რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს დასავლეთს მიმართა და თქვა, რომ "ევროპაში ნატოს წევრები ცეცხლს ეთამაშებიან". პუტინი აფრთხილებს დასავლეთს, არ მისცეს უკრაინას უფლება დასავლური იარაღით რუსეთს დაესხას თავს. პუტინის თქმით, თუ უკრაინა დასავლურ იარაღს ქვეყანაზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ამით გლობალური კონფლიქტის საფრთხე გაიზრდება.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან სრულმასშთაბიანი ომი დაიწყო, პუტინი გამუდმებით იმუქრება ხან მსოფლიო, ხან კი ატომური ომით. დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება გამუდმებით მოსკოვის ყურადღების ცენტრშია.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა "ეკონომისტთან" ინტერვიუში თქვა, რომ ალიანსის წევრებმა უკრაინას ნება უნდა მისცენ რუსეთს - იმ ტერიტორიებს, საიდანაც უკრაინის წინააღმდეგ იერიშები ხორციელდება - დასავლური იარაღით შეუტიოს. ამ აზრს ნატოს ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, არ იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატები.
„მუდმივმა ესკალაციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს ტაშკენტში ვიზიტისას. „თუ ეს სერიოზული შედეგები ევროპაში დადგება, როგორ მოიქცევა შეერთებული შტატები სტრატეგიული იარაღის სფეროში ჩვენი პარიტეტის გათვალისწინებით?... რთული სათქმელია, ნუთუ გლობალური კონფლიქტი სურთ?" - ამბობს ვლადიმირ პუტინი.
პუტინმა თქვა, რომ იმისთვის, რომ უკრაინა რუსეთს შორი დისტანციური იარაღით დაესხას თავს, ამას დასავლური სატელიტის, დაზვერვისა და სამხედრო დახმარება დასჭირდება - ასე რომ, დასავლეთი უშუალოდ იქნება ჩართული ომში. მისი თქმით, უკრაინაში საფრანგეთის ჯარების შესაძლოა გაგზავნაც გლობალური კონფლიქტისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ცოტა ხნის წინ დაადასტურეს, რომ საწვრთნელ ბაზებზე ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები ჩავლენ.