ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარკ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე რუმინეთის დასტურიღა სჭირდება


რუმინეთი ბოლო ქვეყანად რჩება, რომელმაც ჰოლანდიელი პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას მხარი უნდა დაუჭიროს. ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ უნგრეთმა კანდიდატურის თაობაზე მისი წინააღმდეგობა უკან წაიღო, სლოვაკეთმა კი მიანიშნა, რომ მისი ქვეყანა რუტეს მხარს დაუჭერს.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრებმა 32 ქვეყანას შორის კონსენსუსის პრინციპით ახალი გენერალური მდივანი უნდა აირჩიონ. იენს სტოლტენბერგი პოსტს ოქტომბერში დატოვებს. შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი - ამ ქვეყნებმა უკვე დაადასტურეს, რომ რუტეს კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.

როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაყოლიებელი მხარე - უნგრეთი - რუტესთვის ხმის მიცემას 18 ივნისს დათანხმდა. ვიქტორ ორბანის თქმით, მან ეს მდივან სტოლტენბერგთან იმ შეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ ნატოს ძალების უნგრელი წარმომადგენლები უკრაინაში არასდროს არც ერთ მისიაში არ მიიღებენ მონაწილეობას და არც უნგრეთის ფინანსების ნაწილი დაიხარჯება ამგვარი აქტივობების მხარდასაჭერად.

"ამ პირობის გათვალისწინებით, უნგრეთი მზადაა მხარი დაუჭიროს პრემიერ-მინისტრ რუტეს კანდიდატურას", - დაწერა ორბანმა "X"-ზე.

18 ივნისსვე, სლოვაკეთის პრეზიდენტმა პიტერ პელეგრინიმ თქვა, რომ მისი ქვეყანა რუტეს მხარდასაჭერად მზადაა.

რუტე ახლა თითქმის უკონკურენტო კანდიდატია. თუმცა რუმინეთს მისი მხარდაჭერა ჯერ არ დაუდასტურებია. არჩევის შემთხვევაში, ის ამ პოსტს 4 წლის ვადით დაიკავებს.

სლოვაკეთის მთავრობამ არაერთხელ გააკეთა პრო-რუსული განცხადებები და ევროკავშირსა და ნატოშიც სლოვაკი პრემიერი უკრაინის დახმარების საკითხს ეწინააღმდეგებოდა. რობერტ ფიცო ვიქტორ ორბანის მსგავსად ნატოში უკრაინის გაწევრიანებასაც საჯაროდ ეწინააღმდეგება. პელეგრინიმ კი, რომელიც ფიცოს მოკავშირედ მოიაზრება, 15 ივნისს სლოვაკეთის პროდასავლელი და უკრაინის მხარდამჭერი პრეზიდენტი ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG