ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამიტამდე პოლონეთი უკრაინასთან უსაფრთხოების ხელშეკრულების დადებას გეგმავს


უკრაინის და პოლონეთის ლიდერები: ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტუსკი ევროკავშირში გამართულ შეხვედრაზე. ბრიუსელი, ბელგია. 27 ივნისი, 2024 წ.
უკრაინის და პოლონეთის ლიდერები: ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტუსკი ევროკავშირში გამართულ შეხვედრაზე. ბრიუსელი, ბელგია. 27 ივნისი, 2024 წ.

ოფიციალური ვარშავა თითქმის დარწმუნებულია, რომ კიევთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელს მალე მოაწერს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, ეს ვაშინგტონში დაგეგმილ, ნატოს ივლისის სამიტამდე მოხდება. შეერთებული შტატების დედაქალაქში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი 9 ივლისს დაიწყება და 11 ივლისს დასრულდება.

განცხადება უკრაინასთან ხელშეკრულების დადების თაობაზე პოლონეთის პრემიერმა 27 ივნისს გააკეთა. მისი თქმით, ნატოს სამიტამდე ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას ვარშავაში გამართავს.

„თავდაცვის მინისტრთან ერთად, უნდა განვსაზღვროთ, თუ როგორ შევძლებთ უკრაინის დახმარების გაგრძელებას, მაგრამ ჩვენ პოლონეთის თავდაცვით შესაძლებლობათა დასუსტების უფლება არ გვაქვს“, - განუცხადა ტუსკმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, "არსებობს 99%-იანი შანსი იმისა, რომ ჩვენ ამ შეთანხმებას პრეზიდენტ ზელენსკისთან ხელს [სამიტამდე] მოვაწერთ".

ტუსკმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ტექსტი პრაქტიკულად "დასრულებულია". მისი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე დეტალია დასაზუსტებელი და ამისთვის შესაბამისი თუ მართებული სიტყვებია შესარჩევი.

უკრაინასთან მსგავსი უსაფრთხოების ხელშეკრულება უკვე გააფორმა ევროკავშირის ორმა ქვეყანამ. ლიეტუვასთან და ესტონეთთან შეთანხმებას ხელი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, 27 ივნისს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე მოაწერა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG