რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტის, დონალდ ტრამპის განაცხადებით, ის თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ტელედებატებში, რომელშიც მისი ოპონენტი დემოკრატთა სავარაუდო ნომინანტი, კამალა ჰარისი იქნება. ტრამპი თავიდან უარს ამბობდა მასთან დებატების გამართვაზე.
განცხადება შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, 2 აგვისტოს, საკუთარ სოციალურ მედიის პლატფორმა Truth Social გააკეთა. დებატების ორგანიზატორი ამერიკული ტელეკომპანია "ფოქს-ნიუსი" იქნება და ის 4 სექტემბერს, პენსილვანიის შტატში გაიმართება.
"შევთანხმდით "ფოქს-ნიუსთან", კამალა ჰარისთან დებატებზე, ოთხშაბათს, 4 სექტემბერს", - წერს რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინანტი და იქვე განმარტავს: "დებატები ადრე იყო დაგეგმილი ABC-ზე 'მძინარე' ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, მაგრამ გაუქმდა, რადგან ბაიდენი [არჩევნებში] აღარ მონაწილეობს, მე კი სასამართლო პროცესი მაქვს ABC ქსელისა და ჯორჯ სლოპადოპულოსის წინააღმდეგ, რაც ინტერესთა კონფლიქტს ქმნის".
"ფოქს-ნიუსის" ცნობით, დებატებს ორი მოდერატორი ეყოლება. ესენი არიან საინფორმაციო ტელეარხის ცნობილი წამყვანები: ბრეტ ბეიერი და მარტა მაკკალუმი.
დებატების წესები ტრამპს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის, 27 ივნისს, CNN-ზე გამართული დებატების მსგავსი იქნება. განსხვავება იქნება ის, რომ დებატებს მაყურებელი პირდაპირი ტელეეთერის დროს, დარბაზშიც ეყოლება.
"ფოქს-ნიუსის" თავდაპირველ შეთავაზებას დებატების 17 სექტემბერს გამართვის თაობაზე, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მაშინვე დათანხმდა. მან პარტიის ნომინაციის მოპოვებისთვის აუცილებელი, დემოკრატ დელეგატთა უმრავლესობის მხარდაჭერა 2 აგვისტოს მოიპოვა.
რაც შეეხება ტრამპს, ის ვიცე-პრეზიდენტთან დებატებზე თავიდან უარს ამბობდა, რადგან ჰარისი პარტიის ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი არ იყო. "ასობით მილიონი დოლარი, დრო და ძალისხმევა დავხარჯე ჯოსთან ბრძოლაში და როცა დებატებში გავიმარჯვე, მათ რინგზე ახალი კანდიდატი შემოაგდეს. ეს არაა სამართლიანი, მაგრამ რაცაა, ესაა", - განაცხადა ტრამპმა. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დებატებს მას შემდეგ დათანხმდა, რაც 2 აგვისტოს, ჰარისმა პარტიის დელეგატთა უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.
კამალა ჰარისმა, ოფიციალურ ნომინაცია დემოკრატთა ეროვნულ ყრილობაზე, ე.წ. კონვენციაზე უნდა მიიღოს, რომელიც ჩიკაგოში, ილინოისის შტატში,19-22 აგვისტოს გაიმართება. მანამდე კი, უახლოეს დღეებში მოელიან, რომ ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს.
არ არის გამორიცხული, ეს ორშაბათს, 5 აგვისტოს მოხდეს მას შემდეგ, რაც ჰარისი ამ უქმეებზე რამდენიმე კანდიდატს გაესაუბრება. ვიცე-პრეზიდენტი მომავალი კვირიდან საარჩევნო კამპანიას რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში გააგრძელებს, სადაც შესაძლოა, არჩევნების ბედი გადაწყდეს.
ჰარისი პირველი ფერადკანიანი და სამხრეთ აზიული წარმოშობის ქალი გახდება, ვინც კი შეერთებულ შტატებში წამყვან პარტიას როდესმე კანდიდატად დაუსახელებია. შეერთებულ შტატებში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 100 დღეზე ნაკლები რჩება და კამალა ჰარისიც და რესპუბლიკელთა კანდიდატი დონალდ ტრამპიც ახლა ე.წ. მერყევ შტატებზე ფოკუსირდებიან.
Facebook Forum