ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალური-მდივნის თანამდებობაზე წამყვანი კანდიდატია


შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ხუთშაბათს მხარი დაუჭირეს ნიდერლანდების პრემიერ მინისტრს მარკ რუტეს, იენს სტოლტენბერგის შემდეგ ნატოს მომავალი გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად. ეს მას წამყვან პოზიციაში აყენებს პოსტზე პრეტენდენტთა შორის. სტოლტენბერგი თანამდებობას ოქტომბერში დატოვებს.

"პრეზიდენტი (ჯო) ბაიდენი მტკიცედ უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრ რუტეს კანდიდატურას ნატოს შემდეგი გენერალური მდივნის თანამდებობაზე", - თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ნატო 1949 წელს ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის საფრთხის შესაკავებლად დაარსდა. ნატო ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო ალიანსია. მისი დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლში გათვალისწინებულია კოლექტიური თავდაცვის პრინციპი – იდეა, რომ ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება თავდასხმად ყველაზე.

ნიდერლანდების ყველაზე ხანგრძლივ ლიდერს, 57 წლის რუტეს თავისი მმართველობის პერიოდში კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბრიტანეთის, ევროკავშირის და აშშ-ის სხვადასხვა ლიდერებთან - მათ შორის დონალდ ტრამპთან.

შაბათ-კვირას რუტემ ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, „შეწყვიტონ ტირილი, წუწუნი და ჩივილი” ტრამპზე და ფოკუსირება მოახდინონ იმაზე, რისი გაკეთებაც შეუძლიათ თავდაცვის გასაძლიერებლად და უკრაინის დასახმარებლად.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისმა განაცხადა, რომ რუტე ნატოს მასშტაბით პატივსაცემი ფიგურაა, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. ფრანგმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ პარიზმა ასევე მხარი დაუჭირა რუტეს. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ასევე მხარს უჭერს რუტეს, განაცხადა მთავრობის სპიკერმა.

ნატოს ლიდერები ინიშნებიან კონსენსუსით, რაც ნიშნავს, რომ 31-ვე წევრი უნდა შეთანხმდეს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

პოლონეთს - ევროპაში მზარდ სამხედრო ძალას - ჯერ არ აქვს პოზიცია, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

რუტეს ხელმძღვანელობით ჰოლანდიის თავდაცვის ხარჯები შემცირდა ფისკალური პოლიტიკის გამკაცრების ფონზე. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნიდერლანდებმა გაზარდა ხარჯები, რითაც თავდაცვის წილი 2024 წელს მშპ-ის დაახლოებით 2%-მდე აიყვანა. რუტე დიდი ხანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსია.

ივლისში რუტემ მოულოდნელად განაცხადა, ჰოლანდიის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, მაგრამ რჩება დროებითი ლიდერის პოსტზე, სანამ კოალიციის მოლაპარაკებები გაგრძელდება 22 ნოემბრის არჩევნების შემდეგ.

სტოლტენბერგი, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნატოს ხელმძღვანელის პოსტს 2014 წლიდან იკავებს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისიანის კარინსმა ასევე გამოხატეს ინტერესი ნატოს გენერალური მდივნის პოზიციის დასაკავებლად, მაგრამ ისინი ოფიციალურად არ არიან წარდგენილნი, როგორც კანდიდატები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG