ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თავდასხმა ნატოს წევრზე "ნაკლებად სავარაუდოა", ამბობს ორბანი


ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამწლიანმა სრულმასშტაბიანმა ომმა გამოაჩინა რუსეთის შესაძლებლობების საზღვრები. უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა შიში, რომ რუსეთი ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმება.

„არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთლიანად გადაყლაპოს დასავლური სამყარო... ამის შანსები ძალიან მცირეა“,- ამბობს ორბანი.

უნგრეთის საზოგადოებრივ რადიოსთან საუბრისას, ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს ნატოს შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აღემატება.

„რუსი სამხედროები სერიოზულ და რთულ ბრძოლაში არიან უკრაინალებთან... რუსები რომ საკმარისად ძლიერები ყოფილიყვნენ, ისინი შეძლებდნენ ერთბაშად დაეძლიათ უკრაინული წინააღმდეგობა და ამას უკვე გააკეთებდნენ“,- ამბობს ორბანი უნგრეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში.

უნგრეთის ლიდერი ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და ასევე ცდილობს ხელი შეუშალოს უკრაინისთვის ნატოს გრძელვადიანი დახმარების გეგმას, რომელსაც ბუდაპეშტი „გიჟურ მისიას“ უწოდებს.

ორბანი, რომელიც ნაციონალისტია, ხელისუფლებაში 2010 წლიდან იმყოფება. ის ამბობს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებმა, რომელიც სულ მალე გაიმართება, შესაძლოა განსაზღვროს ომისა და მშვიდობის კურსი ევროპაში.

ბუდაპეშტი შეეცადა წლის დასაწყისში დაებლოკა ევროკავშირის დახმარება უკრაინისთვის, პარალელურად კი თურქეთთან ერთად აფერხებდა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. თუმცა შვედეთთან დადებული შეთანხმების შემდეგ, უნგრეთმა ალიანსის გაფართოებას მხარი დაუჭირა, სხდომა კი სადაც ევროკავშირი უკრაინის დახმარებაზე მსჯელობდა, თავისივე ინიციატივით დატოვა.

ამ და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, უნგრეთს რთული ურთიერთობები აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ორბანი უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან და ჩინეთთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG