ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ თანამემამულეებს მიმართა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ეს კვირას, ამ რანგში მისი ბოლო მიმართვა იყო. ქვეყნის მმართველობას, ორ დღეში, ახალი მთავრობა გადაიბარებს. რუტე კი, შემოდგომიდან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი გახდება.
"კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს ნაწილია. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე მარტონი. განსაკუთრებით კი ახლა" - თქვა 57 წლის რუტემ.
14 წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის შემდეგ, რუტეს შეთანხმებებისა და კონსენსუსის მიღწევაში გამოცდილ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დახმარება მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის უკრაინაში და უსაფრთხოებისთვის თავის ქვეყანაში.
ახალი მთავრობა, რომელიც ქვეყნის მართვის სადავეებს სამშაბათს გადაიბარებს, კიევის დახმარების გაგრძელების პირობას დებს. თუმცა, გეერტ უაილდერსს, ულტრა-მემარჯვენე ლიდერს, რომლის პარტიამაც გასული წლის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, პრორუსული განცხადებები აქვს გაკეთებული და მის დაწინაურებას კრემლის მხარდამჭერები აქტიურად მიესალმებოდნენ.
რუტე MH17-ის ტრაგედიასაც იხსენებს და ამბობს, რომ 2014 წელს ეს შესაძლოა იყო "ყველაზე მკვეთრი და ემოციური" მოვლენა მისი პრემიერობის განმავლობაში, სამგზავრო თვითმფრინაბი, რომელიც ამსტრდამიდან კუალა ლუმპურში მიემართებოდა აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ, მათ შორის, ნიდერლანდების 196 მოქალაქე. ნიდერლანდების სასამართლომ, 2022 წელს თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში, რუსეთის ორი მოქალაქე და უკრაინის პრორუსი მოქალაქე დაადანაშაულა.
12-წუთიანი მიმართვისას, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ქვეყანაში არსებულ კეთილდღეობას, მშვიდობასა და თავისუფლებას.