სამშაბათს, 4 ივნისს, კრემლმა განაცხადა, რომ მისთვის გასაგებია, რომ ზოგიერთი ქვეყანა შვეიცარიაში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტზე წასვლას თავს არიდებს. რუსეთის ხელისუფლების თქმით, ამ ღონისძიებას ნათლად ჩამოყალიბებული მიზანი არ აქვს და რომ მისი რუსეთის მონაწილეობის გარეშე ჩატარება, აბსურდია.
უკრაინის განცხადებით, 100-ზე მეტი ქვეყანა და ორგანიზაცია დათანხმდა, რომ 15-16 ივნისს დაგეგმილ სამიტს დაესწროს. მოსკოვი სამიტზე მიწვეული არაა.
"ეს არის აბსოლუტურად აბსურდული აქტივობა",- განაცხადა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, ნათელია, რომ შეხვედრა მიზანზე ორიენტირებული არაა, ამიტომაც ბევრი ქვეყანა არ თანხმდება დასწრებას.
ჩინეთმა, რომელიც რუსეთის მოკავშირეა, უარი განაცხადა სამიტზე დასწრებაზე. ამის შესახებ ინფორმაცია მაშინვე გამოაქვეყნა რუსეთის პარლამენტის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მან ასევე დაწერა, რომ ჩინეთთან ერთად, მიწვევაზე უარი თქვა საუდის არაბეთმაც, თუმცა ქვეყანას ამის შესახებ საჯაროდ არაფერი განუცხადებია.
სამიტი ომის დაწყებიდან მესამე წელს, იმის ფონზე ტარდება, რომ თებერვლიდან მოყოლებული, რუსულმა ძალებმა ნელ-ნელა მოიპოვეს უკრაინული ტერიტორიების ნაწილი.
ბოლო კვირების განმავლობაში, ნატოს რამდენიმე წევრმა ქვეყანამ თქვა, რომ უკრაინას ნებას დართავენ, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ - საზღვრის გასწვრივ თავდასხმისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კი თქვა, რომ ეს გლობალური კონფლიქტის საფრთხეს ქმნის.