ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი პუტინის განცხადებაზე- ახალი არაფერია


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინისთვის დასავლური იარაღის რუსეთზე თავდასასხმელად გამოყენება გლობალურ ესკალაციას გამოიწვევს.

31 მაისს, პრაღაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულუარებში საუბრისას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს მსგავსი გაფრთხილებები ადრეც არაერთხელ გაუგია.

"ახალი არაფერია [პუტინის განცხადებაში]. დიდი ხანია, რაც ნატოს მოკავშირეები უკრაინას უჭერენ მხარს, პრეზიდენტი პუტინი ცდილობს დაგვემუქროს, რომ ეს აღარ გავაკეთოთ... ესკალაციას რაც შეეხება, რუსეთმა შექმნა ესკალაცია სხვა ქვეყანაში შეჭრით", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს დასავლეთს მიმართა და თქვა, რომ "ევროპაში ნატოს წევრები ცეცხლს ეთამაშებიან". პუტინი აფრთხილებს დასავლეთს, არ მისცეს უკრაინას უფლება დასავლური იარაღით რუსეთს დაესხას თავს. პუტინის თქმით, თუ უკრაინა დასავლურ იარაღს ქვეყანაზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ამით გლობალური კონფლიქტის საფრთხე გაიზრდება.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, პუტინი გამუდმებით იმუქრება ხან მსოფლიო, ხან კი ატომური ომით. დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება მოსკოვის ყურადღების ცენტრში რჩება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა "ეკონომისტთან" ინტერვიუში თქვა, რომ ალიანსის წევრებმა უკრაინას ნება უნდა დართონ, დასავლური შეიარაღების გამოყენებით შეუტიოს რუსეთის იმ ტერიტორიებს, საიდანაც უკრაინის წინააღმდეგ იერიშები ხორციელდება. ამ აზრს ნატოს ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, ოფიციალურად აქამდე არ იზიარებდა ამერიკის შეერთებული შტატები.

თუმცა, ანონიმური წყაროების მიხედვით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნება დართო უკრაინას, ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღი ლიმიტირებულად გამოიყენოს რუსეთზე თავდასასახმელად.

ბაიდენის გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეებს ხარკივის რეგიონის საზღვართან, სადაც მოსკოვის მიერ 10 მაისს წამოწყებულმა შეტევამ უკრაინას რამდენიმე სოფელი დააკარგვინა. შეერთებული შტატები კიევისთვის შეიარაღების მიწოდების საქმეში ყველაზე დიდი დონორია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG