ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა საფრანგეთში


დღეს, 7 ივნისს, საფრანგეთში ვიზიტით მყოფი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის უკრაინელ კოლეგას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მათ ამერიკის მხრიდან უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა განიხილეს, რათა რუსეთის აგრესიისგან კიევმა თავი უკეთ დაიცვას.

ლიდერებმა ისაუბრეს ომის მიმდინარეობაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, მის სუვერენულ ტერიტორიაზე უკვე მესამე წელია აწარმოებს. ბაიდენი უშუალოდ გაეცნო უკრაინის თავდაცვის ყველაზე სასწრაფო საჭიროებებს.

მათი შეხვედრის წინ, ვაშინგტონმა განცხადება გააკეთა უკრაინისთვის დაახლოებით 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების თაობაზე. მხარდაჭერის უახლესი პაკეტი სხვა სახის დახმარებასთან ერთად, მოიცავს საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვისთვის, ნაღმმტყორცნების, საარტილერიო დანადგარებისა, თუ "ჰაიმარსის" ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის.

ეს არის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი დახმარების მეექვსე ტრანში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა 6-მილიარდიანი დახმარების პაკეტს. თეთრი სახლის განცხადებით, ეს ფაქტი კიევის დახმარების სწრაფი ტემპის დადასტურებას წარმოადგენს.

ბაიდენმა და ზელენსკიმ ასევე განიხილეს უკრაინის სამშვიდობო სამიტი, რომელიც შვეიცარიაში იგეგმება. სამიტზე შეერთებულ შტატებს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი წარმოადგენენ, რომლებიც შვეიცარიაში უკრაინის სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მხარდასაჭერად ჩავლენ. ვაშინგტონი გამუდმებით უსვამს ხაზს უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერის აუცილებლობას, გაეროს ქარტიის შესაბამისად, სახელმწიფო სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპების მიხედვით.

ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა კიევის მიმართ მტკიცე და ურყევია. პრეზიდენტებმა პირობა დადეს, რომ პირდაპირი დისკუსიის გაგრძელების მიზნით, ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს მომავალ დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელიც იტალიაში გაიმართება.

ერთი დღით ადრე, 6 ივნისს, ჯო ბაიდენი ნორმანდიაში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, სადაც დამსწრეთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ძალების გადასხმის (D-Day) 80 წლის იუბილეზე, მან დასავლეთის ძალებს ასევე მოუწოდა, დარჩნენ უკრაინის გვერდით და არ დანებდნენ რუსეთის ტირანიას.

ნორმანდიის ამერიკელ ჯარისკაცთა სასაფლაოზე, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ამერიკელ ვეტერანებთან ერთად გამართულ ცერემონიაზე, ბაიდენმა თქვა, რომ მისთვის „უბრალოდ წარმოუდგენელია“ რუსეთის აგრესიისადმი დანებება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იქვე კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ უკრაინას მხარდაჭერას არ შეუწყვეტს.

XS
SM
MD
LG