ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საფრთხის ფონზე, გერმანია ჯარს 75 000 ჯარისკაცით გაზრდის


გერმანელი ჯარისკაცები ბერლინში, გერმანია. 22 მაისი, 2024 წ.
გერმანელი ჯარისკაცები ბერლინში, გერმანია. 22 მაისი, 2024 წ.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, რომ ნატოს ვალდებულებების შესასრულებლად, არმიაში მინიმუმ 75 000-ით მეტი ჯარისკაცი დასჭირდებათ. რუსეთისგან მზარდი მტრული განწყობის პირისპირ მყოფ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსს, ევროპის კონტინენტზე ახალ რისკებთან უწევს ადაპტაცია.

აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული ჟურნალი "შპიგელი" ავრცელებს. გერმანიას ჯარის რიგების გაზრდის გარდა, ბოლო წლებში ისედაც უწევს თავდაცვის ხარჯების გაფართოება, მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა და ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომი გააჩაღა.

ნატოს ლიდერებმა გასულ წელს ხელი მოაწერეს თავდაცვის ახალ გეგმას, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამ ტიპის პირველი დოკუმენტია. გეგმაში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ უპასუხებს სამხედრო თავდაცვითი ალიანსი რუსეთის თავდასხმას.

ეს ნატოს პოლიტიკაში ფუნდამენტურ ცვლილებაზე მიუთითებს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ალიანსს შექმნილ რისკებთან გამკლავება უმეტესად შინიდან შორს, ავღანეთში, ერაყში და მსგავს ადგილებში უწევდა. ფართოდ გავრცელებული შეხედულებით, პოსტსაბჭოთა რუსეთი ევროპის კონტინენტისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

თუმცა, კრემლის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა ყველაფერი შეცვალა. ნატოს ახალ გეგმებში თითოეულ წევრ ქვეყანას კონკრეტული ვალდებულებები ეკისრება. იქ დეტალურადაა მითითებული, თუ სად უნდა შეივსოს თავდაცვა ცოცხალი ძალით, სად - ამა თუ იმ ტიპის შეიარაღებით და ასე შემდეგ. გამოცემა "შპიგელის" ცნობით, ალიანსის აღნიშნული მოთხოვნები მომდევნო რამდენიმე წელიწადში უნდა დაკმაყოფილდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG