარებასთან დაკავშირებით, ორი ანგარიში მომზადდება. დოკუმენტები განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერის ტიპს და მათ შორის ტვირთის გაზიარების კუთხით, სრულიად გამჭვირვალე იქნება.

გასულ თვეში, ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ალიანსი მეტ პასუხისმგებლობას იკისრებს და შეერთებული შტატების ნაცვლად, თავად გაუწევს კოორდინაციას დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის განსაზღვრულ სამხედრო დახმარებას. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს გარკვეულწილად იმის გამოც ხდება, რომ ამერიკაში შესაძლოა პრეზიდენტად ნოემბერში დონალდ ტრამპი აირჩიონ, ნატოსადმი შედარებით კრიტიკულად განწყობილი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი ალიანსს და მის იმ წევრებს, რომლებიც თავდაცვაზე საკმარის თანხებს არ ხარჯავდნენ, ხშირად აკრიტიკებდა და იმასაც ამბობდა, რომ ნატომ "საკუთარი თავი ამოწურა".

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, კიევის დახმარებას სათავეში ვაშინგტონი უდგას. შეერთებულმა შტატებმა თანამოაზრეები 2022 წელსვე გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე შეკრიბა და მას შემდეგ, იქ უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, შეხვედრებს რეგულარულად მართავს. ე.წ. რამშტაინის ფორმატით მომუშავე ქვეყნების რიცხვი ახლა უკვე 50-ს აღწევს.

დასავლელი დიპლომატების განმარტებით, პოლიტიკური ფორუმის სახით, რამშტაინის ჯგუფი ფუნქციონირებას კვლავაც გააგრძელებს. თუმცა, ნატო სამხედრო მიმართულებას გადაიბარებს და კოორდინაციას გაუწევს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებასა და უკრაინელთა წვრთნებს.

ეს სვლა უკრაინის დახმარებას ერთგვარ "ტრამპგაუმტარობას" მიანიჭებს, აღნიშნავენ ნატოს დიპლომატები. მაგრამ, ისინი იმასაც უსვამენ ხაზს, რომ ვინაიდან ვაშინგტონი ალიანსში დომინანტურ როლს თამაშობს, ამ ნაბიჯის ეფექტიანობა შესაძლოა სამომავლოდ შეზღუდული აღმოჩნდეს.

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები და ნატო
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:22 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG