ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიაბკოვი: ვაშინგტონი ფატალურ შედეგებს მოიმკის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ამბობს, რომ შეერთებული შტატები "ფატალურ შედეგებს" მიიღებს იმის გამო, რომ მან მოსკოვის გაფრთხილებები უარყო და ვაშინგტონმა უკრაინას უფლება მისცა, რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო სამიზნეებზე დასავლური იარაღით საპასუხო იერიში მიიტანოს.

რიაბკოვმა ამერიკის პრეზიდენტის მიერ, გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებაზე გააკეთა კომენტარი. თეთრი სახლის განცხადებით, უკრაინას ნება დართეს, ხარკივის მახლობლად, რუსული თავდასხმები მოიგერიოს და მასზე საპასუხო იერიში მიიტანოს.

"მე მსურს გავაფრთხილო ამერიკელი ლიდერები ამ არასწორი გათვლის შესახებ, რომელსაც შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყვეს. გაუგებარი მიზეზების გამო ისინი არ აფასებენ საკმარისად იმ საპასუხო წინააღმდეგობის სერიოზულობას, რომელიც მათ შეიძლება მიიღონ", - ამბობს სერგეი რიაბკოვი რუსულ საინფორმაციო სააგენტო "რიასთან" საუბრისას.

გასულ კვირას ამ თემაზე ვლადიმირ პუტინმაც ისაუბრა და თქვა, რომ ნატოს ქვეყნები "ცეცხლს ეთამაშებიან" და უფრო ღრმა, გლობალური კონფლიქტის რისკს ქმნიან. დასავლელი ლიდერების მხრიდან, უკრაინის მხარდამჭერ გაცხადებებს თუ გადაწყვეტილებებს, ხშირად წინ უსწრებს და მოჰყვება ხოლმე, მოსკოვის უკმაყოფილება და გაფრთხილებები კონფლიქტის ესკალაციის თაობაზე.

"მე მოვუწოდებ ამ ფიგურებს (ამერიკაში)... მათი მიდგომის სიმსუბუქით თუ ვიმსჯელებთ, დროის ნაწილი, რომელსაც როგორც ჩანს რაღაც ვიდეო თამაშებზე ხარჯავენ, ჯობს იმაზე დახარჯონ, რომ შეისწავლონ რა თქვა დეტალურად პუტინმა", - თქვა სერგეი რიაბკოვმა.

ვლადიმირ პუტინმა, მისი თქმით, "ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება გამოთქვა და ის უკიდურესი სერიოზულობით უნდა იყოს მიღებული".

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინისთვის რუსეთის სამიზნეებზე დარტყმის ნების დართვით, პირდაპირ ჩაერთვება კონფლიქტში, რადგან ამგვარი თავდასხმების განსახორციელებლად კიევისთვის სატელიტური, სადაზვერვო და სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება აუცილებელი.

XS
SM
MD
LG